
ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ამერიკული ბომბდამშენები, რომლებიც სამხრეთ კორეაში სწავლებაში მონაწილეობენ სახიფათო მანევრებს ახორციელებენ. მათ ვაშინგტონის მოქმედებებს საშიში პროვოკაცია უწოდეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე (KCNA) დაყრდნობით ავრცელებს.
“ეს უგუნური სამხედრო პროვოკაცია კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებას ბირთვული ომთან აახლოებს”, – აღნიშნავს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება.
ფხენიანსა და ამერიკას შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ვაშინგტონსა და სეულში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები დაიწყო. 1 მაისს, ჩრდილოეთ კორეამ პირობა დადო, რომ ამერიკულ ატომურ წყალქვეშა ნავს, USS Michigan-ს ჩაძირავს, რომელიც სამხრეთ კორეის პორტთან იმყოფება.
“კორეის ნახევარკუნძულზე, წყლებში ატომური წყალქვეშა ნავის სწრაფი მოძრაობა ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო საფრთხეებს აძლიერებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ფხენიანის განცხადებით, როდესაც საფრთხე არსებობს, ისინი საპასუხო თავდასხმისთვის მუდამ მზად არიან. ატომური წყალქვეშა ნავი USS Michigan-ი სამხრეთ კორეის პორტ Busan-ში ამა წლის 25 აპრილს ჩავიდა. შემოწმების შემდეგ, იგი იაპონიის ზღვაში მიმდინარე წვრთნებში ჩაერთვება.