Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: უკრაინის ომი დასრულდება და ამის შემდეგ რა პერსპექტივებიც გაჩნდება საქართველოსთვის,...

ნანა კაკაბაძე: უკრაინის ომი დასრულდება და ამის შემდეგ რა პერსპექტივებიც გაჩნდება საქართველოსთვის, სწორედ მათი გადაკეტვა სურს ამერიკას

“ჩვენ ერთი ბატონის მეორეთი შესაცვლელად არ გვიბრძოლია; ან დაგვიბრუნონ დაკარგული კეთილდღეობა, ან მოგვცენ თავისუფლება, ან იმის უფლება მაინც, რომ “ბატონი” თვითონ ავირჩიოთ”

313

პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ რამდენიმე დღის წინათ სატელევიზიო ეთერში პირდაპირ მოუწოდა ხალხს ომის დაწყებისკენ, უფრო ზუსტად, ქართველ საზოგადოებას ომის დაწყებით დაემუქრა. „მე ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, იმიტომ, რომ ბევრი ვიცი და ბევრ ადამიანთან მილაპარაკია _ მეომრებთან მილაპარაკია, ვეტერანებთან აფხაზეთის, ცხინვალის. აქ ბევრი ვაპირებთ ომს და მოგექცევით ისე, როგორც მოვექცევით შემოჭრილ რუსებს აქ, უარესად, გაიგეთ ეს, გაუფრთხილდით საკუთარ თავს. სინდისი და ნამუსი რომ არ გაგაჩნიათ, გავიგე, ზნედაცემული ხალხი ხართ, გავიგე, მაგრამ ვირთხის ინსტინქტები ხომ გაქვთ? მოგექცევით ისე, როგორც ექცევიან უკრაინაში კოლაბორანტებს. მეტი რა გითხრათ, ამ ქვეყანას არ დავთმობთ, ამ ქვეყანას ამ ერის უმრავლესობა არ დათმობს, ქართული ემიგრაცია არ დათმობს. თქვენ რა გგონიათ, უკრაინაში რამდენიმე ათასი ქართველი რომ იბრძვის, მეორე დღესვე აქ გაჩნდებიან და დამხმარეც გვეყოლება, მთელი ცივილიზებული სამყარო. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!“ _ განაცხადა გუბაზ სანიკიძემ…                                                       

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის გაჩენამ ძალიან გააღიზიანა ამერიკის ელჩი საქართველოში _ კელი დეგნანი: „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები, შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“, _ განაცხადა ქალბატონმა ელჩმა.

რამ გაადიდგულა გუბაზ სანიკიძე და მისნაირები? ვინ ჰკითხავს ამერიკის ელჩს, ვისთან ექნება ავიამიმოსვლა საქართველოს და რატომ დუმს ამ ყველაფერზე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

_ ადამიანი პოლიტიკაშია და არ ესმის, რომ ომისკენ მოწოდება კანონით ისჯება, არ ესმის ერთია, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი გაუვა, ანუ  დაუსჯელი დარჩება. ორივე შემთხვევა ცუდია.

გუბაზ საკინიძის მოწოდებას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ეს განსახილველი თემაც კი არ არის. გუბაზ სანიკიძემ სახე მაშინ დაკარგა, როდესაც განაცხადა, რომ მილიონის შოვნა სურდა, მაგრამ, თუ მილიონის შოვნას ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებით აპირებდა, ნამდვილად არ მეგონა. ადამიანმა საკუთარ პრონციპებზე უარი თქვა იმისთვის, რომ მილიონერი გახდეს. ყოჩაღ, სანიკიძეს! მას ამ საქმეში, სამართლადამცავი სტრუქტურების მეტი, ხელს ვერავინ შეუშლის. აუცილებელია, სანიკიძის ამ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებაზე, რომელიც კანონით ისჯება, სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება.

_ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი არასერიოზულად უყურებსნაცმოძრაობისახალ თავმჯდომარეს, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სახუმარო საქმე არ არის, რადგან ხაბეიშვილის უკან საკმაოდ ცბიერი ადამიანები დგანან დიდძალი ფულით. მათ ხელთაა საინფორმაციო საშუალებებიც. ეს ყოველივე ხომ არ აძლევს უფლებასა და გამბედაობას გუბაზ სანიკისნაირებს, რომ ომით დაგვემუქრონ?..

_ აღარ არის შევარდნაძისდროინდელი სახელმწიფო. დღეს ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას აქვს ყველანაირი ბერკეტი, რომ აღკვეთოს მოსალოდნელი საფრთხეები, მაგრამ, თუ რამე ისე ვერ და არ წავიდა, როგორი მოლოდინიც ხალხს აქვს, თუ არ დაისჯებიან დესტრუქციული ძალები, მაშინ ვიფიქრებ: როგორც შევარდნაძის ნების გარეშე ვერ მოხდებოდა გადატრიალება, ისე ვერ მოხდება დღესაც. ასე რომ, ხელისუფლებამ საფუძველშივე უნდა აღვეთოს ყოველგვარი კანონდარღვევა. სახელმწიფოს საკმარისზე მეტი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ არ დაუშვას სახელმწიფოს წინააღმდეგ უკანონო ქმედებები. არავითარ შემთხევაში არ შეიძლება, ხელისუფლებამ მიუშვას დესტრუქციული ძალები, მყისიერი მოქმედებაა საჭირო. ხელისუფლება თუ ადეკვატური იქნება, სანიკიძისნაირები საშიშნი ვერ იქნებიან.

ჩვენ ვხედავთ, რომ სანიკიძემ პირდაპირ ეთერში მოუწოდა ომისკენ, მანამდე ნიკა მელიამ პატიმრის სამაჯური მოიხსნა და მოისროლა, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა, არავინ დაუსჯიათ. მთელ მსოფლიოში მსგავსი საქციელი ისჯება კანონით და, თუ ხელისუფლებამ თვითონ არ მისცა სისაძაგლეების კეთების საშუალება სამშობლოს მოღალატეებს, სხვა მხრივ ისინი ამას ვერ შეძლებენ.

_ საქართველოს არა მხოლოდ შიგნიდან მტრობენ .. დესტრუქციული ძალები, საფრთხე გარედანაც გვემუქრება. მას შემდეგ, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა რეალური გახდა, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, ფაქტობრივად, მუქარის ენით გველაპარაკება. არადა, რუსეთთან ავიამომისვლას როგორც საქართველოს მოსახლეობა, ისე რუსეთში მცხოვრები ქართველებიც მიესალმებიან, მეტიც, ეს მათი დაკვეთაა. კელი დეგნანი გამუდმებით ცდილობს, დაგვანახვოს, რომ მონები ვართ, რომ ამერიკელებზეა  დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა.

_ კელი დეგნანს არავინ ჰკითხავს, საქართველოს ვისთან ექნება ავიამიმოსვლა. ამერიკელებს მბრძანებლური ტონი მხოლოდ საქართველოსთან აქვთ, განსაკუთრებით უნდათ, რომ საქართველო ჯიბეში ჰყავდეთ. უკრაინაში  ომი აუცილებლად დასრულდება და ამის შემდეგ რა პერსპექტივებიც გაჩნდება საქართველოსთვის, სწორედ ამ პერსპექტივების გადაკეტვა სურს ამერიკას, ამიტომ სურთ ჩვენთვის სანქციების დაწესება. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და მას არ უწესებს სანქციებს რუსეთთან ავიამომისვლის გამო. ამერიკის ქმედებებში იმაზე მეტი რამ დევს, რაც ზედაპირზე ჩანს.

_ საქართველოს ხელისუფლება ერთი შეხედვით ფრთხილად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ მოქმედებს, მაგრამ პასუხი არ  გასცა კელი დეგნანს; გამოკვეთილი აზრი არ აქვს რუსეთთან ავიამიმოსვლაზე, არ რეაგირებს .. ოპოზიციის მოწოდებებზე, რომლებიც ქვეყნისთვის დამღუპველია. რით ახსნით ამას? როდემდე შეიძლება ასე გაგრძელება?

_ ჩვენი გადასაწყვეტია იმის განსაზღვრა, რა აძლევს ხელს საქართველოს, რა უნდა გვქონდეს დღის წესრიგში. დღეს ამერიკა არ არის იმ მდგომარეობაში, რამე გადაგვიწყვიტოს. ამერიკა ისევ ზესახელმწიფო რომ იყოს, ჩვენ ვერ გავბედავდით იმას, რასაც დღეს ვბედავთ _ ქართველმა პოლიტიკოსებმა ამერიკის ელჩის მხილება დაიწყეს. 4 წლის წინათ კრინტს ვერ დავძრავდით, ეს ყველაფერი დრომ მოიტანა. ხელისუფლებამ ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაუყრუოს სხვა ქვეყნის დიქტატს, აუცილებლად უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები. თუ ფიქრობენ ხელისუფალნი, რომ ამერიკის ელჩის განცხადებებს უნდა დაემორჩილონ, ეს ქართველმა ამომრჩეველმაც უნდა იცოდეს, რადგან 2024 წლის არჩევნებიც მალე მოვა და, თუ ხელისუფლება ხალხის ნება-სურვილის ასრულებას ვერ უზრუნველყოფს, ცუდად ექნება საქმე. ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში. რამდენიც უნდა იყოს ეს ზრდა, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს ჯერ არ უგრძვნია. ხალხი ეკონომიკურ ზრდასაც არად დაგიდევთ. მათთვის მთავარია, იგრძნონ, რომ ქვეყანა დამოუკიდებელია, სუვერენულია და მათი ნება ასრულდება. რუსეთთან ავიამიმოსვლას ასიათასობით ქართველი ელოდება. ამ ხალხის კეთილგანწყობა ჩვენი ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხელისუფლებამ ეს ყველაფერი უნდა გათვალოს და გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

თუ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ვიცხოვროთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით, ხალხის ნების აღსულებით. საბჭოთა კავშირში დამოუკიდებლები თუ არ ვიყავით, სოციალური პრობლემები მაინც არ გვქონდა, მათხოვარი არ გვყავდა, უმუშევარი არ გვყავდა და მიგრაცია არ იყო. დრო დადგა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ის, რაც დავკარგეთ, აღადგინოს, თუკი ვერ აღვადგენთ დაკარგულს, მაშ, რისთვის ვიბრძოდით, რისთვის დაგვაკარგვინეს კეთილდღეობა, რომელიც გვქონდა?!

ქართველი დადიოდა ყველგან, სადაც სურდა; თანაც დადიოდა კაპიკებად. ახლა უვიზო მიმოსვლას გვაყვედრიან, ჩვენ კი ფული არ გვაქვს, სადმე რომ წავიდეთ. წაგვართვეს კეთილდღეობა ე.წ. დამოუკიდებლობის სანაცვლოდ. ახლა კეთილი ინებონ და დაგვიბრუნონ დაკარგული. ჩვენ ერთი ბატონის მეორით შესაცვლელად არ გვიბრძოლია _ ან დაგვიბრუნონ დაკარგული კეთილდღეობა, ან მოგვცენ თავისუფლება, ან იმის უფლება მაინც, რომ “ბატონი” ჩვენ თვითონ ავირჩიოთ.

ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა აღასრულოს კანონი და გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე რეაგირება მოახდინოს, რადგან ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს საზოგადოებაში; ხალხი იფიქრებს, რომ სანიკიძეს კანონი არ ეხება. არადა, ის დასასჯელია. მერე რა, რომ პოლიტიკოსია.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here