Home სხვადასხვა დაიჯესტი Newsmax.com: საფრანგეთში არჩევნებს მოჰყვება “ფრექსიტი”?

Newsmax.com: საფრანგეთში არჩევნებს მოჰყვება “ფრექსიტი”?

მარინ ლე პენი

ინტერნეტსაიტის აზრით, საფრანგეთის პრეზიდენტად ფრანსუა ფიიონის ან ემანუელ მაკრონის არჩევა ევროპაში აშშის ინტერესების გამარჯვების უტყუარი დადასტურება იქნება.

23 აპრილს საფრანგეთი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე მოულოდნელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. უახლეს ისტორიაში პირველად ორი არაძირითადი პარტიის კანდიდატები _ ემანუელ მაკრონი, რომელიც სათავეში უდგას მოძრაობას “წინ!”, და მარინ ლე პენი, “ეროვნული ფრონტის” ლიდერი, შეიძლება არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სოციალისტური პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატის, ბენუა ამონის, გამარჯვების შანსი მნიშვნელოვნად დაკნინდა იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ვერც ქვეყნის უსაფრთხოების, ვერც ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

ტერორისტულმა აქტებმა პარიზში 2015 წლის ნოემბერში და ბასტილიის აღების დღეს ნიცაში მოწყობილმა თავდასხმამ ხელისუფლების სრული უუნარობა წარმოაჩინა, რომელმაც სოციალისტური პარტიის მხარდაჭერას საფუძველი გამოაცალა. საფრანგეთის ეკონომიკა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ წელში ვერ გაიმართა, ოლანდის მაღალი საგადასახადო ტარიფების დაწესების პოლიტიკამ კი კაპიტალის დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში “გაქცევა” გამოიწვია, ანუ იქ, სადაც დაბალი გადასახადებია. საფრანგეთისთვის დამატებითი შემოსავლების მიზიდვა ფანტაზიის ნაყოფად დარჩა.

ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიმართ საფრანგეთის მოსახლეობის უკმაყოფილებას შედეგად პრეზიდენტობის პოპულისტური კანდიდატის _ მარინ ლე პენის პოზიციების განმტკიცება მოჰყვა, რომელიც გამოკვეთილად ანტიგლობალისტური და ანტიევროპულია.

ლე პენის შეხედულებები ეყრდნობა რუსეთის მიერ მის მხარდაჭერას, რომელიც (რუსეთის ფედერაცია) უთუოდ მოიგებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის დასუსტების შედეგად. 2002 წელს “ეროვნული ფრონტის” ლიდერი ჟან-მარი ლე პენი დამარცხდა გოლისტებისა და სოციალისტების კოალიციასთან ბრძოლაში, რომელმაც მხარი დაუჭირა მის ოპონენტ ჟაკ შირაკს. ამჯერად ისე ჩანს, რომ იგივე არ გამეორდება, რადგან ფრანგი ამომრჩევლები ორივე პარტიით უკმაყოფილო არიან.

საფრანგეთის ამომრჩევლების მარინ ლე პენისკენ გადახრის აღსაკვეთად ემანუელ მაკრონმა დააარსა ახალი პოლიტიკური პარტია “წინ!”, რომელიც “ეროვნულ ფრონტს” აშკარად დაუპირისპირდა. საფრანგეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის არაერთმა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ მარინ ლე პენთან დაპირისპირებაში მაკრონს მეტი შანსი გააჩნია, მაგრამ ეს სცენარი არ ითვალისწინებს გარე ფაქტორების გავლენას, რომლებსაც შეუძლია გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, კერძოდ, რუსეთის მხრიდან ჩარევის რისკს: გამორიცხულ არ არის, რომ გაჩნდეს მაკრონის მაკომპრომენტირებელი ინფორმაცია.

მარინ ლე პენის გამარჯვება უთუოდ აიძულებს საფრანგეთს, გამოვიდეს ევროკავშირიდან და, რადგან საფრანგეთი და გერმანია აღნიშნული კავშირის ყველაზე გავლენიანი წევრები არიან, “ფრანგსიტმა” შეიძლება ევროკავშირის დაშლა გამოიწვიოს. საფრანგეთს სჭირდება ეკონომიკური დერეგულაცია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ევროკავშირიდან გასვლის ნაცვლად, საფრანგეთმა უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს გერმანიის გასაწონასწორებლად (განსაკუთრებით, “ბრექსიტის” შემდეგ), ამასთან, გაააქტიუროს სხვა ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობა უშიშროების საკითხებში ტერორიზმის თავიდან აცილების მიზნით. ვერც ლე პენი, ვერც მაკრონი ვერ შეძლებენ ასეთი პოლიტიკის რეალიზებას.

შეერთებული შტატები დაინტერესებულია ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნებით, რადგან ამერიკას უადვილდება ევროპაში ერთ მოკავშირესთან საქმის დაჭერა, ვიდრე რამდენიმე ქვეყანასთან ცალ-ცალკე საუბარი. მარინ ლე პენისგან განსხვავებით, ემანუელ მაკრონი და მემარჯვენე ცენტრისტების კანდიდატი ფრანსუა ფიიონი ამომრჩევლებს ჰპირდებიან, რომ საფრანგეთს შეუნარჩუნებენ ნატოს წევრობას. ამერიკის თვალსაზრისით, ფიიონიც და მაკრონიც საუკეთესო ვარიანტები არიან ევროპაში აშშ-ის ინტერესების დასაცავად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here