Home ახალი ამბები საქართველო რატომ ვეთამაშებით ცეცხლს?

რატომ ვეთამაშებით ცეცხლს?

184

სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდების გამო აუცილებლად უნდა აღიძრას საქმე და ამ მიუნჰაუზენს პასუხი მოეთხოვოს

„ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს/ჩაიჩექმოს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი, თორემ კი. სტუმარმასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა…“

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ეს სტატუსი სოციალურ ქსელში ადმინისტრაციამ წაუშალა. ამერიკელებიც კი მიხვდნენ, რომ ადამიანების მკვლელობისკენ მოწოდება დანაშაულია და გაუგებარია, ამას ჩვენი შსს რატომ ვერ მიხვდა და რატომ არ აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

სისხლის სამართლის კოდექსში არის ასეთი მუხლი, „წაქეზება“; ოქრუაშვილი ადამიანების მკვლელობისკენ მოუწოდებს და, რაც მთავარია,  წუხს, ვინაა ამის მქნელიო. თუ ასეთი „ვაშკაცი“ და „პატრიოტია“, თავად „ქნას“, თუ აქვს ერთი ადგილი, მაგრამ არა, თავად მერე იმ არეულობით უნდა იხეიროს, რომელიც დაიწყება. ოქრუაშვილის „ერთი ადგილი“ კი ვნახეთ, მიშამ ციხეში რომ ჩააყუდა, როგორ დაჯდა კამერების წინ და გადმოალაგა „გალობანი სინანულისანი“. არადა, ეს კაცი გენერალური პროკურორიც იყო, შს მინისტრიც, თავდაცვის მინისტრიც და ეკონომიკის მინისტრიც. ეს ის ოქრუაშვილია, 15 წლის წინათ პირობა რომ დადო, ახალ წელს ცხინვალში შევხვდებიო და მერე „პორტ არტურიდან საკუთარ ცხენს რომ გამოასწრო“. კიდევ ვიმეორებთ, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდების გამო აუცილებლად უნდა აღიძრას საქმე, პასუხი უნდა მოეთხოვოს ამ მიუნჰაუზენს და  პრეზიდენტმაც აღარ უნდა შეიწყალოს. თუ გგონიათ, მიშაზე ნაკლები ელეთ-მელეთი დაემართება, ძალიან შემცდარხართ.

სანამ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ აგორებულ ახალ კამპანიაზე გადავალთ, მოდი ვნახოთ, რა დამოკიდებულება აქვს ევროპას უკრაინელი ლტოლვილების მიმართ. პოლონეთმა 1 ივლისიდან შეწყვიტა დახმარება უკრაინიდან გადასულ ლტოლვილებზე, რომელიც დღეში 40 ზლოტი, ანუ დაახლოებით 9 დოლარი იყო. ჩეხეთმა და ბულგარეთმა შეწყვიტეს სამედიცინო დახმარების პაკეტის გაცემა, რომელიც უკრაინელებზე უფასო იყო, ესპანეთმა სასტუმროებიდან გამოყარა (ჰო, გამოყარა) ის უკრაინელები, რომლებსაც აქამდე უფასოდ აცხოვრებდა _ ტურისტული სეზონია, ან გადაიხადეთ, ან წადითო. ლატვიამ 1 ივნისიდან შეწყვიტა უფასო საკვების დარიგება უკრაინელებისთვის, გერმანიამ უკრაინელებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასო მგზავრობა გაუუქმა, პრაქტიკულად, ყველა პროგრამა გაანულეს სლოვაკეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა. ასეთ პირობებში, ჩვენ 300-ლარიან დახმარებას ვიძლევით და ოპოზიცია გაჰკივის: ცოტაა, მეტი უნდა მივცეთო. ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, რომელზე მეტი ბიუჯეტი აქვს საქართველოს?! რატომღაც გვგონია, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს სწორედ იმიტომ აკეთებს, რომ ოპოზიციამ არ იყეფოს და დასავლეთისთვისაც სათქმელი გვქონდეს, თორემ ეს დახმარება სხვა მიმართულებით რომ წავიდეს, ურიგო არ იქნება. არ გვახსოვს, საქართველოდან უკრაინაში წასულ დევნილებზე იქაურ ხელისუფლებას ერთი გრივნა მაინც დაეხარჯოს.

ისიც გემახსოვრებათ, როგორ აღშფოთდა ოპოზიცია და ვაიპატრიოტთა არმია, როცა სოციალურ ქსელში მარჯანიშვილზე გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც წყვილი თავდავიწყებას მიეცა. ვიღაცამ თქვა, ამ ყველაფერს საჯაროდ და სახალხოდ რუსი ტურისტები აკეთებდნენ და…  „ქართველობას გვართმევდნენ“. ჰო, ლგბტ პრაიდი გვინარჩუნებს იდენტობას და თურმე წყვილის სიყვარული  გვართმევს. შსს-მ ამაზე საქმე ოფიციალურად აღძრა (ოქრუაშვილის მოწოდებაზე მძიმე დანაშაული ყოფილა) და გაარკვია, რომ გოგოც და ბიჭიც ქართველები იყვნენ და ისინი კანონის მიხედვით 200 ლარით დააჯარიმებს. სადმე ნახეთ, რომ იმ ადამიანებიდან რომელიმეს, რომელმაც სიტუაციის გარკვევამდე რუსები ლანძღა, ბოდიში მოეხადოს? არა, არ ჩათვალეს საჭიროდ, იმიტომ რომ, ბოდიშის მოხდასაც  აღზრდა და კულტურა უნდა და მათ უმრავლესობას სწორედ ეს კულტურა არ აქვს.

რა თქმა უნდა, იმის მტკიცებას არ დავიწყებთ, რომ ყველა შემოსული რუსი ტურისტი კარგად იქცევა, მაგრამ ცუდი და კარგი ყველგან არის და არა გვგონია, ქართველი ტურისტები სხვა ქვეყნებში ზედმიწევნით იცავენ წესებს და რაიმე შარში არასოდეს გახვეულან.  ცუდი და კარგი ყველგან არის და თუ ერთი, ორი ან ათი ცუდად მოიქცევა, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ერია ცუდი. უბრალოდ, ოპოზიცია, არასამთავრობოები და, რაც მთავარია, დასავლელი „მეგობრები“ ცდილობენ, შექმნან განწყობა, რომ ყველაფერი ცუდი, რაც ხდება, სწორედ რუსი ტურისტების დამსახურებაა. იმ ახალგაზრდა წყვილის იდენტიფიკაცია რომ არ მომხდარიყო, ხომ ყველა იტყოდა, რომ რუსები იყვნენ? ისე, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონის სტატუსიც ვნახე, სადაც რუს ტურისტებზე აუგს წერს, არ უნდა შემოვუშვათო, და სექტემბრის ბოლომდე მისი სასტუმრო სწორედ რუს ტურისტებს აქვთ დაჯავშნილი და ამით ძალიან ბედნიერიც არის.

სახელმწიფო არ მალავს, რომ ტურიზმი არნახულად არის გაზრდილი და, ბიუჯეტის გარდა, თანხას რიგითი ადამიანებიც მიიღებენ.  ოფიციალური სტატისტიკით, ტურისტების 80%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის და რა გამოვიდა? რუსი ტურისტების ფული გვინდა და ქვეყანაში მათი შემოშვება არა? მოდი პირდაპირ საზღვარზე დავხვდეთ, აქ დასახარჯი ფული წავართვათ და უკან გავაბრუნოთ, მაგრამ, როგორც ოქრუაშვილი იტყოდა, „ვის აქვს ამის თავი“?!

მართლა ვერ ვხვდები, რატომ ვეთამაშებით ცეცხლს. გასაგებია პოლიტიკოსების ჩანაფიქრი, მათ ახლა ყველაზე მეტად არეულობა სურთ, ომი სურთ, მაგრამ რიგითი ადამიანები რატომ ვერ ხვდებიან, რას მოიტანს ასეთი დამოკიდებულება? ოქრუაშვილი რომ ამბობს, ვინმე მოკალითო, ხომ ზუსტად იცის (იურისტია), რომ მკვლელს ხანგრძლივი ვადით ციხეში გაისტუმრებენ და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს ქვეყნისთვის. და იცით, რას იზამს მერე ოქრო-ბიჭი? ავტომატს დაიკავებს ხელში, სურათებს გადაიღებს და იტყვის: მე ვიბრძვი, თქვენც იბრძოლეთო; სინამდვილეში კი ისეთ სოროში შეძვრება, ოჯახის წევრებიც ვერ იპოვიან. სწორედ ეს არის ოპოზიციისა და დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მიზანი, მაგრამ იმ ახალგაზრდებს რა მიზანი აქვთ, გრძელტარიან დროშას რომ აძლევენ ხელში და ქნევას აიძულებენ? ნუთუ მართლა ვერ ხვდებიან, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე? ნუთუ არ სჯერათ მშობლების, იმ თაობის, რომელსაც ყველანაირი (მათ შორის ძმათამკვლელი) ომის ჯოჯოხეთი გამოვლილი აქვს?

დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ზამთრის კურორტებზე სასტუმროთა დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია და  80%-ზე მეტი ისევ რუსეთის მოქალაქეების მიერ. ეს დამატებითი შემოსავალია როგორც ქართულ ეკონომიკაში, ისე ათასობით ქართულ ოჯახში და საკმარისია, ერთი ინციდენტიც კი, რომ ეს ჯავშნები, უბრალოდ, გაუქმდეს და მოსახლეობას იმაზე მეტად გაუჭირდეს, ვიდრე ახლა უჭირს. ამიტომ არის უდიდესი სიფრთხილე საჭირო იმისთვის, რომ ვიღაცამ ანალოგიური მოწოდების შემდეგ საკუთარი თავიც არ დაღუპოს და ქვეყნის ინტერესებიც ზედ არ მიაყოლოს. უკვე გითხარით, რომ მთელმა ევროპამ უკრაინელ ლტოლვილებზე ყველანაირი დახმარება გაანულა და გაანულა იმიტომ, რომ მსოფლიოში სერიოზული სასურსათო კრიზისია და უფასოდ არავინ არავის არაფერს აძლევს.

ჰო, იმასაც ნახავდით, ერთ-ერთმა ბარმა რუსი ტურისტებისთვის სპეციალური კითხვარი რომ შეადგინა და შემდეგ გამოაცხადა: ამ კითხვარს არავინ ავსებს, ბარი ვეღარ მუშაობს და იქნებ ქართველები მოხვიდეთო. გაკეთდა მოწოდებები და 2-3 დღის განმავლობაში ბარი სავსე იყო, ახლა კი მორიგი განცხადება გავრცელდა: იქნებ გვეწვიოთ, კლიენტი არ გვყავსო. ასეა, როცა ისეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომელიც იცი, რომ არასწორია და ვაი-პატრიოტების იმედი გაქვს. ასე არც ბიზნესი კეთდება  და არც ურთიერთობის აწყობა. თუნდაც ელენე ხოშტარიას შეხედეთ, მოწოდებებს რომ აკეთებს, რუსულ ფულს სუნი აქვს და არ აიღოთო. წლების განმავლობაში ის და მისი ოჯახი მშვიდად იღებდა რუსულ ფულს, მაგრამ იმას სუნი არ ჰქონდა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ბანკში კუპიურები სპეციალური სითხით მუშავდება.

გინდათ კიდევ ერთი პარადოქსი? გერმანიის ხელისუფლებამ სამი წლის წინათ 80 მილიონ ევროდ კანადაში, „სიმენსის“ ფილიალს სუპერთანამედროვე ტურბინა დაუკვეთა. ამ ტურბინას, რუსეთსა და გერმანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-დან ბუნებრივი აირის ახალი პარტია უნდა მიეწოდებინა გერმანიისთვის. კანადაში მუშაობა დასრულდა და ტურბინა გერმანიაში ჩამოიტანეს. შოლცმა ის პირადად ნახა, ტელევიზიებმაც გააშუქეს, ტაშიც დაუკრეს და… ამერიკის მეცადინეობით, ეს ტურბინა ჯერჯერობით უქმადაა, მანამდე კი გერმანია ბუნებრივ აირს ამერიკისგან ოთხმაგ ფასში ყიდულობს და მოსახლეობას მოუწოდებს, ზამთარში  ეკონომიურად ხარჯოს, რათა ქვეყანა არ გაიყინოს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here