დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. დროა, საგარეო კურსზე მკაფიო განცხადება გავაკეთოთ და ხმამაღლა ვთქვათ, რომ, დასავლური ღირებულებები კი არა, პირველ ადგილზე ქართული ცნობიერება და ჩვენი ქვეყანა საქართველოა!
ბენჯამინ ფრანკლინი ამბობდა: მსოფლიოში ორი რამ არის გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადებიო. აი, საქართველოში, შემოდგომის დადგომასთან ერთად, ორი რამ გვაქვს გარდაუვალი – რთველი და ოპოზიციის მიერ მორიგი აქციების დაანონსება. რთველი მალე გახურდება (ვინც არ იცის, საღვინე რქაწითელი ერთ ლარად იყიდება, ბევრია თუ ცოტა, თავად განსაჯეთ), აქციების გახურების კი რა გითხრათ. მართალია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ოფიციალურად გამოაცხადა, ხალხის შეგროვებას ვიწყებ და ხელისუფლებას სწორედ ქუჩაში გამოსული ხალხის დიდი რაოდენობა გაუშვებს, სხვა შანსი არ გვაქვსო, მაგრამ მისი ინიციატივა მხოლოდ ლეიბორისტებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსწონთ. საზოგადოდ, ნაციონალებს მოსწონთ ყველაფერი, რაც ხელისუფლების გაშვებასთან არის დაკავშირებული…
ამ ინიციატივის გამოცხადების შემდეგ ჯაფარიძემ კონკრეტული რიცხვი თქვა, – ქუჩაში 60-დან 100 ათასამდე ადამიანი მჭირდება და მერე მე ვიციო და სიხარულით დაამატა, – ორ დღეში 500 ადამიანი მოვაგროვეო. 2 დღეში 500 კაცის მოგროვება იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ, თუნდაც ამ ტემპით რომ იაროს (ან იგოროს) გირჩმა, 5-6 თვე სჭირდება სასურველ რაოდენობამდე ასასვლელად. ეს მაინც არ იქნება ყველაფერი – სიით ნაგროვები ადამიანები ქუჩაში უნდა გამოვიდნენ, უნდა იძახონ, „წადი, წადი“, მერე აქციები რამდენიმე კვირას უნდა გაიჭიმოს და თანაც ხელისუფლებასაც უნდა შეეშინდეს და წავიდეს. სცენარი ისეთია, სპილბერგის რა გითხრათ და, ჰიჩკოკი კი დაფიქრდებოდა ფილმის გადაღებაზე, ცოცხალი რომ იყოს. რეალურად კი, ჯაფარიძე ამ განცხადების გაკეთებას დამოუკიდებლად, უბრალოდ, ვერ გაბედავდა, რადგან ყველაზე კარგად იცის, 100 ათასი ადამიანის კი არა, მის პარტიას ქუჩაში 1000 კაცის გამოყვანის რესურსიც რომ არ აქვს. მაშ, რა ხდება – ვინ გაუჩინა ჯაფარიძესა და ნაციონალებს ეს იმედი?
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დასავლეთი მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ შტურმზე გადავიდა. ისინი ღიად, ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ მიერ დაწერილს სცენარს ასცდა, არ იზიარებს და ეს დასავლეთთან აშორებს. სცენარში კი ბევრი ისეთი რამ წერია, რასაც მხოლოდ ხელისუფლება კი არა, მოსახლეობის უმრავლესობა (მათ შორის, ოპოზიციურად განწყობილიც) არ იზიარებს, მაგრამ ევროპასა და განსაკუთრებით ამერიკას, არაფრის გაგონება არ სურს.
ამერიკელები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ფრონტს არავითარ შემთხვევაში არ გახსნის და სულ ტყუილად ჩაიარა მუქარებმა, მაღალჩინოსნებს დავასანქცირებთ, ივანიშვილს ანგარიშებს გავუყინავთო. ვერ ვიხსენებთ, ბოლოს როდის იყო ჩვენი ხელისუფლების მიერ დასავლეთისთვის ასე მყარად და მკაფიოდ ნათქვამი „არა“, მოსახლეობა კი სრულად იზიარებს ხელისუფლების განწყობას.
შედეგად, დასავლეთი მიხვდა, რომ მეორე ფრონტის გახსნა ერთადერთ (და არა ერთ-ერთ) შემთხვევაშია შესაძლებელი – საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, არჩევნების გზით ეს წარმოუდგენელი ჩანს. თანაც, შემდეგი არჩევნები 2024 წელს არის და იმ დროისთვის მეორე ფრონტის გახსნას აზრი არ ექნება. არც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა ჩანს ჰორიზონტზე და ამიტომ რჩება ერთადერთი გზა – „მშვიდობიანი რევოლუცია“. არადა, რევოლუცია არასდროს არ არის მშვიდობიანი, არც „ვარდების რევოლუცია“ ყოფილა ისეთი, როგორადაც შემოგვასაღეს, და საბოლოოდ, ამ გზით მოსულებმა ადამიანების გვამებზე იარეს. თუმცა, გვამები დასავლეთისთვის არასდროს ყოფილა პრობლემა, არც ახლაა და არც მომავალში იქნება. ჯაფარიძის განცხადება და სურვილი დასავლეთის მიერ რომ არის წაქეზებული, მარტივად აგიხსნით. ყველასთვის ცნობილია, რომ ხალხმრავალი აქციის ჩატარებას დიდი ფინანსები სჭირდება. ელემენტარულად, რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანა, ტრანსპორტირება, კვება, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ვთქვათ, ჯაფარიძეს ოცნება აუხდა და 60 ათასი ადამიანის მოგროვება მოახერხა. ეს ყველაფერი, საუკეთესო შემთხვევაში, 3-4 მილიონი ლარი დაუჯდება და შემდეგ ამ ადამიანების რუსთაველზე შენახვა – დღეში 1.5 მილიონი ლარი. ჰოდა, რამდენიმეკვირიან აქციებს რომ გვიანონსებს ეს კაცი, ხომ ხვდებით, რა თანხებზეა საუბარი?! ფაქტია, რომ ქართულ ოპოზიციას ასეთი ფინანსები არ აქვს და ისინი დასავლეთის იმედად არიან. თუ გახსოვთ, კელი დეგნანმა რომ თქვა, ამერიკას საქართველოს განვითარებაში 6 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს „ჩასხმულიო“ (ამ თანხის უდიდესი ნაწილი არასამთავრობოებს ჩაერიცხათ), კიდევ 20-30 მილიონი დოლარის გამეტება მათთვის არაფერია, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ამერიკა უკრაინაში არნახულად იხარჯება და მეორე ფრონტი როგორც ჰაერი, ისე სჭირდება.
მეორე ფრონტის გახსნაზე უარის გარდა, საქართველომ უარი თქვა იმ სანქციებზეც, რომლებიც ევროპამ და ამერიკამ რუსეთს დაუწესეს. ესეც ხინჯად აქვს დასავლეთს და მერე რა, რომ ამ სანქციების ფონზე ევროპა უკვე შავ დღეშია და ჩეხეთის შემდეგ აქციები გერმანიასა და იტალიაში გაიმართა?! განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გერმანიაში, სადაც ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, დღესვე რომ აღდგეს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება, რეზერვები ცარიელია და ზამთარში მაინც ვერ მოახერხებენ სრულად გათბობას. გერმანიაში არ გამორიცხავენ, რომ უკვე ნოემბერში მოქმედ კანცლერს წასვლა მოუწიოს და ოლაფ შოლცი ჩაანაცვლოს ისეთმა მმართველმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას, ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, დაათბობს. ჰოდა, გერმანია, რომლის ეკონომიკაც ევროპაში ყველაზე ძლიერი იყო, პრაქტიკულად ენერგეტიკული კოლაფსის ზღვარზეა და მიახლოებით მაინც ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა საქართველოში, იგივე მდგომარეობაში რომ აღმოვჩენილიყავით? ეს იცოდა დასავლეთმა და ისიც ზუსტად იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში მეორე ფრონტის გახსნის მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც შემცირდებოდა, ლამაზად შეფუთავდნენ ყველაფერს და იტყოდნენ, რომ ეს, მათი კი არა, სწორედ რუსეთის ბრალია.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის არცთუ ორაზროვანი განცხადება მრავლისმთქმელია. მან პირდაპირ თქვა: ამერიკის მიზანი არის ის, რომ უკრაინამ რაც შეიძლება დიდი ზარალი მიაყენოს რუსეთს, რათა რუსეთმა რამდენიმე წელი მოანდომოს სამხედრო პოტენციალის აღდგენასო. მას არ უთქვამს, მიზანი გამარჯვებააო, რადგან ყველაზე კარგად სწორედ ამერიკამ იცის, რომ უკრაინა განწირულია და ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, უკვე დამარცხებულია. რუსეთს, შესაძლოა, სამხედრო მიმართულებით ძველ რელსებზე დასაბრუნებლად რამდენიმე წელიწადი მართლაც დასჭირდეს, მაგრამ უკრაინას არათუ სამხედრო მიმართულებით, არამედ, საზოგადოდ, ნორმალურ კალაპოტში ჩასადგომად ნახევარ საუკუნეზე მეტი დასჭირდება, ნახევარი საუკუნე კი ძალიან, ძალიან ბევრია.
ისევ ქართულ ოპოზიციას დავუბრუნდეთ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა დასავლეთის მიერ მოცემული რეკომენდაციები არ შესრულდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში არც მათ და არც დასავლელ „პარტნიორებს“ ხმის ამოღების შესაძლებლობა აღარ ექნებათ. დასავლეთიც მზად არის იმისთვის, რომ ოპოზიცია მათ მითითებებს არ შეასრულებს და შემდეგ თითს ხელისუფლებისკენ გაიშვერს. ისინი ოპოზიციას კი არ აკრიტიკებენ, საპარლამენტო მუშაობაში რატომ არ მონაწილეობთ ან რატომ არ ცდილობთ ჩვენი რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვასო, არამედ პირდაპირ ხელისუფლებაზე აპელირებენ, ოპოზიციასთან საუბარს ვერ ახერხებთო.
ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ გაშვება კანონის ფარგლებში არ გამოდის და ამიტომ დაწყებულია ფართომასშტაბიანი შეტევა, როგორმე მოამწიფონ აზრი, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, და ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. რამდენი ადამიანი გამოდის ქუჩაში ნებაყოფლობით, ევროპამაც და ამერიკამაც არაერთხელ ნახა და ახლა ამ საქმეში დიდძალი ფული ჩაიდება. სამწუხაროდ, სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, დღეში 50 ლარად ბევრი ადამიანი დადგება ქუჩაში და დროშასაც ბევრი ააფრიალებს. ოპოზიციასა და დასავლეთს კი სწორედ რაოდენობა სჭირდება, რათა შემდეგ თავები დათვალოს და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახვოს, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგი ათიათასობით ადამიანია. აკი პირდაპირ თქვა ჯაფარიძემ, – 60 ათას ადამიანზე მეტი თუ გამოვა, სასურველ შედეგს მივაღწევთო. ისინი მუშაობენ რაოდენობაზე და რეგიონული ოფისებიც დაქოქა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რათა საჭირო დროს თუნდაც სრულიად აპოლიტიკური ადამიანი თბილისში ჩავიდეს და დროშა აფრიალოს. ის, რომ მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი უმუშევარია და აქციაზე დგომასა და ფულის მიღებას ჩვეულებრივ სამსახურად ჩათვლის, ხელისუფლების ბრალია, მაგრამ…
ოპოზიციისთვის 2-3 გვამი პრობლემა არასდროს ყოფილა და არ გამორიცხოთ, რომ ახლაც ამაზე ექნეთ გათვლა. ეს მათთვის ლანგარზე მირთმეული საჩუქარი იქნება და გვერწმუნეთ, ამისთვის გაწირავენ და გაიმეტებენ ნებისმიერს, ვინც კი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდება. ამიტომ ქართველ ერს, როგორც არასდროს, ისე მართებს დაფიქრება იმაზე, რა შეიძლება მოჰყვეს თუნდაც 50 ლარად აქციაზე დგომასა და დროშის ფრიალს. დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება და დროა, საგარეო კურსზე მკაფიო განცხადება გავაკეთოთ, ხმამაღლა ვთქვათ, რომ, დასავლური ღირებულებები კი არა, პირველ ადგილზე ქართული ცნობიერება და ჩვენი ქვეყანა საქართველოა!
ლევან გაბაშვილი