Home ახალი ამბები საქართველო რეკვიემი ევროპისთვის

რეკვიემი ევროპისთვის

ანუ ოთხადგილდაბანილი და უჰალსტუხო კონტინენტი

748

ქართული ანდაზა: “რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსა.” რეგვენი საკუთარ სირეგვნეს  ვერ მიხვდება, საკუთარი წარუმატებლობის მიზეზებს იგი მუდამ სხვაგან და სხვაში ეძებს. ეს სირეგვნის კანონი და რეგვენთა აზროვნების უნივერსალური ფორმულაა

რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირების შემდეგ ევროპელებმა “ყაირათიანი” ცხოვრების წესები შეიმუშავეს, რომლითაც აბსურდის ყველა რეკორდი მოხსნეს. ამას მე არ ვამბობ, ეს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიბიროლმა ბრძანა: “მსოფლიო არასოდეს არ მდგარა ასე ღრმა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე. ევროპას აიძულებენ, ეკონომია გააკეთოს ყველაფერში.  ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვისკენ მოწოდება ზოგჯერ აბსურდამდე მიდის”.

გერმანული გამოცემა BILD-ი მართლაც წარმოუდგენელი მოწოდებით გამოვიდა, რომელიც ელვის სისწრაფით გავრცელდა მსოფლიოში, როგორც პრობლემის გადაჭრის ყველაზე სულელური მცდელობის თვალნათელი ნიმუში: საკმარისია, დაიბანოთ სხეულის მხოლოდ ოთხი ნაწილი. რაც უფრო ნაკლებ ხანს დაყოვნდებით საშხაპეში, მით ნაკლები ენერგია დაიხარჯება. ევროპელები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სულაც არ არის აუცილებელი მთელი სხეულის დაბანა. საკმარისია, მისი ცალკეული ნაწილები დაიბანონ, რომ ჰიგიენა დაცულად, სხეული კი სუფთად გამოაცხადონ. მთავარი ხომ ეს არისგამოაცხადონ, რეალობას კი ვინ შეუმოწმებთ, ალბათარავინდაახლოებით საუკუნეა, რაც ევროპელები სისუფთავეს, ჰიგიენას და კარგ ცხოვრებას მიეჩვივნენ, თორემ შუა საუკუნეებში და აქეთაც ეს პრობლემები მაინცდამაინც არ ადარდებდათ. ამ თემაზე ისეთი საოცარი რაღაცები იწერება, რომ გამეორებისგან თავის შეკავება სჯობს (სუნამო, თურმე, იმისთვის გამოიგონეს, რომ წლობით დაუბანელი სხეულის საშინელი სუნი გაენეიტრალებინათ, თავზე შლიაპა კი იმიტომ დაიხურეს, რომ აივნიდან მოულოდნელად გადმოღვრილი შარდი თავზე თუ დაესხმებოდათ, კისერში არ ჩასვლოდათ და ა.შ.). მერე კი ისწავლეს და გაუტკბათ კიდეც პირადი ჰიგიენაც და კომფორტიც, მაგრამ ახლა ისეთი სირეგვნე ჩაიდინეს, რომ სხეულის ოთხი ნაწილის დაბანით დაკმაყოფილებას ურჩევენ ერთმანეთს. კარგია სხეულის ოთხი ნაწილის სისუფთავე, მაგრამ სირეგვნე რომ ვახსენე წეღან,  ისეთი ოხერი რამეა, ყველაფერში იჩენს თავს. ოთხი ადგილის დაბანის შესახებ რჩევის მიმცემები მხოლოდ ამით როდი დაკმაყოფილდნენ. მათ შესაბამისი შპარგალკების გამოქვეყნებაც დაიწყეს იმისთვის, თუ კონკრეტულად რომელია სხეულის ის ოთხი ნაწილი, რომელთა დაბანითაც უნდა დაკმაყოფილდნენ მანამ, სანამ რუსული ბუნებრივი აირის  ალტერნატივას არ მოძებნიან. ასეთია დღევანდელი საშუალო სტატისტიკური თუ სტანდარტული ევროპელის გონებრივი შესაძლებლობები.

საშხაპეში შესულმა შპარგალკა თუ არ იქონია, ისე როგორ უნდა მიხვდეს, სხეულის რომელი ნაწილი დაიბანოს და რომლის დაბანაზე თქვას უარი, რომ მაქსიმალური ეკონომიაც გააკეთოს და ოპტიმალურად დაბანილიც გამოვიდეს იქიდან?!

მართლაც აბსურდული სიტუაციაა, მაგრამ ეს აბსურდი აქ როდი მთავრდება, აბსურდი აქ იწყება მხოლოდ: ევროპელებმა ამ რეკომენდაციებს და ამ „შპარგალკას“ დაარქვეს  “პუტინის ჯიბრზე”. ესე იგი, უნდა ვიფიქროთ, რომ ევროპელები პუტინის ჯიბრზე ყველაფერს გაუძლებენ. გეგონება, პუტინს ღამით არ დაეძინება იმაზე დარდით, სხეულის რომელ ნაწილს დაიბანენ ევროპელები და რომელი დარჩებათ დაუბანელი. ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ევროპელებს მოუწოდა: “ონკანის ყოველ ჩაკეტვას დააყოლეთ სიტყვები: ესეც შენ, პუტინ!”

არა მგონია, რომ ეს უბრალო ამბავი იყოს, რომლის მოსმენის ან წაკითხვის შემდეგ გაიცინებ და ამით ყველაფერი დამთავრდება. ეს სიგიჟეა – მასობრივი, ყოვლისმომცველი, კონტინენტური და პლანეტური სიგიჟე.

ისე, ყოფითი ცხოვრება მხოლოდ საშხაპით ხომ არ შემოიფარგლება. ევროპა საკმაოდ ცივი კონტინენტია და ბინებს, ოფისებს, სახელმწიფო დაწესებულებებს თუ სხვა ნაგებობებს, რომლებშიც ადამიანი იმყოფება თუ საქმიანობს, გათბობა უნდა, რასაც ასევე დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი  და ელექტროენერგია სჭირდება, რომლის უდიდესი ნაწილი აქამდე რუსეთიდან მოდიოდა, მომავალში კი, ევროპამ ჯერ კიდევ არ იცის, საიდან მოვა ან საიდან უნდა მოვიდეს. აქაც გაჩნდა ეკონომიის გაწევასა და ყაირათიანი ხარჯვის  რეკომენდაციები. ერთ-ერთი რეკომენდაცია ასეთია: ორისამი ან სულაც ხუთი გრადუსით დაწიონ შენობების გათბობის დადგენილი ნორმა“. ევროპაში ხუმრობაც კი გაჩნდა: “შენობა-ნაგებობებში გათბობის ნორმად ის ტემპერატურა დაწესდეს, რომელ ტემპერატურაზეც სიცივისგან ადამიანი კბილს კბილზე აღარ ურტყამს”.

ისე გაუჭირდათ ევროპელებს, რომ ტრაგი-კომიკური ვითარება შეიქმნა. ზამთრის დადგომის შემდეგ ამ კომპოზიტს (ტრაგი-კომიკური) კომიკური ჩამოსცილდება და ევროპაში დადგება შექსპირის (ანუ  ტრაგედიების) ეპოქა. ჯერჯერობით კი ისევ ტრაგი-კომიკური ვითარებაა, ანუ ტრაგედია უკვე არის, მაგრამ მას კომედიაც ახლავს. მხოლოდ მოთქმა-გოდება და ცრემლის ღვრა კი არ არის, იუმორი, ხუმრობა და სიცილიცაა. მე  გამეცინა ესპანეთის პრემიერმინისტრ პედრო სანჩესის ერთ სავალდებულო რეკომენდაციაზე, რომელიც მან სახელმწიფო დაწესებულებებსა და სხვადასხვა  ოფისში დასაქმებულებს გაუწია. პრემიერმინისტრმა მამაკაცებს მოუწოდა, სამსახურებში ჰალსტუხების გარეშე იარონ, რადგან მამაკაცს ყელზე ჰალსტუხი თუ უჭერს, მას ცხელა და გამაგრილებელი მოწყობილების ჩართვის სურვილი უჩნდება. ჰალსტუხის გარეშე გამოცხადებული მამაკაცები კი გამაგრილებელ მოწყობილებას არ ჩართავენ,  შედეგად ენერგია დაიზოგება. როგორც აბსურდის ნიმუში, მართლაც დიდებულია, ბრწყინვალეა და შეუდარებელი, მაგრამ, რეალურად რისი მომცემია, ძნელი სათქმელია.

ევროპელებმა, როგორც უკვე ვთქვი, იმდენი აბსურდი დაახვავეს, რომ ამ მიმართულებით ყველა რეკორდი მოხსნეს, მაგრამ ყველაზე დიდი აბსურდი მაინც იმ პათოსშია, რომლითაც გაჟღენთილია მათი რიტორიკა. მაგალითად, იტალიის აწ უკვე გადამდგარი პრემიერმინისტრი მარიო დრაგი, რომელმაც თავის სამუშაო კაბინეტში დემონსტრაციულად გამორთო გამაგრილებელი მოწყობილობა, რიტორიკულ შეკითხვას სვამდა: “შესაძლებელია, რომ მშვიდობის ალტერნატივად ბუნებრივ აირზე  ან ელექტროენერგიაზე დაბალი ფასები გამოვაცხადოთ? არა, ეს შეუძლებელია!”

არ ვიცი, ვინმემ ჰკითხა თუ არა ბატონ დრაგის, რატომ გამოაცხადა ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე დაბალი ფასები მშვიდობის ალტენატივად; ან უთხრა თუ არა ვინმემ, რა ჰქვია იმ მდგომარეობას, როდესაც უარს ამბობ რუსულ ბუნებრივ აირზე, რომელსაც ორას ევროდ იღებდი, ახლა კი იძულებული ხარ, სპეკულანტებთან სამი ათასი გადაიხადო. იქ თუ არავის უთქვამს, მე ვეუბნები იმ შორეული საქართველოდან, რომლისთვისაც კანდიდატობაც ვერ გამოიმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი უმშვენიერესი კუთხე, იქ ზუსტი შესატყვისი აქვთ გამოლენჩების იმ ხარისხისა, დღეს რომ არის ევროპაში. სამწუხაროდ, უცენზუროა ეს სიტყვა იმისთვის, რომ საჯარო სივრცეში გამოვიყენო. ბატონი დრაგი ოდესმე თუ ჩამობრძანდება იმ ჩვენს ულამაზეს კუთხეში (კახეთში), დედამიწის ზურგზე ყველაზე კარგ ღვინოს დაალევინებენ და საუკეთესო სადღეგრძელოსაც ეტყვიან. რაც შეეხება იმ სიტყვას, შინაგანი ცენზურის გამო მე რომ საჯაროდ ვერ მითქვამს, ორიგინალში მოასმენინებენ, თუ, რა თქმა უნდა, ამას დაიმსახურებს (დამსახურება ამ შემთხვევაში მხოლოდ უარყოფითი ნიშნითაა შესაძლებელი).

სულ ესაა, რაც ევროპული აბსურდის შესახებ დღეს უნდა მეთქვა. დღეს-მეთქი, ხაზს ვუსვამ, თორემ რაც ევროპელებმა ამ ბოლო პერიოდში ისულელეს, მთელი საუკუნე გაჰყვებათ სალაპარაკოდ და საქილიკოდ მწერლებს, მეცნიერებს, სოციოლოგებს, ფსიქოლოგებს… მარტო ეს საკითხი რად ღირს. ბავარიის ქაღალდის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა იურგენ შალერმა განაცხადა: “გაზის დეფიციტმა შესაძლებელია ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი გამოიწვიოს, ვინაიდან მის საწარმოებლად აუცილებელია წყალი, სითბო, ელექტროენერგია და პერსონალი”. ეს, ალბათ, ყველაზე დიდი უბედურება იქნება, რადგან ევროპელები ახლა ისეთ დღეში არიან (დაზუსტება აუცილებელი არ არის), რომ ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ტუალეტის ქაღალდი სჭირდებათ. ისე ძალიან სჭირდებათ, ახლა შექსპირი რომ ჰყავდეთ, რიჩარდ მესამეს, შესაძლებელია, ფინალურ სცენაში ის კი არ ეთქვა, – “ცხენი, ცხენი, მთელ ჩემს სამეფოს ერთ ცხენში ვაძლევ”, არამედ მთელი ხმით ეყვირა:  ტუალეტის ქაღალდი, ტუალეტის ქაღალდი, მთელ ჩემს სამეფოს ტუალეტის ერთ ცალ ქაღალდში ვაძლევ! იმ მეფის სასოწარკვეთილება, რომელიც მზად არის, მთელი სამეფო ტუალეტის ქაღალდში გაცვალოს, არაფრით არ იქნებოდა ნაკლებად დრამატული იმ მეფის სასოწარკვეთილებაზე, რომელიც მთელ სამეფოს ერთ ცხენში აძლევს, რათა სადღაც გაიქცეს და გადაიკარგოს.

1 აგვისტოდან ძალაში შევიდა სანქცია ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ნახშირის შეტანის აკრძალვაზე. ზამთარი კი ახლოვდება.

ვალერი კვარაცხელია

P.S. ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კარინ კნაისლმა სენსაციური განცხადება გააკეთა: “ევროპის სახელმწიფოები სულ უფრო სუსტ მოთამაშეებად ყალიბდებიან საერთაშორისო არენაზე და ადგილს თანდათანობით უთმობენ აზიის სახელმწიფოებს. ახლა მე ვმუშაობ წიგნზე, რომლის სახელი იქნებარევიემი ევროპისთვის“, რადგან ის ნაწილი მსოფლიოსი, რომელშიც მე გავიზარდე და რომელსაც ვეთაყვანებოდი, აღარ არსებობს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here