რუსეთის პრეზიდენტი – რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი ვლადიმერ პუტინი – 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 78 წლისთავის აღსანიშნავ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოვიდა, – წერს kremlin.ru.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთან ერთად ტრიბუნაზე იმყოფებოდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი. აღლუმის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინი კრემლის გერბიან დარბაზში მიესალმა უცხო სახელმწიფოების ლიდერებს, რომლებიც მოსკოვში საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ჩავიდნენ.
აღლუმი წითელ მოედანზე რუსეთის დროშისა და გამარჯვების დროშის გატანით დაიწყო. აღლუმს მეთაურობდა სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი, არმიის გენერალი ოლეგ სალიუკოვი; მიიღო თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ. ქვეითთა კოლონის შემადგენლობაში წითელ მოედანზე გაიარა 30-მა სააღლუმე გათვლამ: რვა ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის 530 -მა მებრძოლმა. მექანიზებულ კოლონას წინ მიუძღოდა ლეგენდარული „გამარჯვების ტანკი“ T-34-85. ქვეყნის მთავარი მოედნის ქვაფენილზე გაიარა ჯავშნიანმა ტექნიკამ: „Тигр-М“-ებმა, БТР-82 А-ებმა, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „Бумеранг“-ებმა, ოპერატიულ-ტაქტიკურმა სარაკეტო სისტემა „Искандер-М“-ებმა, საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 „Триумф» -ებმა და მოძრავმა სახმელეთო სარაკეტო კომპლექსმა „Ярс“-მა. აღლუმში პირველად მონაწილეობდა უახლესი დაჯავშნილი მანქანები „Спартак“-ი და 3-СТС „Ахмат“-ი.
* * *
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვა სამხედრო აღლუმზე:
„ძვირფასო რუსეთის მოქალაქეებო! ძვირფასო ვეტერანებო! ამხანაგო ჯარისკაცებო და მატროსებო, სერჟანტებო და ზემდეგებო, მიჩმანებო და პრაპორშჩიკებო!
ამხანაგო ოფიცრებო, გენერლებო და ადმირალებო!
მებრძოლებო და მეთაურებო – სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილენო!
გილოცავთ გამარჯვების დღეს!
გილოცავთ დღესასწაულს – ჩვენი მამა-პაპების პატივსაცემად, რომლებმაც განადიდეს და უკვდავყვეს თავიანთი სახელები, დაიცვეს სამშობლო; განუზომელი გამბედაობისა და უზარმაზარი მსხვერპლის ფასად გადაარჩინეს კაცობრიობა ნაციზმისგან. დღეს ცივილიზაცია კვლავ გადამწყვეტ, გარდამტეხ ზღვარზეა. ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კვლავ გააჩაღეს ომი, მაგრამ საკადრისი პასუხი გავეცით საერთაშორისო ტერორიზმს, დავიცავთ დონბასის მცხოვრებლებსა და უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენთვის, არ არსებობენ არამეგობრული, მტრული ხალხები არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში. პლანეტის ადამიანთა დიდი უმრავლესობის მსგავსად, ჩვენც გვინდა ვიხილოთ მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური მომავალი. გვჯერა, რომ ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც ქადაგებს უპირატესობას, თავისი ბუნებით ამაზრზენი, დანაშაულებრივი და სიკვდილის მომტანია, მაგრამ დასავლური გლობალისტური ელიტები კვლავ საუბრობენ თავიანთ განსაკუთრებულობაზე, ერთმანეთს აპირისპირებენ ადამიანებს და ხლეჩენ საზოგადოებებს, პროვოცირებენ სისხლიან კონფლიქტებსა და გადატრიალებებს, თესავენ სიძულვილს, რუსოფობიას, აგრესიულ ნაციონალიზმს და ანადგურებენ ოჯახურ, ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებიც ადამიანს აქცევს პიროვნებად. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ კვლავ უკარნახონ, თავს მოახვიონ ხალხებს თავიანთი ნება, თავიანთი წესები, სინამდვილეში- ძარცვის, ძალადობისა და დათრგუნვის სისტემა. მათ, როგორც ჩანს, დაივიწყეს, რა გამოიწვია ნაცისტების გიჟურმა პრეტენზიებმა მსოფლიზე ბატონობის შესახებ; დაივიწყეს, ვინ დაამარცხა ეს ამაზრზენი, ტოტალური ბოროტება, ვინ აღუდგა კედლად მშობლიურ მიწას და სიცოცხლე არ დაიშურა ევროპის ხალხების გასათავისუფლებლად. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ უმოწყალოდ და ცივსისხლიანად ანადგურებენ საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალებსა და დიდი მხედართმთავრების ძეგლებს რიგ ქვეყნებში, იქმნება ნაცისტებისა და მათი დამქაშების კულტი, ნამდვილ გმირებს კი ცილს სწამებენ და ცდილობენ მათი ხსოვნის წაშლას. გამარჯვებული თაობის გმირობისა და მსხვერპლთა ასეთი შეურაცხყოფა დანაშაულია, აშკარა რევანშიზმია მათი მხრიდან, ვინც ცინიკურად და დაუფარავად ამზადებდა ახალ ლაშქრობას რუსეთის წინააღმდეგ, ვინც ამისთვის მთელი მსოფლიოდან შეკრიბა ნეონაცისტური უწმინდურობა. მათი მიზანია – და აქ ახალი არაფერია – მიაღწიონ ჩვენი ქვეყნის ნგრევასა და განადგურებას, ხაზი გადაუსვან მეორე მსოფლიო ომის შედეგებს, საბოლოოდ დაანგრიონ გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის სისტემა, დაახრჩონ განვითარების ნებისმიერი სუვერენული ცენტრი. მოჭარბებული ამბიციები, ქედმაღლობა და ყველაფრის ნებადართულობა აუცილებლად გამოიწვევს ტრაგედიას.სახელდობრ, ეს არის იმ კატასტროფის მიზეზი, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის. ის სახელმწიფო გადატრიალებისა და მის საფუძველზე ჩამოყალიბებული დასავლელი ბატონების დანაშაულებრივი რეჟიმის მძევალია, ხურდა ფული მათი სასტიკი, ანგარებიანი გეგმების რეალიზაციაში. ჩვენთვის სამშობლოს დამცველების ხსოვნა წმინდაა, ჩვენ მას გულებში ვინახავთ. პატივს მივაგებთ წინააღმდეგობის მონაწილეებს, რომლებიც მამაცურად იბრძოდნენ ნაციზმის წინააღმდეგ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა მოკავშირე სახელმწიფოების ჯარისკაცებს. ჩვენ გვახსოვს და პატივს ვცემთ ჩინელ ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძოდნენ იაპონური მილიტარიზმის წინააღმდეგ.
დარწმუნებული ვარ, წლების განმავლობაში საერთო საფრთხესთან ბრძოლის, სოლიდარობისა და პარტნიორობის გამოცდილება ჩვენი ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა. ეს ძლიერი მხარდაჭერაა ახლა, როდესაც ძალას იკრებს შეუქცევადი მოძრაობა უფრო სამართლიანი მრავალპოლუსიანი სამყაროსკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ნდობისა და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპებზე, ყველა ქვეყნისა და ხალხის თავითმყოფადი და თავისუფალი განვითარებისთვის თანაბარ შესაძლებლობებზე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ, მოსკოვში შეიკრიბნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერები. ამაში მე ვხედავ მადლიერ დამოკიდებულებას ჩვენი წინაპრების გმირობისადმი. ისინი ერთად იბრძოდნენ და ერთად გაიმარჯვეს – სსრკ-ის ყველა ხალხმა შეიტანა წვლილი საერთო გამარჯვებაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ეს.
თავს ვხრით ყველას ნათელი ხსოვნის წინაშე, ვისაც სიცოცხლე ომმა წაართვა, ვაჟების, ქალიშვილების, მამების, დედების, ბაბუების, ქმრების, ცოლების, ძმების, დების, ნათესავების, ახლობლების ხსოვნის წინაშე.
ძვირფასო მოქალაქენო!
ბრძოლები, გადამწყვეტი ჩვენი სამშობლოს ბედისთვის, ყოველთვის სამამულო, სახალხო და წმინდა ხდებოდა. ჩვენ ვართ წინაპრების ანდერძის ერთგულნი, ღრმად და ნათლად გვესმის, რას ნიშნავს, იყო მათი სამხედრო, შრომითი და მორალური დიდების ღირსი.
ჩვენ ვამაყობთ სპეცოპერაციის მონაწილეებით, ყველათი, ვინც იბრძვის ფრონტის ხაზზე, ვინც ცეცხლის ქვეშ უზრუნველყოფს ფრონტს და შველის დაჭრილებს. ახლა არ არსებობს საომარ საქმიანობაზე მნიშვნელოვანი რამ. დღეს თქვენზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება, თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ხალხის მომავალი. თქვენ ღირსეულად ასრულებთ სამხედრო მოვალეობას, იბრძვით რუსეთისთვის. თქვენ უკან თქვენი ოჯახები, შვილები, მეგობრები არიან. ისინი გელოდებიან. დარწმუნებული ვარ, გრძნობთ მათ უსაზღვრო სიყვარულს. მთელი ქვეყანა შეიკრა ჩვენი გმირების მხარდასაჭერად. ყველა მზადაა დასახმარებლად, ლოცულობენ თქვენთვის.
ამხანაგებო!
მეგობრებო! ძვირფასო ვეტერანებო!
დღეს ჩვენს ოჯახებში პატივს მიაგებენ დიდი სამამულო ომის მონაწილეებს, იხსენებენ ნათესავებს, გმირებს და ყვავილებით ამკობენ სამხედრო მემორიალებს.
ჩვენ ვდგავართ წითელ მოედანზე, მიწაზე, რომელსაც ახსოვს იური დოლგორუკისა და დიმიტრი დონსკოის რაზმელები, მინინისა და პოჟარსკის მოლაშქრეები, პეტრე დიდისა და კუტუზოვის ჯარისკაცები, 1941–ისა და 1945 წლების აღლუმები.
დღეს აქ არიან სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილენი (ესენი არიან რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეები) და ისინი, ვინც შეუერთდნენ შეიარაღებული ძალების რიგებს ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ. ესენი არიან ლუგანსკისა და დონეცკის კორპუსების მებრძოლები, მოხალისეთა საბრძოლო ფორმირებების წარმომადგენლები, რუსეთის ეროვნული გვარდიის, შსს-ს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, საგანგებო სიტუაციებისა და სხვა სპეციალური სამსახურებისა და უწყებების თანამშრომლები.
მოგესალმებით, მეგობრებო! მივესალმები ყველას, ვინც რუსეთისთვის იბრძვის ბრძოლის ველზე, ვინც ახლა საბრძოლო პოსტზეა.
დიდი სამამულო ომის წლებში ჩვენმა გმირმა წინაპრებმა დაამტკიცეს, რომ არაფერია ჩვენს ერთიანობაზე მტკიცე, ძლიერი და საიმედო. არაფერია მსოფლიოში უფრო ძლიერი, ვიდრე სამშობლოსადმი ჩვენი სიყვარული.
რუსეთისთვის! ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალებისთვის! გამარჯვებისთვის!
ვაშა!“
მოამზდა გიორგი გაჩეჩილაძემ