ამჯერად ტერორისტულმა ჯგუფებმა სამიზნეში ლონდონი ამოიღეს. ისინი იარაღად იყენებენ ისლამის ლოზუნგებსა და ატრიბუტებს და ამით არღვევენ ჩვენს წარმოდგენას ისლამზე, როგორც შემწყნარებლურ და ზომიერ რელიგიაზე.
მათი ქმედება გვაიძულებს, დავივიწყოთ, რომ ეს რელიგია იმ ცივილიზაციის მემკვიდრეობაა, რომელიც შექმნეს კაცობრიობის ისტორიის უდიდესმა მოღვაწეებმა _ წინასწარმეტყველმა მუჰამედმა, უდიდესმა ფილოსოფოსმა ალიმ და მათმა თანამოღვაწეებმა: აბუ ბაქრმა და ომარმა. ისინი არასოდეს არავის მოუწოდებდნენ ტერორიზმისკენ. ყველაფერი, რასაც ახლა ლაპარაკობენ, ნამდვილი ცილისწამება და სიცრუეა.
ყურანის ლექსები და ზოგიერთი ჰადისი, რომლებმაც იმ დროიდან ჩვენამდე მოაღწია, ისლამის წარმოშობის პერიოდის ანარეკლია. მისი გავრცელების პირველ ეტაპზე პრობლემების გადასაწყვეტად იმდროინდელი რეალიებისა და მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებდნენ. რაც მაშინ ხდებოდა,არ შეესაბამება იმ რეალობას, რომლებშიც დღეს ვცხოვრობთ. ის, რაც ისლამისგან დაგვრჩა, და ის, რაც მის არსს გამოხატავს, არის ზომიერების, შემწყნარებლობის, სიყვარულისა და ჭეშმარიტი ადამიანობის იდეები.
ამერიკისა და ისრაელის სპეცსამსახურები და მარიონეტული მთავრობები მიიჩნევენ, რომ ლონდონი, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, უნდა აღმოჩნდეს ქრისტიანული და ისლამური ცივილიზაციების კონფლიქტის ცენტრში. ამასთანავე, როგორც ყოველთვის, სიონისტები მთავარ პოზიციაზე დარჩებიან და დათესენ განხეთქილებას, სიძულვილსა და შეუწყნარებლობას, მუსლიმებს კი გამოიყენებენ კონფლიქტის გაჩაღების იარაღად, რომელსაც ბევრი მათგანი შეეწირება კიდეც. ტერორისტები გადაადგილდებიან პარიზს, ბერლინსა და ლონდონს შორის და ყველგან ხოცვა-ჟლეტასა და ტერაქტებს მოაწყობენ. გასაკვირია, რომ ამ დედაქალაქებმა თავიანთი კარები გაუხსნეს ექსტრემისტულ მოძრაობებს, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ძალადობასა და მკვლელობას. დასავლეთის მთავრობების პოლიტიკა, მედიაში მიმდინარე კამპანიები მოწმობს, რომ ოღონდ ფული და იარაღი მიიღონ და მზად არიან, დაივიწყონ ადამიანის უფლებები, თვალი დახუჭონ იმაზე, რომ უშიშროების ორგანოები და სახელმწიფო დაწესებულებები საშუალებას აძლევენ ტერორისტულ დაჯგუფებებს, იმოქმედონ თავისუფლად და დაუსჯელად.
ბრიტანეთის მთავრობამ იცის, რომ ქვეყანაში ცხოვრობს ასეთი დაჯგუფებების ათასობით წევრი, რომლებიც მხარს უჭერენ ექსტრემისტულ იდეებს და საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს დაცულობას.
ამასთან ერთად, ინგლისში იმყოფება უამრავი არაკონტროლირებადი დამნაშავე, რომლებსაც არაფრის ეშინიათ და გაბედულად მოქმედებენ, ხელისუფლება კი არ განახორციელებს თავის მოვალეობას ექსტრემისტების პარპაშის აღსაკვეთად. ექსტრემისტები ის ადამიანები არიან, რომლებსაც სიტყვით და მასმედიის საშუალებით ვერაფერს შეაგონებ, რადგან მათი მიზანია მკვლელობა და ტერაქტები. მათი შეჩერება მხოლოდ ძალის მეშვეობით შეიძლება.
მათი მისია აშკარაა _ დამახინჯებული რელიგიური იდეების გავრცელება, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო არც ისლამთან, არც რომელიმე სხვა რელიგიასთან.
ჰადი ჯილია მარი