ქართული მხატვრული ფილმი „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ ხომ გინახავთ? დამსახურებულ ფოსტალიონს პენსიაზე რომ უშვებენ და საჩუქრად მაცივარი რომ უნდა მისცენ? ჰოდა, ეს საჩუქარი სრულიად საიდუმლო რომ არის და ყველა თანამშრომელი ეუბნება, მაცივარს გაძლევენ, არ გამამხილოო… ზუსტად ასე იყო ჩვენი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საქმე.
მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა, ყველამ იცოდა, რომ სტატუსის გარეშე არ დავრჩებოდით, მაგრამ ბოლო მომენტამდე, ანუ სანამ შარლ მიშელი ფრუნზიკ მკრტჩიანივით არ გამონარნარდა და არ თქვა: „დალი, დვადცატ შესტ ბე დალი“-ო, მანამდე თითქოს ვერ დავიჯერეთ. მერე იყო, სტატუსის მიღება პრეზიდენტმა ცალკე რომ დაიბრალა, ოპოზიციამ – ცალკე და ხელისუფლებამ ცალკე. მეტიც, ყველამ ცალ-ცალკე იზეიმა და მხოლოდ პრეზიდენტი იყო გაუგებრობაში – ოპოზიციის მიერ გამომცხვარ ტორტსა და შამპანურით ხაბეიშვილი-ვაშაძის წუწაობაზე არ დაპატიჯეს, ხელისუფლების მიერ მოწყობილ ზეიმზე სცენაზე არ აიყვანეს და ჩვენი კონკია, რომელიც პრინცესად პირადად ბიძინა ივანიშვილმა გადააქცია, თავის სასახლეში დაბრუნდა (რომელიც, სავარაუდოდ, ისევ ქოხად გადაიქცევა ერთ წელიწადში).
ჩვენ რომ სტატუსი მოგვცეს, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, რომელიც, სავარაუდოდ, 2-3 წელიწადს გაგრძელდება, ასე ხდება, თუ ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, რომელიმე ქვეყანა მიიღოს, ჯერ კანდიდატის სტატუსს აძლევს, მერე მოლაპარაკებებს იწყებენ და მერე უკვე წევრობა ხელის ერთ გაწვდენაზეა, თუმცა, კიდევ გავიმეორებთ: ეს მაშინ, როცა ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, რომელიმე ქვეყანა მიიღოს, თორემ, თუ კონკრეტულ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მართვა და სათავისოდ დატრიალება სურს, კანდიდატობაც წლობით იწელება და მოლაპარაკებებიც. მაგალითისთვის თურქეთიც კმარა, რომელსაც ლამის მეოთხედი საუკუნეა კანდიდატის სტატუსი აქვს და გაწევრებაზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა. რატომ? იმიტომ, რომ თურქეთი არ ასრულებს რეკომენდაციებს და აცხადებს, რომ ის რეკომენდაციები, რომელთა სანაცვლოდ ევროკავშირის წევრობას ჰპირდებიან, თურქეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. გვაქვს იმის გარანტია, რომ იგივე არ მოხდება საქართველოს მიმართაც? ვინმე დაგვპირდა, რომ რეკომენდაციები, რომლებსაც მოგვცემენ, ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო არ იქნება? არა, ამას არავინ დაგვპირებია და ძაღლის თავიც აქ არის დამარხული. სანამ დეტალურად ვისაუბრებთ, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებას გამოვეხმაუროთ.
„რომ არა უკრაინა და უკრაინის ბრძოლა, ჩვენ ახლა აქ არ ვიქნებოდით. ის, რომ ევროკავშირი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, სწორედ უკრაინაში მიმდინარე პროცესების დამსახურებაა“, – განაცხადა სანდუმ. რა გამოდის? მან აღიარა, რომ ევროპამ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მოლაპარაკების დაწყებისა და კანდიდატის სტატუსის ღირსად მხოლოდ იმიტომ ჩათვალა,რომ უკრაინაში ომია და უკვე ნახევარი მილიონი უკრაინელი მოკვდა, ანუ ევროკავშირისკენ სავალ გზაზე, სულ ცოტა, ნახევარმილიონ გვამზე უნდა გაგვევლო, სხვაგვარად არ გამოდიოდა? აბა, იმ უკრაინელების მშობლებს, და-ძმებს, ცოლებსა და შვილებს ჰკითხეთ, უღირდათ ახლობლების სიცოცხლედ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება? უღირდათ, მასხარა ზელენსკის პრეზიდენტობის გამო ოჯახის წევრების დაკარგვა? გვგონია, რომ არ უღირდათ და ახლა უფრო დამაჯერებლად ჩანს ის, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმეორებდნენ – ევროპა სტატუსის სანაცვლოდ ომში ჩართვას გვთხოვსო. ყოფილა სიმართლე? ყოფილა რეალური?
ჯერ არ ვიცით, რა მოთხოვნები ექნება ევროკავშირს წევრობის სანაცვლოდ, უფრო ზუსტად, ჯერ მოლაპარაკებების გახსნის, შემდეგ კი, წევრობის სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, იქნება მისაღები პირობებიც, როგორიც არის, მაგალითად, ღირსეული პენსია, ნორმალური ჯამაგირი და ა.შ. თუ გახსოვთ, ვივარაუდეთ, რომ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მოგვცემდა და ეს მანამდე იყო, სანამ ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გასცემდა საქართველოზე. ჩვენი ვარაუდის მიზეზი კი ის იყო, რომ ევროპელი ლიდერები კარგად ხვდებიან, ისეთ პირობებში, როგორიც დღეს ქართულ პოლიტიკაშია, ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია. ოპოზიციურ სპექტრს არ აქვს მთავარი – ადამიანური რესურსი და არც სალომე ზურაბიშვილის ახალ ოპოზიციურ ლიდერად წარმოჩენა გამოდის. მხარდაჭერა არც მოქმედ პრეზიდენტს აქვს და ახლა სწორედ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას შეეცდებიან: ევროკავშირის რეკომენდაციების ნაწილი ისეთი იქნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს და ხელისუფლება მათ შესრულებაზე უარს იტყვის. აი, მერე გამოვლენ ევროპელი ლიდერები და იტყვიან, – ჩვენ კი გვინდა ევროკავშირში მიგიღოთ, მაგრამ ხელისუფლება რეკომენდაციებს არ ასრულებსო. აი, ევროპელთაგან ამის თქმას სხვა წონა და ფასი ექნება, თორემ ოპოზიცია და არასამთავრობოები ამ ყველაფერს, დიდი ხანია, გაჰკივიან, მაგრამ არავინ უჯერებს.
ის, რომ ევროპული ქვეყნის არაერთმა ლიდერმა ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინას „შეტენა“, ზელენსკის აშკარად თავში აუვარდა და ისე დაიჭიმება, თითქოს ყარსის ციხე აეღოს. მეტიც, უკრაინელთა პრეზიდენტმა განაცხადა, – ქართველებს აფხაზეთს მე დავუბრუნებო. ჰო, პირობა მოგვცა, აფხაზეთს დაგიბრუნებთო. ვინმე აგვიხსნის, ამ კაცს ვინ ჰკითხავს, აფხაზეთს დავიბრუნებთ, სამაჩაბლოს, ტაო-კლარჯეთს თუ იმპერიას დიდ საქართველოს აღვადგენთ და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადავიჭიმებით? თავისი ქვეყნის ნაწილები ხომ დაიბრუნა და აღადგინა, ორ თვეში ხომ დაამარცხა რუსეთი და ააყვავა ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ახლა ჩვენთვის მოიცალა. ესეც გამიზნული განცხადებაა და გამიზნული იმისთვის, რომ საქართველოში ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა მუდმივად გაიმეორონ: უკრაინა დახმარების ხელს გვიწვდის და ჩვენ არ ვიღებთო. იქეთ დასახმარებელი, ევროპა-ამერიკის მიერ ფინანსურად დაჩოქებულ-დამონებული უკრაინა უკვე დასავლეთისთვისაც აღარ არის საინტერესო, ყოველდღიურად იზღუდება დახმარებების პაკეტი, იარაღის მიწოდებაც აღარავის სურს და… უკრაინამ თავისი საქმე უკვე გააკეთა _ ევროპა-ამერიკას მოძველებული იარაღისგან ხელი დაუცალა, რუსეთი, ასე თუ ისე, დაასუსტა და ეკონომიკაც შეურყია, მაგრამ გამარჯვებაზე საუბარი კი არა, ფიქრიც კი სასაცილოა. უფრო სასაცილო კი ის არის, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და მისი კარის მაღალჩინოსნები იცლიან და სხვა ქვეყანას ჰპირდებიან დახმარებას – ასე და ისე ვიზამთო. ძაღლი შინ არ ვარგოდაო, ხომ გაგიგონიათ?.. ზელენსკისა და მის ხელისუფლებას საქართველოსთვის მტრობის მეტი არაფერი გაუკეთებიათ და არც არაფრის გაკეთებას აპირებენ. როგორ ფიქრობთ, მასხარამ ორიოდე სამხედრო გემი რომ გაუშვას შავი ზღვით აფხაზეთისკენ, აქაოდა, უნდა დავაბრუნოო, ვიქნებით თუ არა ჩვენდაუნებურად კონფლიქტში ჩართული? და მას ამის გაკეთება შეუძლია, თუ დაავალებენ, თუ ეტყვიან… მოსახლეობაშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც დღეს ეიფორიაა – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვცეს. ჯერჯერობით ხმას არავინ იღებს, რას გვთხოვენ ამ სამადლოდ გადმოგდებული სტატუსის სანაცვლოდ, იმ სტატუსის, რომელიც, მოლდოვის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინელი ხალხის გვამებზე გავლით არის მოპოვებული, თორემ არავის ვახსოვდით არც ჩვენ, არც უკრაინა და არც მოლდოვა. აი, როცა რეკომენდაციების პირველი პაკეტი ჩამოვა და გულკეთილი ევროპა უმკაცრესად მოითხოვს ყველა პუნქტის შესრულებას, მერე გვექნება ყველაფერზე ზუსტი პასუხი. ის, რომ შარლ მიშელის რეკომენდაციები არ შესრულებულა, მაგრამ სტატუსი მაინც მოგვცეს, მარტივი მისახვედრია. მაგალითად, არ შესრულდა დეპოლარიზაცია, რომელიც მთავარი მთხოვნა იყო, მაგრამ ევროკავშირმა ამაზე თვალი დახუჭა, არ უხსენებიათ, თითქოს რეკომენდაციების ჩამონათვალში არც იყო შეტანილი; მაგრამ ასე აღარ იქნება, ისინი მკაცრად მოითხოვენ ყველაფერის შესრულებას; წინააღმდეგ შემთხვევაში კი იტყვიან იმას, რაც თავში ვახსენეთ: ხალხს უნდა ევროკავშირი, ხელისუფლებას – არა და ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. აი, მერე რა მოხდება, პროგნოზის გაკეთება უკვე რთულია. მით უმეტეს, რომ ოპოზიციამ, არასამთავრობოებმა და პრტეზიდენტმა კანდიდატის სტატუსის მიღება ლაზარე გრიგორიადისსაც მიულოცეს და ახლა ყველა ელდოება, რომ ახალი წლისთვის პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ლაზარე აუცილებლად მოხვდება და ეს იქნება პირდაპირი მინიშნება დანარჩენებისთვის, რომ მათ მთავრობის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზე ყველაფრის უფლება აქვთ.
მანამდე კი, ახალი წელი მოდის და საქართველო პირველად ხვდება ახალ წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. კიდევ გავიმეორებთ: ჯერ ეიფორიაში ვართ, ჯერ ყველა მუნიციპალიტეტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებია გამოფენილი და ვინ იცის, ცოტა ხნის შემდეგ ეგებ ეს დროშები ხალხმა თავისი ხელთ ჩამოხიოს.
ლევან გაბაშვილი