ბულგარული გაზეთის _ “ტრუდის” ჟურნალისტებმა გამოიძიეს და დაადგინეს, რომ აშშ მონაწილეობდა სირიის, ერაყისა და იემენის ისლამისტური, აგრეთვე, სამხრეთ აფრიკის კრიმინალური დაჯგუფებებისთვის და ბურკინა–ფასოში სამხედრო გადატრიალების მონაწილეებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდებაში.
ეს იარაღი დანიშნულების ადგილზე ჩაჰქონდათ არა მხოლოდ გემებით, არამედ საჰაერო გზითაც. ბოლო სამი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიაკომპანია Silk Way-ს თვითმფრინავებმა 350-ჯერ გადაზიდეს იარაღი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ამასთანავე, ამ რეისებს მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური სტატუსი, რაც ათავისუფლებდა მათ საბაჟო შემოწმებისგან და აეროპორტებით სარგებლობის გადასახადისგან.
გამოძიება დაიწყო 2015 წლის 6 ივნისიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბულგარეთის ანევოს სამხედრო პოლიგონზე დაიღუპა 41 წლის ფრენსის ნორვილო, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცერი, რომელიც ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების შეიარაღების სპეციალისტად ითვლებოდა. იგი დაიღუპა 1984 წელს დამზადებული ყუმბარის აფეთქების შედეგად, რომლითაც ცდილობდა ყუმბარსატყორცნის დატენვას. მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი აწარმოებდა სირიის ოპოზიციისთვის განკუთვნილი იარაღის ტესტირებას, რომელიც აშშ-ის ფულით უნდა შეეძინათ.
2016 წლის ბოლოს გაარკვიეს, რომ ბულგარული იარაღი “ჯებჰად ან–ნუსრის” 9 საწყობში ინახებოდა, დადგინდა საზღვაო ტრანზიტის ფაქტიც. ამ გადაზიდვას ამერიკული ფირმები აფინანსებდნენ. სოპოტში ბულგარეთის სამხედრო ქარხნის მიერ დამზადებული პროდუქციის ერთი გემით გადაზიდვა ვერ მოხერხდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა ავიაკომპანია Silk Way, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ გადაიტანს იარაღს. ამ ავიაკომპანიამ მიიღო თავისი სამოქალაქო რეისების დიპლომატიური სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლით ასეთი სტატუსი მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავებს ენიჭება.
ამ აზერბაიჯანელ ფირმას გადაჰქონდა “ამერიკული სტანდარტების იარაღი”, რომლის შესაძენად სამმა ამერიკულმა კომპანიამ: Purple Shovel-მა, Chemring-მა და Orbital ATK-ამ აშშ-ის მთავრობისგან ბოლო სამ წელიწადში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. მის გადასაზიდად აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებს იყენებდნენ.
Silk Way-ის დიპლომატიური ავიარეისებით სარგებლობს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უახლოესი მოკავშირე საუდის არაბეთიც, რომელიც მხარში უდგას ისლამისტებს სირიაში, ერაყსა და იემენში. 2016 წლიდან დღემდე იარაღის გადასაზიდად დიპლომატიური სტატუსის მქონე 23 ავიარეისი განხორციელდა აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან და სერბეთიდან ჯედასა და ერ–რიადის აეროპორტებში. შედეგად ბულგარული ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები _ SPG-9 და GP-25 სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” მოთარეშეების ხელში აღმოჩნდა.
წლეულს, მარტში, ავიარეისით, რომელიც საუდის არაბეთმა დაიქირავა, ბურგასიდან გაიგზავნა უმართავი საავიაციო რაკეტების _ VAR-80 VMZ-ის პარტია, რომელთა წონა 29,9 ტონა იყო და რომლებიც პოტენციურად საშიშია სირიაში რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალებისთვის. ოფიციალურად ისინი კონგოსთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ თვითმფრინავის საუდის არაბეთში დაშვების შემდეგ ბრაზავილამდე მხოლოდ მსუბუქი შეიარაღება აღწევდა, საიდანაც იგზავნებოდა სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოებში. იქაური დანაშაულებრივი დაჯგუფებები ამ იარაღის გამოყენებით ცდილობდნენ, ხელთ ეგდოთ ოქროსა და ალმასის საბადოები.