მას შემდეგ, რაც ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საბაბით, ჩვენს დედაქალაქს რიგრიგობით სტუმრობენ ევროპელი პოლიტიკოსები და ცდილობენ, მომრიგებლის როლი შეასრულონ ე.წ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. თბილისს კვლავ ეწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი. მისი წინ და უკან სიარული ქართველ საზოგადოებაში საქილიკოდ იქცა: დანიელსონს ზოგი “ლიბერალების აზდაკს” უწოდებს, ზოგი კი ბინას სთავაზობს დასაქირავებლად… საზოგადოების უდიდეს ნაწილს პროტესტს უჩენს სტუმრისა და ქართველი ე.წ. პოლიტიკოსების მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა, ასევე აღიზიანებს ამ მოლაპარაკებებში უგულავა-ბოკერია-ბაქრაძის მონაწილეობაც, რომლებმაც არჩევნებში ვერ მოიპოვეს დეპუტატის მანდატები… რატომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა, რის გაკეთებას ცდილობენ ევროპელი პოლიტიკოსები _ ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:
_ ევროპელების წინ და უკან სირბილი ღია თამაშის წესია, თუკი აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მის გადაწყვეტილებებში ვერავინ ჩაერევაო, დღეს ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენ დამოუკიდებლი არ ვართ, ევროპელებიც აღარ გვერიდებიან, პირდაპირ გვეუბნებიან _ ბანანის ქვეყანა ხართ და ისე გააკეთებთ ყველაფერს, როგორც ჩვენ გეტყვითო. თუ არ გავაკეთებთ მათი დაკვეთისამებრ, გვემუქრებიან, რომ დაგვსჯიან, ფულს არ მოგვცემენ; რაც მოგვცეს, იმის გადახდას მოგვთხოვენ და ა.შ.
_ რას გვერჩიან, რა სურთ, ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება?
_ ჩემთვის გაუგებარია ის მხარდაჭერა, რომელიც ნაციონალებს აქვთ მათი მხრიდან. პირდაპირ ვიტყვი: რასაც ევროპელები ამჟამად ჩვენს ქვეყანაში სჩადიან, აბუჩად აგდებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშიც არ დარჩა ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე საჯაროდ ისაუბრებს. ვისაც ამ საკითხებზე სასაუბროდ ტელევიზიებში იწვევენ, არიან ნაციონალების კადრები, გუშინ გამოჩეკილი ძალად ექსპერტები. ტელევიზორს ჩართავ, ვიღაც ზის და უცებ წააწერენ “ექსპერტი”. არადა, ყველა მათგანი ხელოვნური წარმონაქმნია. ვისიც უნდა იყოს ეს “ექსპერტები”, ვუსმენ და აშკარაა, რომ ყველა მათგანი “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე ასხამენ წყალს.
ის, რაც დღეს ხდება, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არათუ დამოუკიდებლები, დიქტატის ქვეშ ვართ, საშინელი დიქტატის, თანაც ყველას მხრიდან, მათ შორის, ევროპის. სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც დაუფარავად გვესაუბრებიან ე.წ. დემოკრატიაზე, სასამართლოს თავისუფლებაზე და მეორე წუთს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ე.წ. პოლიტპატიმრები გამოუშვით ციხიდანო. თუკი სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს, დამოუკიდებელი უნდა იყოს პროკურატურა, ხელისუფლებამ როგორ უნდა გამოუშვას ციხიდან პატიმარი?!
საქართველოს პრეზიდენტთან მიდიან და ტვინს უხვრეტენ, _ შეიწყალე ესა თუ ის პატიმარიო… საინტერესოა, ასეთი რამ თუ ხდება მართლაც დემოკრატიულ, სუვერენულ, თავისუფალ ქვეყანაში?! ამ ხნის ქალი ვარ, რას არ მოვსწრებივარ, დისიდენტი ვიყავი, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ვიბრძოდი, მაგრამ მსგავსი რამ არ მახსოვს, მსგავსი რამ მართლაც არ უკადრებია არავის საქართველოსთვის.
_ ვიცით ე.წ. ლობისტების არსებობის შესახებ; ვიცით, რომ ნაცებსაც და ქოცებსაც ჰყავთ ამერიკასა და ევროპაში ლობისტები. როგორ ფიქრობთ, ნაცები აშანტაჟებენ თავიანთ ლობისტებს? ეს შეკითხვა იმიტომ გაჩნდა, რომ ძალიან გასაკვირი და საეჭვოა ევროპელების ასეთი თავგამოდება ნაცებისთვის…
_ რა თქმა უნდა, ევროპელებს აქვთ ვალდებულებები ნაცების წინაშე, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ნაციონალები იყვნენ კრიმინალები, კრიმინალური ფორმითაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, კორუფციულად და კრიმინალურად მართავდნენ ქვეყანას და შესაბამისად, კრიმინალებთან ჰქონდათ ურთიერთობა, კრიმინალს კი გინდ ევროპელი დაარქვი და გინდ _ ამერიკელი ან აზიელი, კრიმინალია.
ეს ყველაფერი ვიცი და არ მიკვირს, მაგრამ მიკვირს იმ ხელისუფლებისა, რომელი ქვეყნის წარმომადგენლებიც დღეს ვითომ აქ გვიგვარებენ პრობლემებს. მაინტერესებს, ვიღაც ინდივიდები სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ასე ღიად რომ ერევიან, იმ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები რატომ არ აღკვეთენ მათ საქციელს?! გავიძახით, პარტნიორი ქვეყანაო, მაგრამ სად ჩანს ეს პარტნიორობა? არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში. მარტო საქართველოს მიმართ ხდება ეს ყველაფერი. ყოვლად წარმოუდგენელია, ვიღაცამ სხვა ქვეყანაში კრიმინალური ქმედებები ჩაიდინოს და ამაზე პასუხი არავინ მოსთხოვოს. ფაქტია, რომ ჩვენი ევროპელი ე.წ. სტუმრები ისე მოქმედებენ, როგორც კრიმინალები.
პატრონი არ გვყავს, რადგან ნაცებთან კორუფციულ და კრიმინალურ გარიგებაში მყოფი ევროპელების საქციელს არავინ გმობს, მათ შორის, არც იმ ქვეყნების ხელისუფლებები, საიდანაც ისინი ჩამოდიან. ზედა ეშელონებში არ გმობენ გაურკვეველი წარმოშობის პოლიტიკოსების ქმედებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიბერალურ თუ ფაშისტურ ბოროტ ძალებს გზა ხსნილი აქვთ საქართველოში. საქართველოში ნაციონალებს მხარს უჭერენ, რადგან გაუკუღმართებული ლიბერალიზმის მომხრეა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა და ამერიკაც.
ქართველ ხალხს თავს გვახვევენ ყოველგვარ სიბინძურეს და დაუფარავად გვართმევენ თავისუფლებას, არჩევანის უფლებას. ნაცებს შეუძლიათ და უფლება აქვთ, თქვან ყველაფერი, რადგან მათ მხარს უჭერს ე.წ. ევროპა, მაგრამ ჩვენ, აბა, გავბედოთ და რამე წამოგვცდეს… ჩაგვქოლავენ, გაგვამარგინალებენ, მოგვსპობენ და ამ ყველაფერს მხარს უჭერს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტელევიზიები, თუმცა რაზე ვლაპარაკობ, ყველამ ხომ დავინახეთ, რა უქნეს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ყველანი, მათ შორის ჩვენი პოლიტიკოსებიც, უფრო მეტად ვგულისხმობ ე.წ. ოპოზიციას, და ჩამოსული ევროპელებიც ფაშისტები არიან.
_ ე.წ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ძირითადად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, საიდუმლოა…
_ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები იმიტომ მიმდინარეობს, რომ კოლონია ვართ. აბა, მეტი რა უნდა იფიქრო ადამიანმა?! ყველა პუნქტი, რომლებზეც ვითომ უნდა მოილაპარაკონ, ზეპირად ვიცით. მაშ, რას მალავენ?! მალავენ იმას, რომ ხელისუფლებას ბინძურ გარიგებებს სთავაზობენ. ვიღაც, მაპატიეთ და, მოეთრევა, ჩაერევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში, ულტიმატუმს უყენებს არჩეულ ხელისუფლებას, რომ კრიმინალები გამოუშვას ციხიდან, ჩაატაროს ხელახალი არჩევნები, რომელიც არ შედის ამომრჩევლის ინტერესში.
ევროპელი ე.წ. კეთილისმსურველები მოთხოვნებსა და ულტიმატუმებს უყენებენ ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ გვიხურავენ კარს. მათ არ სურთ, გავიგოთ და დავინახოთ, როგორ ბინძურად უდგანან მხარში ნაციონალებს.
_ ქალაქის ყოფილმა მერმა უგულავამ, ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძემ, რომლებიც ადრე ბოკერიას პარტია “ევროპულ საქართველოში” გაერთიანდნენ, განაცხადეს, რომ პარტია დატოვეს, რადგან დეპუტატის მანდატები ვერ მოიპოვეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მთავრობასა და ე.წ. ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ და პირველ განცხადებებსაც სწორედ ისინი აკეთებენ…
_ ამ ადამიანებს აქეზებენ და მოლაპარაკებებზეც თვითონ ეძახიან ის მომრიგებლები, რომლებიც აქ ჩამოდიან. ბაქრაძე და უგულავა წავიდნენ პარტიიდან, მათ ახალი პარტია არ შეუქმნიათ, არც ბოკერიას მოუპოვებია სადეპუტატო მანდატი, მაგრამ “მომრიგებლები” თვალში ნაცარს გვაყრიან და ამ ადამიანებს უხმობენ სალაპარაკოდ. ვეკითხები ყველას _ რას ნიშნავს ეს ყველაფერი?! ეს თავხედობაა “მომრიგებლების” მხრიდან, ვფიქრობ, რომ მთავრობა საერთოდ არ უნდა შევიდეს ამ მოლაპარაკებებზე. ფაქტია, რომ ჩვენი “მომრიგებლები” იქამდე ივლიან საქართველოში, სანამ ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება და ნაცები პარლამენტში უმრავლესობით არ შევლენ.
არავის არ აქვს ხელთ ფაქტები, რომ არჩევნები გაყალბდა, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ნაცები რომ გაყალბების რაოდენობაზე საუბრობენ, მაგდენი მოსახლეობა ჩინეთშიც კი არ ცხოვრობს.
არავინ ფიქრობს ხალხზე, გარედან გვაქვს ზეწოლა, ევროპა ცდილობს, დაანგრიოს ეს ქვეყანა, გაანადგუროს, დააჩოქოს იმაზე მეტად, ვიდრე ვართ დაჩოქილები. გამოდიან და ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე საუბრობენ, კარს გვიკეტავენ მოლაპარაკებებზე.
ყველამ ვიცით, რეალურად რაზეა საუბარი. უკვე გამოვიდა ამბავი, რომ ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობას სთავაზობენ ნაცებს და, თუ ეს მართალია, მაშინ ეს “ოცნებაც” გასაშვებია.
“ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ ნაცების თანამდებობაზე დანიშვნა არ არის ქართველი ხალხის სურვილი და ოცნება, ამიტომ ნუ დაუჯერებენ ევროპელ “კეთილისმსურველებს”. სწორედ ამ ევროპელების გამო ვერ დაიჭირეს კრიმინალები, უფრო მეტიც, დაჭერილების გამოშვებას ითხოვენ, რაც მართლა არ არის ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილი. კრიმინალების პოლიტიკაში დატოვება ნიშნავს მუდმივ თავდასხმებს პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე; თავისუფლების ლოზუნგს ამოფარებული ნაცები არყევენ ქვეყანას და ამაში მხარს უჭერს დასავლეთი.
ქართველები თუ არ გამოვფხიზლდებით, თუ ხმას არ ამოვიღებთ, თუ ამ ვასალობას არ გავაპროტესტებთ, მაშინ ის ევროპელები აქ კი აღარ ჩამოვლენ მოსალაპარაკებლად, უბრალოდ, დარეკავენ და ისე გადაწყვეტენ ჩვენს ბედს. აუცილებელია, ევროპამაც და ამერიკამაც გაიგოს, რომ ქართველი არ დაუშვებს მონობას, ქართველი არ გახდება მონა!
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი