Home რუბრიკები საზოგადოება NBA-ში ჯილდოები დაარიგეს. იანისი ყველაზე ღირებულია

NBA-ში ჯილდოები დაარიგეს. იანისი ყველაზე ღირებულია

585

2014 წელს NBA-მ 24-მილიარდიანი ტელეკონტრაქტი გააფორმა ტელეარხებ ESPN-სა და თNთ-სთან. კონტრაქტი იმოქმედებს 9 წლის განმავლობაში დაწყებული 2016/2017 წლების სეზონიდან. ამ კონტრაქტის პირობების მიხედვით, NBA ვალდებულია, მოაწყოს ჯილდოების გადაცემის ცერემონია _ “ოსკარის”, “გრემის” ანალოგიური ან ისეთი, რომელიც ემსგავსება ჰოკეის ნაციონალური ლიგის (NHL-ის) ღონისძიებას. 

მაგრამ აი პრობლემა: NBA-ში ჯილდოებს ანიჭებენ რეგულარული სეზონის მიხედვით. ფლეი-ოფების სტარტის წინ კი ფანჯრის მოძებნა, ყველა ხმის დათვლა, ცერემონიის სცენარის დაწერა, გამარჯვებულების თავმოყრა ერთ ადგილას რთული საქმეა. ამიტომ ისევე, როგორც NHL-ში, დაჯილდოების ცერემონია გადაიტანეს ივნისის ბოლოს.

ცერემონიის წამყვანი იყო შაკილ ო’ნილი. ცერემონია დაიწყო შაკის ფეხების ჩვენებით წინასწარ მომზაწდებულ სკეტჩში, შემდეგ გაგრძელდა მისივე ცეკვის (რეპის) ფონოგრამაზე და ხუმრობებით თანაწამყვან ჩარლზ ბარკლის მიმართ. ბარკლიმ და კიდევ ერთმა თანაწამყვანმა კენი სმიტმა მიიწვიეს კომიკოსი, რომელმაც შაკილ ო’ნილზე შეასრულა პაროდია. ასეთივე იყო მთელი ცერემონია _ ალაგ სასაცილო, ალაგ უცნაური და გაუგებარი.

პირველი ჯილდო გადაეცა საუკეთესო ახალბედას _ ეს ჯილდო 100-დან 98 ხმით მოიპოვა “დალას მავერიქსის” კალათბურთელმა, სლოვენიელმა ლუკა დონჩიჩმა. კალათბურთელად, რომელიც ყველაზე სწრაფად განვითარდა, აღიარეს “ტორონტო რეპტორსის” კამერუნელი მოთამაშე პასკალ სიაკამი (86 ხმა 100-დან). ის პირველი კალათბურთელია, რომელმაც, ყველაზე პროგრესული მოთამაშის ტიტულთან ერთად, იმავე სეზონში მოიპოვა NBA-ს ჩემპიონობაც.

საუკეთესო დამცველად აღიარეს რუდი გობერი _ “იუტა ჯაზის” ფრანგი კალათბურთელი. თუმცა ამ ტიტულის გობერისთვის მინიჭება საკამათოა, რადგან “იუტასა” და “ჰიუსტონის” მატჩში ნათლად წარმოჩნდა “იუტას” პრობლემები დაცვაში. ეს ჯილდო გობერმა მეორედ მოიპოვა, თანაც ზედიზედ. ამდენივე ჯილდო აქვს ტიმ დანკანს, მაიკლ ჯორდანს, კევინ გარნეტსა და სკოტი პიპენს.

ერთადერთი ამერიკელი, რომელმაც ერთ-ერთი ძირითადი ჯილდო მოიპოვა, არის ლუის ტაირონ “ლუ” უილიამსი (“ლოს-ანჯელეს კლიპერსი”), რომელიც გაუთანაბრდა ჯამალ კროუფორდს საუკეთესო სათადარიგო მოთამაშისთვის განკუთვნილი სტატუეტების რაოდენობით.

პასკალ სიაკამი
პასკალ სიაკამი

ამ წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, გადაწყვიტეს, არ გადაეცათ პრიზები საუკეთესო ტყორცნისთვის, დაფარებისთვის და ა.შ., შემოიფარგლნენ მხოლოდ ერთით: “სეზონის საუკეთესო მომენტი”. ეს ჯილდო მოიპოვა დერიკ როუზმა (“მინესოტა ტიმბერვულზი”), რომელმაც ერთ თამაშში 50 ქულა მოაგროვა. პრიზი საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის გადაეცა ბრედლი ბილს (“ვაშინგტონ უიზარდსი”). ყველაზე თავგანწირულ მოთამაშედ (ეს პრიზი გადაეცება იმ კალათბურთელს, რომელსაც, სტატისტიკის მიხედვით, საუკეთესო მონაცემები აქვს ბლოკის დაყენებაში, დაცვის დროს ბურთის შეხებაში და ა.შ.) დაასახელეს მარკუს სმარტი (“ბოსტონ სელტიკსი”). კრეიზ სეიგერის სახელობის პრიზი სიმამაცისთვის, რწმენისთვის, თანაგრძნობისა და გულმოწყალებისთვის გადაეცა ტელეწამყვან რობინ რობერტსს, რომელიც 2012 წლიდან ებრძვის კიბოს.

კარიერაში მიღწეული წარმატებისთვის პრიზები გადასცეს ორ ლეგენდას _ ლერი ბიდსა და მეჯიკ ჯონსონს.

რუდი გობერი
რუდი გობერი

მთავარი პრიზი _ NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ტიტული კი დაიმსახურა არა 2018/2019 წლების სეზონის საფინალო სერიის MVP-მ კავაი ლეონარდმა (“ტორონტო რეპტორზი”), არამედ რეგულარული ჩემპიონატის გამორჩეულმა მოთამაშემ, ბერძენმა, წარმოშობით ნიგერიელმა იანის ანტეტეკუნმპომ (“მილუოკი ბაქსი”) მეტსახელად “გრეკ ფრიკსმა”, რომელიც მას უნიკალური ფიზიკური პარამეტრების გამო შეარქვეს.

იანის ანტეტეკუნმპო დაიბადა 1994 წლის 6 დეკემბერს (სიმაღლე _ 2 მ 11 სმ, წონა _ 110 კგ).

მაიკ ბუდენჰოლცერი
მაიკ ბუდენჰოლცერი

საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული ჯილდო გადაეცა “მილუოკი ბაქსის” მწვრთნელ მაიკ ბუდენჰოლცერს.

ცნობისთვის: ქარიმ აბდულ ჯაბარი ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც MVP-ის ტიტული და, შესაბამისად, 1946-1965 წლებში NBA-ს პრეზიდენტ მორის პოდოლოფის სახელობის ჯილდო 6-ჯერ მოიგო. ბილ ბასელისა და მაიკლ ჯორდანის ანგარიშზე 5 ასეთი ჯილდოა. უილტონ ჩემბერლენი ამ ჯილდოს 4-ჯერ დაეუფლა, მოზეს მელოუნი, ლარი ბირდი, ლებრონ ჯეიმსი _ 3-3-ჯერ. ბობ პეტიმ, კარლ მელოუნმა, ტიმ დანკანმა და სტივ ნეშმა 2-2-ჯერ შეძლეს MVP-ის ტიტულის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ MVP-ის ტიტულის მფლობელთა შორის 4 არაამერიკელია: პაკიმ ოლაჯიუვონი (ნიგერია), ტიმ დანკანი (ამერიკის ვირჯინიის კუნძულები), სტივ ნეში (კანადა) და დირკ ნოვიცკი (გერმანია).

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here