ნიდერლანდები შეიძლება ევროკავშირიდან გავიდეს. Nexit-ზე (Brexit-ის ანალოგიით, N _ ნიდერლანდები, exit _ გასვლა _ რედ.) უკვე მსჯელობენ ევროპელი ექსპერტები.
“ნიდერლანდების გასვლა ევროკავშირიდან არათუ შესაძლებელი, არამედ ლოგიკურია. და ნიდერლანდების გასვლით ევროკავშირი დაიშლება. მიზეზი ერთია _ ეს “პროექტი” ექსპლუტაციის ობიექტად იქცა აშშ-ის მხრიდან. უკვე ორი ათეული წელიწადია, ევროკავშირი ამერიკელების პლაცდარმად იქცა”, _ განაცხადა საერთაშორისო არაკომერციული ფონდის _ “გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრის” დირექტორმა, პოლიტოლოგმა ვალერი კოროვინმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს ევროკავშირს. ამის გამო გაერთიანების ზოგიერთმა წევრმა დაიწყო უკმაყოფილების გამოთქმა. ევროპული პრესა წერს, რომ ევროკავშირიდან გასვლის კანდიდატები არიან: საფრანგეთი, დანია, შვედეთი და ავსტრია. ეს ქვეყნები ყველაზე მეტად არიან მზად “თავისუფალი ცურვისთვის”.
ევროკავშირის დაშლის კიდევ ერთი ფაქტორია კორონავირუსი. პანდემიამ ყველას დაანახვა, რომ არ არსებობს ერთიანი პოლიტიკური სოლიდარობა ევროპის ქვეყნებს შორის და, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს აღწევდა, ყველა თვითონ ცდილობდა თავის გადარჩენას.
ერთადერთი გამოსავალი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელსაც სურს სუვერენიტეტისა და ეკონომიკის შენარჩუნება, ევროკავშირიდან გასვლაა.
“საჭიროა ევროპის გადაფორმატება, ის უნდა იქცეს ხალხების ევროპად, ევროპული კულტურის ცენტრად და ჰქონდეს თავისი ბედის განკარგვის შესაძლებლობა. ძველი, ბებერი ევროპიდან უნდა გაიქცე და ის, ვინც სწრაფად გაიქცევა, მოგებული დარჩება”, _ განაცხადა კოროვინმა.
ტერმინ Nexit-ის ავტორია გერტ ვილდესი _ ნიდერლანდების ოპოზიციური “თავისუფლების პარტიის” ხელმძღვანელი. ის ჯერ კიდევ 2014 წელს მოუწოდებდა თანამემამულეებს ევროკავშირიდან გასვლისკენ. ბრიტანული კვლევითი ცენტრის, Bruges Group-ის, მიერ 2017 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ნიდერლანდელთა 56% უჭერდა მხარს ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას. მას შემდეგ გასვლის იდეამ კიდევ უფრო მეტი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. ნიდერლანდელები უკმაყოფილონი არიან მიგრანტების მიღების საერთო ევროპული კვოტებითა და საბიუჯეტო თანხების განაწილებით ქვეყნებს შორის.
ევროკავშირის ბოლო სამიტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გაიმართა ბრიუსელში, ნიდერლანდების პრემიერმა მარკ რიუტემ ევროპელი კოლეგების თითქმის ყველა წინადადება გააკრიტიკა, ბოლოს კი კმაყოფაზე მყოფი ქვეყნებიც დაასახელა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის “დონორები”, მაგრამ ევროპის ცენტრალური ბანკიდან თანხების მიღებას მაინც ცდილობენ. ასეთ ქვეყნებად ნიდერლანდების პრემიერმა დაასახელა ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი.
polit.info.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა