რა მიზანს ემსახურება ანკარას სამხედრო ოპერაცია აფრინში და ვინ ვის ებრძვის სირიაში?!
“საქართველო და მსოფლიო” საერთაშორისო მიმოხილვას გთავაზობთ რომელიც, ექსპერტთან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ვასილ პაპავასთან ჩაწერა:
ბოლო წლებში ანკარის უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური პრობლემა სირიაში განვითარებული მოვლენებია. თურქეთი საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მიიჩნევს და ყველანაირად ცდილობს, წინ აღუდგეს ასეთ პერსპექტივას.
ფაქტია, რომ სირიის კრიზისმა გამოიწვია ქურთული საკითხის გააქტიურება, რამაც თურქეთი შეაშფოთა, რადგან ქურთები 2012 წლიდან ავტონომიური ადმინისტრაციისა და შეიარაღებული სტრუქტურების ჩამოყალიბებას შეუდგნენ (YPG – „სახალხო თავდაცვითი რაზმები“).
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება „სახალხო თავდაცვითი რაზმები“-სა და პარტია „დემოკრატიული კავშირი“-ს გაძლიერებას (PYD, ქურთ.: Partiya Yekîtiya Demokrat), რომელიც, ანკარის განცხადებით, „ქურთისტანის მუშათა პარტია“-სთან (PKK) დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებებია.
აშშ თავის მხრივ არ ეთანხმება თურქეთის პოზიციას – ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ „სახალხო თავდაცვითი რაზმები“ (YPG) მისი მოკავშირეა სირიაში და ყველაზე ეფექტური ძალაა ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ერდოღანის ქმედებები ცხადყოფს, რომ სირიის მიმართ ანკარის პოლიტიკა კვლავ ეფუძნება არარეალისტურ მიდგომებს, რომელმაც თურქეთი დიდწილად იზოლაციაში მოაქცია. თურქეთი სირიის კრიზისის დაწყებიდან მოითხოვდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების შეცვლას და მხარს უჭერდა სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს, ნაცვლად იმისა, რომ აღეკვეთა ნებისმიერი მსგავსი მცდელობები.
რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, თურქეთმა, ასადის წინააღმდეგ შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავის სამხრეთ საზღვრებზე ახალი საფრთხის წარმოქმნაში, რადგან ზუსტად ბოევიკთა სხვადასხვა ჯგუფების გააქტიურებამ სირიელი ქურთები აიძულა შეიარაღებულიყვნენ (საინტერესოა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, სირიელ ქურთებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამ კუთხით აღმოუჩინა დამასკომ – ეს იმ პერიოდში სირიის ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რათა ქვეყნის საზღვრის ამ მონაკვეთზე დაწესებულიყო კონტროლი, და ამის პარალელურად სამთავრობო ძალები სხვა ფრონტებზე იყვნენ ჩართულნი ფართომასშტაბიან შეტაკებებში ტერორისტების წინააღმდეგ). შედეგად, თურქეთი ჩიხში მოექცა და ახლა ცდილობს გაუმკლავდეს ამ კრიზისის უარყოფით შედეგებს.
თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთის საჯარისო ნაწილები გაყვანილია სირიის აფრინიდან, რათა თავიდან აეცილებინათ შესაძლო სამხედრო პროვოკაციები. ზოგადად, რუსეთის ფედერაცია სირიაში ეწევა რთულ მრავალკომბინირებულ პოლიტიკურ თამაშს, რათა სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეების მანიპულირებით სათავისოდ გამოიყენოს მათ შორის არსებული უთანხმოებები: მოსკოვს სურს შეზღუდოს თურქეთის გავლენა სირიაში, ამავე დროს პუტინის ადმინისტრაცია თურქეთის ფაქტორის გამოყენებით ცდილობს შეზღუდოს ამერიკელების გავლენა სირიაში. რუსეთს ისიც კარგად ესმის, რომ სირიაში პოლიტიკური კონფლიქტის სამშვიდობო დარეგულირება თურქეთის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია
ირანს, ისევე, როგორც რუსეთს, სურს სირიაში თურქეთის გავლენის მაქსიმალურად შეზღუდვა, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად პოლიტიკურ და დიპლომატიურ ზომებს იყენებს. ასე რომ, თეირანის პოზიცია მოსკოვის პოზიციას ემთხვევა.
სირიის კონფლიქტში ირანსა და თურქეთს დიამეტრალურად განსხვავებული ინტერესები გააჩნიათ – თუ თეირანი ყველა შესაძლო გზით მხარს უჭერს ბაშარ ასადის მთავრობას (პოლიტიკური, ტექნიკური, ფინანსური, სამხედრო ინსტრუქტორებისა და შიიტი მოხალისეების გაგზავნა), თურქეთი არ მალავს თავის სურვილს შეცვალოს სირიის ამჟამინდელი მთავრობა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ყასემმა თურქეთს მოუწოდა შეწყვიტოს აფრინის ოპერაცოა და დასძინა, რომ ანკარამ პატივი უნდა სცეს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას.
თეირანი იმედოვნებს, რომ ანკარა “დაუყოვნებლივ” შეაჩერებს სამხედრო ოპერაციას, რათა თავიდან იქნას აცილებული ორი მეზობლის სასაზღვრო რეგიონებში კრიზისის ესკალაცია. ირანი ასევე იმედოვნებს, რომ თურქეთი დარჩება სირიის კრიზისის პოლიტიკური მეთოდებით მოსაგვარების მომხრე.
თურქეთს, სირიასა და ერაყში, თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძლიერი რეგიონალური პოზიციები გააჩნია. მაგალითად, თუ ერაყში, სადამ ჰუსეინის რეჟიმის (პარტია „ბაასი“) დამხობის შემდეგ ანკარის მიზანი იყო რომ ქურთისტანის რეგიონული მთავრობა, რომელსაც მასუდ ბარზანი ხელმძღვანელობდა ეკონომიკურად თურქეთისგან ყოფილიყო დამოკიდებული (სხვათაშორის ეს მისია წარმატებით იქნა განხორციელებული), სირიაში კი სულ სხვა სიტუაციაა. თურქეთისთვის არ არსებობს განსხვავება PKK-სა („ქურთისტანის მუშათა პარტია“) და PYD- ს შორის.
თურქეთში კარგად ესმით, რომ ჩრდილოეთ სირიაში გეოპოლიტიკური ძალაუფლების გაფართოების მიზნით, მათ PKK/YPG-ს სამხედრო ძალებს დამანგრეველი დარტყმა უნდა მიაყენონ. ერდოღანისთვის, აფრინის ოპერაციის (ე.წ. „ზეთისხილის რტო“) საუკეთესო შედეგი იქნება PKK/YPG-ის შესუსტება იმდენად, რამდენადაც სირიის ქურთებს აღარ შეეძლებათ ხელახლა შექმნან მძლავრი შეიარაღებული ძალები.