Home ახალი ამბები საქართველო პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტს: 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერსა და ფაქტობრივ...

პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტს: 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერსა და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ

„9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერსა და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ“, – წერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილში, რომლითაც მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არავითარ დასაბუთებას არ ეფუძნება.

„რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“. რეზოლუციაში, ასევე, გამოთქმულია შეშფოთება „კრემლთან ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს“. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, „განიხილონ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა. ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა“, – აღნიშნავს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილის წერილი სრულად წაიკითხეთ ამ ბმულზე.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here