Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს სჯიან სამაგალითოდ, რათა სხვა ქვეყნებმა დაინახონ, რომ დასავლეთთან ურჩობა არ შეიძლება

საქართველოს სჯიან სამაგალითოდ, რათა სხვა ქვეყნებმა დაინახონ, რომ დასავლეთთან ურჩობა არ შეიძლება

ოპოზიცია ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ ყველაფერზე წავა და აგერ, ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვეს ბავშვები ¬- მომავალი იმ ქვეყნისა, რომელსაც დასავლურ ფულზე ყიდიან

275

საპარალემტნო უმრავლესობამ უცხოური  გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი  პირველი მოსმენით მიიღო; მას შემდეგ კი, რაც ამ გადაწყვეტილებას ქუჩაში უმართავი პროცესები მოჰყვა, მეორე მოსმენაზე ჩააგდო და ვენეციის კომისიიდანაც გამოიწვია. შედეგად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც შეიძლებოდა მიგვეღო და ყველას და ყველაფერს თავის სახელი დარქმეოდა, ჩავარდა. ჩავარდა საბოლოოდ, რადგან, იმის მიუხედავად, რომ „ოცნების“ ლიდერები ამბობენ, მოსახლეობას შევხვდებით და ავუხსნით, სინამდვილეში რას ვიღებდითო,  აზრი აღარ აქვს.

ბავშვებმა, რომლებმაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყველაფერი გააკეთეს ავტომობილების დაწვით დაწყებული, პოლიციისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით დამთავრებული, იგრძნეს ძალა და იგრძნეს ისე  მძლავრად, რომ სოციალურ ქსელებში გრძელდება მოწოდებები, უმაღლეს სასწავლებლებში აღარ შეუშვან ის ლექტორები, რომლებიც ამ კანონს მხარს უჭერდნენ. საუბარი, ძირითადად, პარლამენტის იმ წევრებზეა, რომლებიც საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევიან და ლექციებს კითხულობენ.

იავარქმნილი რუსთაველი ბოლომდე დალაგებულ-მილაგებული არ იყო, როცა კანადის პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს,  შექმნას სისტემა, რომელიც ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხოეთის  ჩარევის პრევენციას ემსახურება. ანუ, კანადა აპირებს მიიღოს ზუსტად იგივე კანონი, რომელსაც საქართველოში არეულობა მოჰყვა, მაგრამ საქმე ის არის, რომ კანადელებს არავინ ეუბნება, –  ეს კანონი რუსულია, რას აკეთებთ, ავტორიტარიზმისკენ მიდიხართო. ზუსტად იგივე კანონი მიიღო შეერთებულმა შტატებმა 1938 წელს და ეს კანონი დღემდე მოქმედებს. თანაც ამერიკულ ვარიანტში, აგენტების გამოვლენის შემთხვევაში, სასჯელის ზომა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ქართულში იყო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

რა ხდება რეალურად? დიდ ქვეყნებს, ისეთებს, როგორიც კანადა და ამერიკაა, სჭირდებათ ეს კანონი, რათა თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაუშვან უცხო ქვეყნების აგენტების დაფინანსება და ამით სახელმწიფოს უსაფრთხოება უზრუნველყონ. ანალოგიური კანონის არსებობა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, ისეთების, როგორიც საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ევროპის პატარა ქვეყნები არიან, ნიშნავს იმას, რომ ვერც ამერიკა და ვერც ევროპის გავლენიანი სახელმწიფოები ვერ მოახერხებენ თავიანთი აგენტების  დაფინანსებას, ანუ პატარა ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს ეს კანონი არ სჭირდებათ, რადგან მისი მიღების შემთხვევაში… მოხდება ამერიკის მხილება. ჰოდა, ამერიკელებს ეს ყველაფერი რომ განემარტათ, იმას ხომ არ იტყოდნენ, – ამერიკული, ანუ იმ კანონის წინააღმდეგი ვართ, რომელიც ჩვენთან მოქმედებსო,  და კანონს დაარქვეს რუსული. ჰო, რუსეთის ფედერაციაშიც მოქმედებს თითქმის ანალოგიური კანონი და ამიტომ რუსულის დარქმევა ძალიან მარტივად მოხდა.

და ყველაზე მთავარი – მმართველმა ძალამ ვერ უზრუნველყო და პირველ მოსმენამდე, მოსახლეობამდე ვერ მიიტანა ის, რის მიღებაც სურდა. მეტიც – კანონპროექტი ინტერნეტსივრცეშიც კი ძნელად იძებნებოდა და ეს მაშინ, როცა  აღნიშნული კანონპროექტი ყველა ბოძზე უნდა ყოფილიყო გაკრული და ყველას უნდა სცოდნოდა, რას და რისთვის ვიღებდით. საბოლოო ჯამში კი, ისე გამოვიდა, რომ კანონი იმ ადამიანების 98%-ზე მეტს არ ჰქონდა წაკითხული, რომლებმაც გააპროტესტეს. დარჩენილი 2% ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ, ანუ ისინი, ვინც ზუსტად იცოდა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ან ფინანსების გარეშე დარჩებოდნენ, ან აგენტის იარლიყს „აირტყამდნენ“. 24-საათიან რეჟიმზე გადავიდნენ ოპოზიციური სატელევიზიო არხები და გაკვრითაც კი არავის უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, თავის დროზე, ყოველგვარი კანონის მიღების გარეშე დაარბია ტელევიზიები,  დახურა  ათეულობით  გაზეთი; ვინც ვერ გააჩერა, გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან გამოასახლა, პირობები გაუუარესა, გადასახადები გაუზარდა, ანუ ოპონენტები მოაშთო და  ამაზე ამერიკას ხმა არ ამოუღია, ახალგაზრდებს კი იმიტომ არ გაუპროტესტებიათ, რომ პროტესტის შემდეგ მათ მშობლებს დაიჭერდნენ, გაასამართლებდნენ, სამშობლოს ღალატსაც  დააბრალებდნენ. ახლა კი ყველამ ზუსტად იცოდა, რომ არავის არაფერი ემუქრებოდა და გამოჩნდა კიდეც, რომ ისინი მზად იყვნენ, სამართალდამცავები დაეხოცათ. ჰო, დაეხოცათ, რადგან, როცა სპეცრაზმელისკენ „მოლოტოვის კოქტეილს“ ისვრი, ვერ იქნები დარწმუნებული, რომ ვინმე არ დაშავდება ან არ დაიღუპება. ამ ახალგაზრდებმა პოლიციელები სასიკვდილოდ გაიმეტეს,  ევროპამ, ამერიკამ, ოპოზიციის ლიდერებმა, არასამთავრობოებმა და არაერთმა ცნობილმა ადამიანმა კი, უბრალოდ, ტაში დაუკრეს.

სანამ საქართველოში „რუსულ კანონსა“ და დიქტატურას ვაპროტესტებდით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში 120 ფიზიკურ და 287 იურიდიულ პირს 50-წლიანი სანქციები დაუწესა. მან განმარტა, რომ ეს ფიზიკური პირები და იურიდიული კომპანიები ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნიდნენ საფრთხეს, რადგან უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებოდნენო. რა თქმა უნდა, „დემოკრატიის უკრაინულ შუქურას“ ტაში დაუკრეს, შეაქეს, რა კარგი გადაწყვეტილება მიიღეო, და ზუსტად ის ხალხი, რომელიც ზელენსკის აქებდა, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მოგვიწოდებდა, რომ კანონი არ მიგვეღო. ანუ, რისი უფლებაც მისცეს უკრაინას, იმის უფლება არ მოგვცეს ჩვენ. რატომ? პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ უკრაინა რუსეთს ებრძვის, ომშია, ჩვენ კი ომზე უარი განვაცხადეთ და არ ჩავერთეთ ავანტიურაში, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მალე და ფატალურად დასრულდება. სწორედ ეს ვერ აიტანა დასავლეთმა და ახლა, უბრალოდ, გვსჯიან  სამაგალითოდ, ყოველდღიურად, რათა სხვა ქვეყნებმა დაინახონ, რომ დასავლეთთან ურჩობა არ შეიძლება.

სამწუხაროდ,  კანონის ჩავარდნით გამოწვეულ სიმწარეს კიდევ არაერთხელ ვიგემებთ. არასამთავრობო ორგანიზაციები თავის პატრონებს ახლა ორჯერ მეტ თანხას მოსთხოვენ და მიიღებენ კიდეც, ორჯერ მეტი გააფთრებით შეუტევენ ხელისუფლებას, რომელმაც გაბედა  უცხო ქვეყნების აგენტების მხილება.

გაამძაფრეს შეტევა ოპოზიციურმა არხებმა…  მანამდეც გვარიანად გაკოტრებული ოპოზიცია ამ აქციებზე უფრო გაკოტრდა, რადგან ლიდერები ახალგაზრდებმა  მიკროფონთან არ მიუშვეს. რეალურად კი,  კულისებში მდგომი მერაბიშვილის, სააკაშვილის, კეზერაშვილისა და სხვების კარნახით მიდიოდა ყველაფერი და გადამწყვეტ მომენტში სწორედ ოპოზიციური აქტივი აიძულებდა ბეწვის ხიდზე მოსიარულე ახალგაზრდებს, რომ,  „მოლოტოვის კოქტეილების“ გარდა, სხვა რამეც ესროლათ და, ბრბოს პრინციპით, ეს ყველაფერი მოხდებოდა. მერე კი იმ ბავშვებს, რომლებიც „ყველაფერზე წავიდოდნენ“, გვერდით გასწევდნენ და სათავეში მოვიდოდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად თუ არასამთავრობო ორგანიზაციად დაშლილ-გარდაქმნილი „ნაციონალური მოძრაობა“. აფრიკის იმ ქვეყნებში, რომლებშიც ომი დღესაც მიმდინარეობს, იარაღს არასრულწლოვან ბავშვებს აძლევენ, რადგან ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი და ყველაზე მეტ ადამიანს სწორედ ბავშვები ხოცავენ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აფრიკაში თავისი ნებით იბრძვიან ათეული წლების განმავლობაში  და დასავლეთი არაფერ შუაშია, ძალიან ცდება. ჰოდა, აფრიკული სისტემა გამოიყენეს საქართველოშიც და ქუჩაში გამოყარეს ახალგაზრდები, რომლებმაც სამართალდამცავები სასიკვდილოდ გაიმეტეს. ეს ყველაფერი ბოლომდე რომ შერჩეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა (სწორედ მათ, ვისაც ევროპა და ამერიკა აფინანსებს) შსს-ში წერილი აფრინეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ადმინისტრაციული დაკავებიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, დაკავებიდან გათავისუფლების მიუხედავად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს. მოვუწოდებთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს – აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მოვუწოდებთ პროკურატურას, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები;

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების ობიექტური გამოძიება“,- ნათქვამია წერილში.

რას ნიშნავს ეს? დასავლეთი არასამთავრობოების ხელით ცდილობს, არათუ არ დაისაჯოს აქციის რომელიმე მონაწილე, არამედ დაისაჯონ სამართალდამცავები, რომლებმაც თურმე არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. ეს კიდევ უფრო გაზრდის დაუსჯელობის სინდრომის განცდას  და ბავშვი, რომელმაც იცის, რომ არასოდეს დასჯიან, სისასტიკეს უფრო მარტივად ჩაიდენს. ოპოზიცია ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ ყველაფერზე წავა და აგერ, ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვეს ბავშვები – ქვეყნის მომავალი, იმ ქვეყნისა, რომელსაც დასავლურ ფულზე ყიდიან.

ლევან გაბაშვილი                                                                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here