Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2023 წლის 31 მარტის №229  ბრძანებულება „რუსეთის ფედერაციის საგარეო...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2023 წლის 31 მარტის №229  ბრძანებულება „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების  შესახებ“

307

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამა წლის 23 მარტს ხელი მოაწერა № 229  ბრძანებულებას „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების  შესახებ“, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის  31 მარტს და ძალაში შევიდა იმავე დღეს.  კონცეფციაში ლაპარაკია თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ძირითად ტენდენციებსა და პერსპექტივებზე, რუსეთის ფედერაციის ეროვნულ ინტერესებზე, რფ-ის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებსა და ძირითად ამოცანებზე, საერთაშორისო ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე, რეგიონულ მიმართულებებზე…

ამ ვრცელ დოკუმენტში ჩვენთვის, ქართველებისთვის,  ყველაზე  ყურადსაღებია  მეხუთე  თავის ქვეთავი  „ახლო საზღვარგარეთი“ , რომელშიც ბევრ სხვა საკითხთან ერთად ლაპარაკია აფხაზეთსა და  სამხრეთ ოსეთზეც (ბრძანებულების სრული  ტექსტი  შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ ინტერნეტმისამართზე: https://rg.ru/documents/2023/03/31/prezident-ukaz229-site-dok.html):

„V. რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის რეგიონული მიმართულებები

ახლო  საზღვარგარეთი

49. რუსეთის უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მისი, როგორც მსოფლიო განვითარებისა და ცივილიზაციის ერთ-ერთი გავლენიანი სუვერენული ცენტრის, პოზიციის განსამტკიცებლად ყველაზე მნიშვნელოვანია მდგრადი გრძელვადიანი კეთილმეზობლური ურთიერთობების უზრუნველყოფა და სხვადასხვა სფეროში პოტენციალების გაერთიანება დსთ-ის წევრ ქვეყნებსა და რუსეთის  მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებიც  რუსეთთან დაკავშირებულნი არიან ერთობლივი სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით, ღრმა ურთიერთდამოკიდებულებით სხვადასხვა სფეროში, საერთო ენით, ახლო კულტურებით. ახლო საზღვარგარეთის მშვიდობის, კეთილმეზობლობის, მდგრადი განვითარებისა და აყვავებულ ზონად შემდგომი გარდაქმნის მიზნით, რუსეთის ფედერაციას განზრახული აქვს, პრიორიტეტული ყურადღება დაუთმოს:

1) შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილებასა და მოგვარებას, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ახლო საზღვარგარეთში, მათ შორის „ფერადი რევოლუციების“ ინსპირაციებისა და რუსეთის მოკავშირეებისა და პარტნიორების საშინაო საქმეებში ჩარევის  მცდელობების აღკვეთას;

2) რუსეთის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარანტირებული დაცვის უზრუნველყოფას მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ნებისმიერი მიმართულებით განვითარებისას, უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპზე დაფუძნებული რეგიონული უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებას,  რუსეთის მთავარი როლის შენარჩუნებასა და განმტკიცებას რეგიონულ უსაფრთხოებაში, კოლექტიური უსაფრთხოების  ხელშეკრულების ორგანიზაციისა („ოდკბ“- გ.გ.)  და სხვა ფორმატების ურთიერთქმედებას რუსეთს, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში;

3) არამეგობრული სახელმწიფოების სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების ან გაძლიერებისა და რუსეთის უსაფრთხოების სხვა საფრთხეების საწინააღმდეგო ქმედებებს ახლო საზღვარგარეთში;

4) რუსეთის ინტერესების  შესაბამისი ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებას, ბელარუსის რესპუბლიკასთან  სტრატეგიულ თანამშრომლობას, დსთ-ისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პოტენციალის შერწყმაზე დაფუძნებული ორმხრივად სასარგებლო, ყოვლისმომცველი მრავალმხრივი თანამშრომლობის სისტემის გაძლიერებას, აგრეთვე, დამატებითი მრავალმხრივი ფორმატების განვითარებას, მათ შორის რუსეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებს შორის ურთიერთქმედების მექანიზმის;

5) გრძელვადიან პერსპექტივაში ინტეგრირებული ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბებას ევრაზიაში;

6) უცხო სახელმწიფოებისა და მათი გაერთიანებების იმ არამეგობრული ქმედებების პრევენციასა და აღკვეთას, რომლებიც იწვევენ ახლო საზღვარგარეთში დეზინტეგრაციის მაპროვოცირებელ პროცესებს და ქმნიან დაბრკოლებებს რუსეთის მოკავშირეებისა და პარტნიორების ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სუვერენული უფლების რეალიზაციაში;

7) კეთილმეზობლობის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას, უწინარესად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ-სახელმწიფოებსა და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით დაინტერესებულ ქვეყნებთან, ევრაზიაში უფრო ფართო ინტეგრაციის კონტურის ჩამოყალიბების მიზნით;

8) აფხაზეთის რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოვლისმომცველ მხარდაჭერას,  ამ სახელმწიფოების ხალხების დახმარებას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ნებაყოფლობითი არჩევანის რეალიზაციაში  რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების სასარგებლოდ;

9) კასპიის ზღვის ზონაში თანამშრომლობის განმტკიცებას ამ რეგიონის  ყველა საკითხის მოსაგვარებლად  კასპიის 5 სახელმწიფოს განსაკუთრებული კომპეტენციიდან გამომდინარე“.  

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://rg.ru/documents/2023/03/31/prezident-ukaz229-site-dok.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here