ყოველდღიურად 2,5 მილიონი გრივნა დაუჯდება უკრაინის ბიუჯეტს პოროშენკოს უკრაინის პრეზიდენტის შენახვა. ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება იმ განაცხადის აპალიზით, რომელიც პრეზიდენტის საქმეთა მმართველობამ 2018 წლის ბიუჯეტში დასამტკიცებლად შეიტანა. წლიური ჯამი 2,3 მილიარდი გრივნაა. ეს თანხა დოლარზე გადაანგარიშებით 88,5 მილიონ დოლარს უდრის. 2017 წელთან შედარებით, პრეზიდენტის გარანტის “მადა” 5-ჯერ გაიზარდა. წლევანდელ ბიუჯეტში “რაღაც” 453 მილიონი გრივნა (17,5 მილიონი დოლარი) იყო გათვალისწინებული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეთა ხელფასებზე 365,7 მილიონი გრივნის დახარჯვას აპირებენ (14,065 მილიონი დოლარი). ამასთან, პოროშენკოს აპარატი 553-დან 638 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა, და თუ ზემოთ მინიშნებული თანხა (365,7 მილიონი გრივნა ასობით ადამიანისთვის არის გათვალისწინებული, ერთი კაცის _ პოროშენკოს შესანახად, “ამალის” გაუთვალისწინებლად, 285,2 მილიონ გრივნას (11 მილიონ დოლარს) გაიღებენ.
სახელმწიფო საწარმო “უკრაინის” (პრეზიდენტის თვითმფრინავები) შესანახად 245,7 მილიონ გრივნას (9,5 მილიონ დოლარს) გაიღებენ, 24,7 მილიონ გრივნას (950 ათას დოლარს) _ მათ გასარემონტებლად.
პოროშენკოს უცხოეთში ვიზიტები 81,6 მილიონი გრივნა (3,1 მილიონი დოლარი) დაუჯდებათ, ქვეყნის საზღვრებში მივლინებები _ 8,2 მილიონი გრივნა (308 ათასი დოლარი) და კიდევ 14,1 მილიონი გრივნა (540 ათასი დოლარი) _ პრეზიდენტის აპარატის მოხელეთა მივლინებები. გაიზარდა ამ მოხელეთა მივლინებების რაოდენობა: თუ 2016 წელს საზღვარგარეთ 402 ადამიანმა იმოგზაურა, მომავალ წელს მათი რაოდენობა 612-ს მიაღწევს.
ფურშეტებზე, ყვავილებზე პრეზიდენტის აპარატი 13 მილიონ გრივნას (500 ათას დოლარს დახარჯავს). ხოლო ყირიმში პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენლებზე _ 7,7 მილიონ გრივნას (296 ათას დოლარს). და ეს ხელფასები გაიცემა არაფრისთვის… გადაყრილი ფულია.
სახელმწიფო რეზიდენციებისა და ადმინისტრაციული შენობების შენახვაზე დამატებით დაიხარჯება 94,8 მილიონი გრივნა (3,65 მილიონი დოლარი).
და, რაც მთავარია _ პრეზიდენტის ავტოპარკი. დღეისთვის იგი 119 ელიტურ ავტომობილს ითვლის, მათი უმრავლესობა დაჯავშნულია. ბენზინისთვის დაიხარჯება 118,7 მილიონი გრივნა (4,5 მილიონი დოლარი).
ერთი გამგზავრების ისტორია
ყოველწლიურად პოროშენკო უცხოეთში ათობით ვოიაჟს განახორციელებს, რომელთა უმრავლესობის (ყველასი თუ არა) შედეგი ნულის ტოლია. უკრაინის პრეზიდენტის ნიუ იორკში ერთი მივლინების მაგალითზე დაახლოებით შეიძლება შევაფასოთ პრეზიდენტის ამალის უცხოეთში ხელგაშლილი ცხოვრების მასშტაბი. უკრაინის ოფიციალური დელეგაციის წევრების სიაში, რომლებიც თან ახლდნენ პრეზიდენტს 17-22 სექტემბერს აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დროს ჩართული იყო 31 ადამიანი (პირადი დაცვის ჩაუთვლელად). მათ შორის უკრაინის ელჩი აშშ-ში ვალერი ჩალი, გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი ვლადიმირ ელჩენკო და უკრაინის გენერალური კონსული ნიუ იორკში იგორ ჩიბიგა. ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ჩართული იყვნენ პრეზიდენტის ცოლი მარინა პოროშენკო, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი იგორ რაინინი, უმაღლესი რადის პირველი ვიცესპიკერი ირინა გერაშჩენკო, მინისტრები პაველ კლიმკინი და ალექსანდრ დანილიუკი, ასევე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კონსტანტინ ელისკევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ბორის ლოჟკინი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროს ვიქტორ მუჟენკო და ყირიმელი თათრების საქმეთა რწმუნებული მუსტაფა ჯემილოვი.
თანმხლებ პირთა შორის იყვნენ: პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი იური ფედოროვი, პრეზიდენტის აპარატის სხვა წარმომადგენლები, პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო, პრესსამსახურის 8 წარმომადგენელი და სახელმწიფო საქმეთა მმართველობის სამი თანამშრომელი.
ამ “ამალის” სამივლინებო ხარჯებმა 3,49 მილიონ გრივნას გადააჭარბა ანუ 121,8 ათას დოლარს.
იანუკოვიჩის დროს უკრაინის მშპ–მ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია
შესადარებლად უპრიანი იქნება ამ ხარჯების წინამორბედ პრეზიდენტების ხარჯებთან შედარება იმდროინდელი დოლარის კურსის გათვალისწინებით.
ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი იყო 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე. მისი შენახვა უკრაინის ბიუჯეტს შედარებით იაფი უჯდებოდა _ 77 მილიონ 750 ათასი დოლარი. ხარჯვის მთავარი მუხლი რეზიდენციები და ვერტმფრენებით გატაცება იყო.
2011 წელს უკორესპონდენტმა გამოაქვეყნა ყველაზე უფრო ძვირი პრეზიდენტების რეიტინგი. იანუკოვიჩი აღმოჩნდა მესამე ადგილზე _ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის შემდეგ. პრეზიდენტის და მისი აპარატის ყოველდღიური შენახვა ბიუჯეტს, გამოცემის ანგარიშით, იმდროინდელი უკრაინის 675 საშუალო ხელფასს უდრიდა.
იანუკოვიჩი უარს არ ამბობდა უცხოეთში ვიზიტებზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2010-2011 წლებში იგი 84-ჯერ ჩავიდა სხვადასხვა ქვეყანაში. მისი მმართველობის პერიოდში უკრაინის მშპ-მ ამ ქვეყნის მაჩვენებლის რეკორდულ დონეს მიაღწია _ 183 მილიარდ დოლარს, მაშინ, როცა პოროშენკოს მმართველობის დროს ამ მაჩვენებლის მაქსიმუმი მხოლოდ 93 მილიარდი დოლარია.
ვიქტორ იუშჩენკომ “ქვეყნის სამსახურში” 5 წელიწადი გაატარა (2005 წლის 23 იანვრიდან, 2010 წლის 25 თებერვლამდე) და როგორც გაირკვა, მისი პრეზიდენტობისდროს გაწეული ხარჯები უკრაინის ისტორიაში უძვირესი აღმოჩნდა. მისი პრეზიდენტობის დროს დოლარი დაახლოებით 5 გრივნის “წონისა” იყო, მისი ყოველწლიური შენახვა კი ბიუჯეტს 860 მილიონი გრივნა უჯდებოდა. 2009 წელს პრეზიდენტის შესანახი ხარჯები ერთი მესამედით გაიზარდა. მაშინ ეს ინფლაციას და მინიმალური ხელფასების ზრდით გაამართლეს. ყველაზე ხშირად იუშჩენკოს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ იგი თავის უცხოურ ვოიაჟებზე არნახულად დიდ თანხას ანიავებდა. 2006-2007 წლებში, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იუშჩენკო საზღვარგარეთ 13-ჯერ იყო, საგარეო საქმეთა მინისტრი _ 37-ჯერ.
ლეონიდ კუჩმას აპარატისა და ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საჭიროებისთთვის (1994 წლის 19 ივლისი _ 2005 წლის 23 იანვარი) დაიხარჯა 25,8 მილიონი გრივნა (დოლარის მაშინდელ კურსით ეს თანხა 13,7 მილიონ დოლარს უდრიდა. პირადი “რეკორდი” კუჩმამ 2004 წელს დაამყარა. მის შესანახად დაიხარჯა 524 მილიონი გრივნა, ანუ 98,8 მილიონი დოლარი.
უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა 1991 წლის 5 დეკემბრიდან, 1994 წლის 19 ივლისამდე. 1993 წელს მის შესანახად გამოყვეს ზღაპრული თანხა 1 მილიარდ 735 მილიონ 220 ათასი კარბოვანეცი წელიწადში. ეროვნული ვალუტა _ გრივნა _ უკრაინას ჯერ არ ჰქონდა. იმ დროს 1 დოლარს 500 კარბოვანცად ყიდულობდნენ, მაშასადამე დოლარის ეკვივალენტში კრავჩუკი სახელმწიფო ბიუჯეტს 3,5 მილიონი დოლარი უჯდებოდა ყოველწლიურად.