საიდუმლო არავისთვისაა, რომ ევროპა და ამერიკა უკრაინას მხარს ყველა მიმართულებით უჭერენ. მეტიც, უკრაინიდან პროდუქტების იმპორტზე ევროკავშირის ქვეყნებმა ტარიფებიც კი გააუქმეს, ანუ უკრაინას შეუძლია ნებისმიერი ჭარბი პროდუქცია ისე გაიტანოს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში (ამერიკაში არა), რომ გადასახადი არ გადაიხადოს. ეს კი შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტი იაფად გაყიდოს და სოლიდური შემოსავალიც მიიღოს. ეს მიდგომა უკრაინელებისთვის სასარგებლო აღმოჩნდა, მაგრამ ევროპის ქვეყნებში სერიოზული პრობლემები შექმნა. მაგალითად, პოლონეთში, ადგილობრივ ფერმერებს მარცვლეული და ათობით სხვა პროდუქტი არ ეყიდებათ, რადგან უკრაინიდან შეტანილი ადგილზე წარმოებულთან შედარებით იაფია.
ფერმერთა პროტესტი ისე მძლავრი იყო, რომ პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო, მაგრამ, ეს საქმეს რომ ვერ უშველიდა, თავიდანვე ცხადი იყო. ამიტომ პოლონეთმა უკრაინიდან მარცვლეულის შეტანა არათუ შეამცირა, არამედ საერთოდ აკრძალა. ჰოდა, მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნებმა პოლონეთის მთავრობას გადაწყვეტილება დაუწუნეს, უკრაინიდან მარცვლეულის შეტანა ჯერ უნგრეთმა აკრძალა, შემდეგ – სლოვაკეთმა. მიზეზი ორივე შემთხვევაში ზუსტად იგივე იყო, რაც პოლონეთის შემთხვევაში. სამივე ქვეყნის პრემიერებმა ევროკავშირს უკვე მიმართეს, რათა ორგანიზაციამ უკრაინისთვის დაწესებულ შეღავათებს გადახედოს. პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა აკრძალვა 30 ივნისამდე დააწესეს, მაგრამ ამ ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ, თუ ეს მიდგომა გაამართლებს, აკრძალვის ვადას გაახანგრძლივებს. აკრძალვის გარდა, უნგრეთის მთავრობამ უკვე დაადასტურა, რომ, თუ ევროკავშირი არ გადახედავს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმებას ეხება, ამას თვითონ გააკეთებს და ევროკავშირის გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად გააუქმებს. ასეთი კატეგორიული ტონის შემდეგ ევროკავშირში შემავალი დიდი ქვეყნების ლიდერებმა პოზიცია შეცვალეს და აღნიშნეს, რომ სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი მარტივი გასაგებია, მაგრამ… ქართველებისთვის აშკარად გაუგებარი. რას ნიშნავს, სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ დიდ ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკას? აბა, ჩვენ დაბალი ღობე გვნახეს? საშინაო საქმეებში ჩარევაც არ ჰქვია იმას, რასაც დასავლეთი ჩვენ გვიკეთებს – ელჩების მეშვეობით თუ მათ გარეშე ცდილობენ, არა მხოლოდ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიაღებინონ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ კანონებს მუხლობრივად გვისწორებენ, აქციებს გვიანონსებენ მაშინ, როცა რაღაც არ მოსწონთ, ამ აქციებზე თვითონ მიდიან, ხალხს აგულიანებენ და ეუბნებიან, რომ მათი პროტესტი სწორია. რაღაც არ გვახსენდება, საფრანგეთში დღემდე მიმდინარე აქციებზე რომელიმე უცხო ქვეყნის დიპლომატი მისულიყო და ქუჩაში მდგარი ხალხისთვის მოეწოდებინა: აბა, თქვენ იცით, მაკრონი სისულელეს აკეთებს, არ დაანებოთო. არც ის გვსმენია, ავტომობილებისა თუ მაღაზიების დაწვაში ეჭვმიტანილი პირების გათავისუფლებას ითხოვდეს ვინმე და მეტიც, მათ გმირად რაცხავდეს. აი, ჩვენ კი…
ხორბლის მიმართ პრობლემა საქართველოშიც ბევრია. ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, რომ შემოტანილი ხორბალი უფრო იაფი ღირს, ვიდრე ადგილზე მოწეული, თუმცა ამჯერად საუბარი რუსულ ხორბალზეა, რადგან ჩვენ, პრაქტიკულად, 100%-ით სწორედ რუსეთიდან ვმარაგდებით. უკრაინული ხორბლისგან კი იმით განსხვავდება, რომ რუსულ ხორბალს ბაჟიც ეხება და სხვა გადასახადებიც, ანუ არანაირი შეღავათით არ სარგებლობს და მაინც უფრო იაფი რომ ღირს, ეს ჩვენი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრობლემა უფრო გვგონია, ვიდრე რუსული მხარის; თანაც დიდ მასშტაბზე ნამდვილად არ არის საუბარი. ეგებ ისიც არ იყოს ურიგო აზრი, ფერმერები დაახლოებით 20-თეთრიან სუბსიდიას რომ ითხოვენ. ამ ეტაპზე ამ სუბსიდიის გაცემა შეიძლება (კიდევ ვიმეორებთ: მცირე მასშტაბზეა საუბარი) და სამომავლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იმდენი უნდა მოახერხოს, რომ აქ მოყვანილი არათუ ხორბალი, არამედ ნებისმიერი პროდუქცია, შემოტანილზე, განბაჟებულ-გადასახადებგამოვლილზე ძვირი არ ღირდეს. ხომ არ ვამბობთ, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი სინდისმა უნდა შეაწუხოს და პოლონელ კოლეგასავით გადადგეს?!
როცა მიდგომებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, აღინიშნოს: ნებისმიერი რამ, რაც კი ოდნავ ეჭვს აჩენს, რომ საქართველო შეიძლება უკრაინას რამეში არ ეხმარებოდეს, ევროპა-ამერიკისთვის მაშინვე კრიტიკის საგანი ხდება და, იმის მიუხედავად, რომ მტკიცებულებები არ აქვთ, პრევენციის მიზნით მაინც გვაკრიტიკებენ. აი, პოლონეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს ვერ გაუბედეს თითის დაქნევა იმიტომ, რომ არავინ დააქნევინებდა, და თანაც სამივე ქვეყანამ ზუსტად იცის, რომ, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის ინტერესები უნდა დაიცვას და მერე – სხვა ქვეყნის, ის „სხვა“თუნდაც უკრაინა იყოს.
მაშინ, როცა ევროპული ქვეყნები თავიანთ მოსახლეობაზე ფიქრობენ და დიდი სახელმწიფოების და განსაკუთრებით ამერიკის ფეხის ხმას ბრმად აღარ მიჰყვებიან, დიდი შვიდეულის ხუთმა ქვეყანამ წინადადება წამოაყენა, რუსეთი ნავთობის ბაზრიდან საერთოდ გავაძევოთო. საქმე ის არის, რომ რუსულ ნავთობზე დაწესებული შეზღუდვების გამო ნავთობის ფასი საერთაშორისო ბირჟებზე, პრაქტიკულად, ყოველდღიურად იმატებს და პატარა ქვეყნები მზად არიან, ნავთობზე სწორედ რუსეთს ესაუბრონ, რაც ამერიკის, ბრიტანეთის, იაპონიისა და სხვათა ინტერესებში აშკარად არ შედის. ბაზრიდან რუსეთის ოფიციალურად გაძევებით ნებისმიერი ქვეყანა იძულებული იქნება, ნავთობი იმ ქვეყნებისგან და იმ ფასად იყიდონ, რომელსაც დაუწესებენ, და ეს მხოლოდ ხუთი ქვეყნის ინტერესი იქნება. ადრე თუ კულუარული ომი იყო და დიდი სახელმწიფოები პატარებს ღიად არ ჩაგრავდნენ, მხოლოდ დახურულ კარს მიღმა იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ახლა ბრძანებებსა და მითითებებს იძლევიან, როგორ უნდა იცხოვრონ მცირე ერებმა, როგორი კანონები უნდა ჰქონდეთ, რა უნდა ჭამონ და რა უნდა სვან, რა იყიდონ და რა არ იყიდონ. ეს აღარ არის ფარული მითითებები, ეს არის მსოფლიო ბატონობაზე პრეტენზიის გამოცხადება და ერთადერთი (ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი) სახელმწიფო, რომელიც ამ გეგმის განხორციელებაში დასავლეთს ხელს უშლის, რუსეთია; ამიტომაცაა, კონკრეტულად რუსეთის წაქცევასა და დაქცევასა რომ ცდილობს ამერიკა და ევროპა. თანაც ისე ცდილობს, თვითონ ნაკლებად რომ დაზიანდეს და აგერ, ნახევარი თუ არა, მესამედი უკრაინა უკვე შეაკლა რუსეთს და დანარჩენსაც იგივე ბედი ელის უახლოეს თვეებში. არახალია ამერიკული გენერალიტეტის „ვარაუდები“ იმის თაობაზე, რომ ომი, სულ ცოტა, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და სამხედრო დაპირისპირება რეალურად გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ამერიკასა და ევროპის დიდ ქვეყნებს სჭირდებათ. შანსი იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლებას გონს მოიყვანს, დონალდ ტრამპმა გააჩინა, როცა განაცხადა: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, გავიმარჯვებ და ომსაც ერთ თვეში დავასრულებო. სწორედ ამ განცხადების შემდეგ აღძრეს ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და, თუ მას პრეზიდენტობისა და „კეთილი ბერიკაცის“ ჩანაცვლების სურვილი კიდევ ექნება, უბრალოდ, დაიჭერენ და ციხეში გამოამწყვდევენ. ისე, საინტერესოა, ტრამპი რომ დააპატიმრონ ამერიკელებმა, ევროპარლამენტი მიღებს რეზოლუციას, – პრეზიდენტი როგორ დაიჭირეთ, გამოუშვითო?! ან ბაიდენს დღეში ათჯერ მოუწოდებენ, – გინდა თუ არა, მისტერ დონალდი შეიწყალეო?! რა თქმა უნდა, არა, იმიტომ, რომ ამერიკისა და სხვა დიდი ქვეყნების გადაწყვეტილებები არ განიხილება, ისინი ყოველთვის მართლები არიან და როგორ შეიძლება, „ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის“, ამერიკის, პირველი პირი შეცდეს, ის ხომ ყოველთვის მართალია?! რატომღაც გვგონია, რომ პოლონეთ, უნგრეთი და სლოვაკეთი პირველი მერცხლები არიან და მათ მალე ევროპის არაერთი ქვეყანა აჰყვება. ყველა მიხვდა, რომ რუსეთის ეკონომიკური „გაგუდვა“ არც გრძელვადიან პროგნოზშია გარანტირებული და ესეც არ იყოს, შეღავათების მიცემა უკრაინისთვის ევროპის ქვეყნებს ძალიან ურტყამს. საკუთარი პროდუქციის გასაღების პრობლემას ვინ ჩივის, ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ლამის ყველას ავალდებულებენ, უკრაინელებს ნებისმიერი მიმართულებით ხელი დაუცალონ და… თვითონ ასე არ იქცევიან. ადვილი მისახვედრია, რომ უკრაინული მარცვლეულის მიღების აკრძალვა სამივე ქვეყანას ახეირებს, 30 ივნისამდე დაწესებული შეზღუდვა აუცილებლად გაგრძელდება და სხვა ქვეყნებსაც გადაედებათ. იმედია, მერე ჩვენ არ დაგვავალდებულებენ, – გინდათ თუ არა, ჩერნობილის მიმდებარე ველებზე მოწეული მარცვლეული იყიდეთო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროპელებმა არ იციან, რას ყიდულობენ, ძალიან ცდებით. მათ ერთი სული აქვთ, რუსული მარცვლეული შეიძინონ, მაგრამ ადრე აყოლილ საყოველთაო პროტესტს, ხელის ერთი მოსმით ვერ ეხსნებიან, თუმცა ამის დრო რომ მოვიდა, უკვე იგრძნობა… დაიწყო კიდეც…
ბესო ბარბაქაძე