Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებს არ აინტერესებთ, რა ხდება მათ სამშობლოში,  ზელენსკი  კი გვეუბნება,...

საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებს არ აინტერესებთ, რა ხდება მათ სამშობლოში,  ზელენსკი  კი გვეუბნება, – გინდა თუ არა, თქვენ, ქართველებს, უნდა გაინტერესებდეთო

საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრად უნდა გადახედოს დამოკიდებულებას უკრაინასთან და იმოქმედოს ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობას სურს და არა ისე, როგორც უკრაინასა დასავლეთს აძლევთ ხელს

253

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი  სანახაობად იქცა. დაცვის მხარე ყველაფერს აკეთებს,  მიშამ ციხე ვადამდე   რომ დატოვოს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ ოფიციალურად წავიდეს. რეალურად კი სააკაშვილს სამკურნალო არაფერი სჭირს; 16 თვეა, გვესმის, რომ ის კვდება, რომ ყოველ დღე 2-3 კილოგრამს იკლებს და… თუ მისი დამცველების  ლოგიკას გავყვებით,  კარგა ხნის მკვდარი უნდა იყოს, მაგრამ  არა – მიშა ზუსტად იმდენ საკვებს იღებს, რომ არ მოკვდეს; წვერს  არ იპარსავს და ცდილობს, ყოველი დისტანციური ჩართვისას  მომაკვდავის როლი გაითამაშოს. დემენციის დიაგნოზი თვითონ სააკაშვილმა გააცამტვერა, როცა დეტალურად გაიხსენა რამდენიმე წლის წინათ მომხდარი ამბები და ეს დაცვისთვის სერიოზული დარტყმა იყო, ამიტომ დემენციას ახლა იშვიათად ახსენებენ.

სააკაშვილის დაცვის მხარეს ყველაზე მეტად დასავლეთი ეხმარება. ამერიკელი დიპლომატები თუ ევროპარლამენტარები ჯიუტად ცდილობენ, ხელისუფლება დაარწმუნონ, რომ სააკაშვილი გაათავისუფლონ, ქვეყნიდან გაუშვან, სასჯელი გადაუვადონ და მერე, როცა  გამოჯანმრთელდება, საქართველოში დაბრუნდება და დარჩენილ ვადას მოიხდის, რაც  ძალიან სასაცილოა. სააკაშვილი რომ დამბრუნებელი არ არის, ყველაზე კარგად სწორედ მათ იციან, მაგრამ არ იმჩნევენ და გვერწმუნეთ, როცა მიშა არ დაბრუნდება და ხელისუფლებას დაცინვასა და კრიტიკას დაუწყებს, მხარს დაუჭერენ: აბა, როგორ გინდათ, ადამიანს აწამებდით და  ამიტომ აღარ ბრუნდებაო. ამერიკელებისა და ევროპელების განცხადებები გასაგებია, მათ ამისთვის სცალიათ, მაგრამ გასაკვირია, რატომ და როგორ პოულობს დროს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილზე სასაუბროდ და მეტიც, მას პრესკონფერენციას უძღვნის.

„არ განვიხილავ საკითხს, რისთვის დააპატირეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამის რა შედეგებია საქართველოს პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილს, დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღე საჯაროდ აწამებენ და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ – იგი მოკლან“, – განაცხადა ზელენსკიმ.  დავიწყოთ იმით, რომ თურმე უკრაინის პრეზიდენტი არ განიხილავს საკითხს, რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. არადა, ყველაზე საინტერესო სწორედ ეს არის. იქნებ იმისთვის დააპატიმრეს, რომ  ერს გენოციდს უწყობდა; რომ მთელი ერი ექსპერიმენტებისთვის მიუგდო დასავლეთს და აკეთებდა ყველაფერს, რათა საქართველოში აღარ დარჩენილიყო ადამიანი, რომელსაც პროტესტი გაუჩნდებოდა და  შეეწინააღმდეგებოდა მას – დიქტატორს, რომელიც ცეცხლსა და სისხლში ახრჩობდა ყველას და ყველაფერს, ვინც და რაც არ მოსწონდა. მის მიერ აწყობილმა სისტემამ შეიწირა ათასობით ადამიანი, უფრო მეტი დააინვალიდა, ბევრი  ყველაფრის გარეშე დატოვა. ეს იყო ტერორისა და დიქტატურის ხანა, რომელსაც ჰყავდა  ერთადერთი მმართველი – მიხეილ სააკაშვილი. ისე, ზელენსკი მაშინ რატომ არ ფიქრობდა სააკაშვილსა და ქართულ პოლიტიკაზე, როცა  2008  წლის ომის პაროდიას აკეთებდა და  სააკაშვილს ათქმევინებდა, –  ჩავისვარეო. იმხანად  სააკაშვილი  ჩასვრილი  იყო და ახლა გახდა გმირი და განმათავისუფლებელი?!  ამას გარდა, უკრაინის პირველმა პირმა სხვა, არანაკლებ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომელზეც, წესითა და რიგით, ჩვენს ხელისუფლებას უმწვავესი რეაქცია უნდა ჰქონოდა.

„ისინი ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ არიან? რადგან რუსეთი ისევე ეპყრობა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ეპყრობა უკვე არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიკითხოთ –  ისინი ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ არიან? თუ, უბრალოდ, უკრაინის წინააღმდეგ  არიან ?“ – აღნიშნა ზელენსკიმ. თურმე საქართველოს ხელისუფლება ცუდად ეპყრობა უკრაინის მოქალაქეებს; იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლიდან დღემდე დახმარებას იღებენ; რომლებიც ნახევარი წლის განმავლობაში საუკეთესო ქართულ სასტუმროებში უფასოდ ცხოვრობდნენ და მერე, როცა მათ სასტუმროების დაცლა მოსთხოვეს, ლამის საპროტესტო აქციები გამართეს. ეს საქართველოში, თორემ ევროპის  ყველა ქვეყანამ 1-2 თვეში დააცლევინა მათ სასტუმროები და დახმარებაც შეუწყვიტა. კიდევ გავიმეორებთ: უკრაინის მოქალაქეები დღემდე იღებენ საქართველოში დახმარებას და, რადგან ზელენსკი ამას ვერ ხედავს და არ აღიარებს, იქნებ დროა, ეს დახმარება შევწყვიტოთ და  ყველა პრივილეგია მოვუხსნათ? უკრაინის მოქალაქეებისთვის არაერთ ქართულ სკოლაში უკრაინული სექტორი გაიხსნა;  პრაქტიკულად ყველა უმაღლესმა სასწავლებელმა ისინი უგამოცდოდ მიიღო სასწავლებელში და შესაძლებლობას აძლევს, განათლება მიიღონ.  ზელენსკი ამას ვერ და არ ხედავს და ამბობს, რომ ცუდად ვექცევით. მოდი, მართლა მოვიქცეთ ჩეხეთივით, გერმანიასავით, ესპანეთივით…უკრაინელებს მოვუხსნათ ყველა პრივილეგია, გავუნულოთ დახმარება, გავაუქმოთ უკრაინული სექტორები სკოლებში, რომლებიც მხოლოდ საქართველოშია (ამის კეთებით არც ერთ ევროპულ ქვეყანას თავი არ შეუწუხებია). გავაძევოთ ქვეყნიდან ის უკრაინელები, რომლებიც, წესით, იარაღით ხელში უნდა იდგნენ, მაგრამ ქართულ რესტორნებში ატარებენ დროს და სულ არ აინტერესებთ, რა ხდება მათ სამშობლოში. ჰო, უკრაინელებს არ აინტერესებთ რა ხდება იქ და ზელენსკი გვეუბნება, – გინდა თუ არა, თქვენ უნდა გაინტერესებდეთო.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ,  რუსეთს არ ჰქონდეს თავდაცვითი მრეწველობის აღდგენის საშუალება. ისინი ამას სხვა სახელმწიფოების მეშვეობით აკეთებენ, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ვერ იპოვონ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ამაში ეხმარება. ჩვენ ვსწავლობთ საკითხს და ამ ქვეყნების ჩამონათვალს დასავლელ პარტნიორებს გავუგზავნით“, – ესეც ზელენსკის სიტყვებია და ეჭვგარეშეა, რომ სიაში საქართველოც იქნება (ან მარტო საქართველო). რატომ გვიწესებს ზელენსკი საქართველოს საგარეო კურსს და რატომ გვკარნახობს, როგორ უნდა მოვიქცეთ, ეს ცალკე საკითხია. მთავარი ის გახლავთ, რომ ის ასე საჯაროდ ვერ და არ გაილაშქრებდა  საქართველოს წინააღმდეგ, რომ არა დასავლეთი. მან ზუსტად იცის, რომ დასავლეთის დავალებას ასრულებს და იცის ისიც, რომ დასავლეთმა გადამწყვეტი იერიში  საქართველოზე მიიტანა და სხვა  ქვეყნების მეშვეობით ახმოვანებს იმას, რასაც თვითონ არ ამბობს. ეს დასავლეთს იმისთვის სჭირდება, რომ მერე  სწორედ ასეთი ქვეყნებისკენ გაიშვიროს ხელი, – ბრალს ჩვენ კი არა, ისინი გდებენო.  რეალურად, დასავლეთი სააკაშვილს კი არა, საქართველოს ვერ თმობს. ევროპასა და ამერიკაში კარგად ხვდებიან, რომ ქართულმა მხარემ რეალური დამოუკიდებლობისკენ გაიწია და თანაც ისე გაიწია, გაჩერებას არ აპირებს. ჰოდა, კურსის შეცვლას და ისევ დასავლეთზე უსიტყვო მორჩილების მოსაპოვებლად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, ზელენსკი კი… „ცოცხალ ძალაში დანაკარგების შესავსებად მტერი საბრძოლო მოქმედებებში პატიმარი ქალების ჩართვას ცდილობს. კვირის განმავლობაში რუსებმა დაახლოებით 50 ქალის რეკრუტირება მოახდინეს ქალების ციხიდან. ასევე ცნობილია, რომ მომზადების გასავლელად ისინი სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს“, – განაცხადა ზელენსკიმ 3 თებერვალს, 4 თებერვალს კი…„ომის 346 დღის განმავლობაში ხშირად მიწევდა იმის თქმა, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა და რომ ვითარება რთულდება. ახლა კვლავ ასეთი დროა. დრო, როდესაც რუსეთი სულ უფრო მეტ თავის ძალას გზავნის, რათა ჩვენი დაცვა გატეხოს. ახლა ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანსა და სხვა მიმართულებებზე“, -ესეც ზელენსკის განცხადებაა.იცით, რა არის საინტერესო? თუ რუსეთს ისე გაუჭირდა, რომ ომში უკვე ქალები მიჰყავს, ვინ უტევს ბახმუტს, უგლედარს, ლიმანსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს?  როგორ გზავნის რუსეთი სულ უფრო მეტ ძალას, როცა თურმე ჯარისკაცები აღარ დარჩა? რეალობა კი ის არის, რომ ზელენსკის  ყველა განცხადებას დასავლეთი უწერს და ისიც, უბრალოდ, კითხულობს. სწორედ ამიტომ მოიცალა სააკაშვილისთვის, სწორედ ამიტომ აკეთებს ყოველდღიურად ერთმანეთს აცდენილ განცხადებებს და შესაძლოა, ხვდება, რომ თვითონ სერიოზულ შარშია, მაგრამ უკან დასახევი გზა  მოჭრილი აქვს.ზელენსკი ან ბოლომდე უნდა დაემორჩილოს დასავლეთს ზუსტად ისე, როგორც ამას თავის დროზე სააკაშვილი აკეთბდა, ან თანამდებობიდან მოისვრიან (საუკეთესო შემთხვევაში), ან ბრმა ტყვია იმსხვერპლებს (უარეს შემთხვევაში) და თანამდებობაზე მოვა, მაგალთად, არესტოვიჩი – ლიბერალების ფავორიტი, რომელმაც საჯაროდ  დაადასტურა პრეზიდენტობის სურვილი და ამით დასავლეთს მიანიშნა, თქვენი მონობისთვის მზად ვარო.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს თავის დამოკიდებულებას უკრაინასთან და იმოქმედოს ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობას სურს, და არა ისე, როგორც უკრაინასა და დასავლეთს აძლევთ ხელს. ყველამ დაივიწყა უკრაინის დროებითი რწმუნებულის განცხადება, საქართველოდან უკრაინელი ლტოლვილების ევაკუაციისთვისაც მზად ვართო, და ხომ არ მიდის ყველაფერი იქით, რომ თითქოს აქ უკრაინელები თავს დაჩაგრულად გრძნობენ და ამისათვის ვინმემ პასუხი უნდა აგოს? ხომ არ არის იმის შესაძლებლობა, რომ დასავლეთმა საქართველოს მეორე ფრონტი არა რუსეთის, არამედ უკრაინის მიმართულებით გაახსნევინოს და მერე თქვას: ხომ ვამბობდით, საქართველო რუსეთის მხარესაა, აგერ, უკრაინას ებრძვისო. დასავლეთმა ზელენსკის შავი ზღვიდან საქართველოზე შეტევა რომ  დაავალოს,  უარს იტყვის? მას უარის თქმა ძალიან, ძალიან გაუჭირდება.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here