ამა წლის 28 მარტს თბილისში ჩატარდა მრგვალი მაგიდა „ახალი მსოფლიო წესრიგი და პალესტინის საკითხი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 25-მდე ქართველმა პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა, ასევე უცხოელმა სტუმრებმა.
ყურადღება გამახვილდა აშშ-ის პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, გაანალიზდა ის მიზეზები, რითაც არის განპირობებული ვაშინგტონის ცალმხრივი მხარდაჭერა ისრაელისადმი და პალესტინის არაბული მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფა. კონფერენციაზე არაერთხელ ითქვა, რომ ღაზას სექტორში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა მთელი მსოფლიოს საზრუნავია და არც ჩვენ გვაქვს მორალური უფლება, განზე გავდგეთ. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური კადრები და მტკიცებულებები, თუ რაოდენ სერიოზულად ირღვევა მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები.
კონფერენციაზე მოხაზულ იქნა საფრთხეების სპექტრი, რომელიც პალესტინაში, ასევე სირიაში არსებული უმძიმესი ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონისათვის, არამედ ამ რეგიონის მოსაზღვრე საქართველოსთვის.
ძირითადი მომხსენებლებიდან გიორგი მდივანმა ისაუბრა პალესტინელ არაბთა წინააღმდეგობის სოციალურ საფუძვლებზე და ისტორიულ ეტაპებზე, გააანალიზა ღაზაში განვითარებული კატასტროფული მოვლენები და ამ მოვლენებზე აშშ-ის ბაიდენის ადმინისტრაციის გავლენა.
გულბაათ რცხილაძემ ისაუბრა აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიაზე სექტანტური აზროვნების გავლენის შესახებ. ამერიკული პროტესტანტური სექტები, ე. წ. „ევანგელიკალიზმის“ ნიშნით გაერთიანებულნი, თანამედროვე ისრაელის საკითხებს განიხილავენ ბიბლიურ წინასწარმეტყველებების, მათ შორის, აპოკალიფსის წინასწარმეტყველების, კონტექსტში. არა მხოლოდ ისრაელის ლობის (AIPAC და მისთ.) მეცადინეობით, არამედ სწორედ გავლენიანი ამერიკელი „ევანგელიკალების“ რელიგიური წარმოდგენებით არის განპირობებული აშშ-ის მხრიდან ისრაელის ცალმხრივი მხარდაჭერა – აღნიშნა მომხსენებელმა. ეს არ არის ასახული ოფიციალურ ამერიკულ დოკუმენტაციაში, მაგრამ გამომდინარეობს უამრავი ფაქტიდან და ამას თავად ამერიკელი ანალიტიკოსები აღწერენ. ექსპერტის აზრით, ტრამპის ე. წ. სამშვიდობო პოლიტიკა მოჩვენებითია და, კერძოდ, ღაზას სექტორში, ეთნიკურ წმენდას ისახავს მიზნად.
ვასილ პაპავამ პალესტინის შესაძლო მომავალზე ისაუბრა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მათ შორის, სირიაში, მიმდინარე პროცესების ანალიზიდან გამომდინარე. სპეციალისტმა დამაჯერებლად დაახასიათა რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების მდგომარეობის ურთიერთკავშირი და ერთმანეთზე ზეგავლენა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა სამხედრო და პოლიტიკურმა ექსპერტებმა: გურამ ნიკოლაიშვილმა, ოთარ ნადირიანმა, გიორგი გვიმრაძემ, ჰოლდინგ „ჯორჯიან ტაიმსის“ დამაარსებელმა მალხაზ გულაშვილმა, გამოცემა „თვალსაზრისის“ რედაქტორმა ზაზა დავითაიამ, პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ, შოთა აფხაიძემ, ლევან და სხვებმა, აგრეთვე უცხოელმა სტუმრებმა – სომეხმა პოლიტოლოგმა ანდრანიკ ოვანესიანმა, აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა დაშგინ გიულმამედოვმა და სხვებმა. აღინიშნა, რომ ქართული საზოგადოებრიობა უფრო უკეთ უნდა იყოს ინფორმირებული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, ამ მოვლენების პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ასპექტებზე.
