უკრაინელები მასობრივად მიემგზავრებიან პოლონეთში სამუშაოდ, მაგრამ შემდეგ უმეტესობა უკან დაბრუნებას ცდილობს. ყველაფრის თავიდათავია სამუშაო პირობები, რომლებსაც მონური შეიძლება ვუწოდოთ. ამის თაობაზე ისაუბრა უკრაინის ტელეეთერში იურისტმა ოლგა ბარსუკოვამ.
მან აღიარა, რომ, როცა კადრების განყოფილების უფროსად მუშაობდა, შეამჩნია, რომ კომპანია ახალგაზრდა სპეციალისტებს კარგავდა. “ისინი, სანამ შეეძლოთ, სწავლის პარალელურად მუშაობდნენ, შემდეგ გაემგზავრნენ, მაგრამ 2-3 თვეში უკან დაბრუნება დაიწყეს”.
ბარსუკოვამ დაწვრილებით ილაპარაკა იმაზე, თუ რა ელოდება უკრაინელებს “სტუმართმოყვარე” დასავლეთელი მეზობლების ქვეყანაში.
“დაახლოებით 60 პროცენტი დაბრუნდა. ჩემი ნაცნობი, რომელიც პოლონეთში სამუშაოდ წავიდა, 6 თვეში გამოიქცა. მან მითხრა, რომ, თუ დაიწყე მუშაობა, ცოტა ხანში ჯანმრთელობის პრობლემები გაგიჩნდება. ბევრი უკრაინელი ჩავიდა იმ ქარხანაში სამუშაოდ, რომელშიც ეს კაცი იყო დასაქმებული, მაგრამ, როგორც კი საამქროში შევიდოდნენ, სამუშაო დაწყებულიც არ ჰქონდათ, უცებვე გარბოდნენ, ვერ უძლებდნენ. სააგენტოს ფულს უხდი, ჩადიხარ და მონასავით უუფლებო ხდები. კარგია, თუ ბედი გაგიღიმებს და ცოტა ფულს იშოვი, მაგრამ გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ პოლონეთში არავინ გელოდება”, _ თქვა ამ ქალმა.