როგორ მოვხვდეთ ბალტიის ზღვიდან სპარსეთისა და ომანის ყურემდე? აუცილებელია მთელი ევროპის შემოვლა ხმელთაშუა ზღვაით, შემდეგ სუეცის არხის გავლით შევიდეთ წითელ ზღვაში და მხოლოდ იქიდან აღმოვჩნდებით ინდოეთის ოკეანის სანაპიროებთან. გზა საკმაოდ გრძელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროა სხვადასხვა საქონლის გადაზიდვა. არის კი უფრო მოკლე, პირდაპირი და „გადაჯდომის გარეშე“ გასავლელი გზა? ჯერჯერობით არა, მაგრამ ასეთი მარშრუტი ძალიან მალე იქნება.
ძალიან მალე კასპიის ზღვის სანაპიროზე რკინიგზის ახალი მონაკვეთი გამოჩნდება. ფოლადის მაგისტრალი დააკავშირებს რაშტისა და ასტარას რკინიგზის სადგურებს. ამის შემდეგ, ტვირთები ჩრდილოეთ ევროპიდან რკინიგზით საშუალებით მოხვდება სპარსეთის ყურის სანაპიროებზე, რუსეთისა და ირანის ტერიტორიების გავლით. დღეს მათი ტრანსპორტირება, ძირითადად, საზღვაო გზით ხდება, სუეცის არხის გავლით. მუშაობს სარკინიგზო მარშრუტიც, თუმცა აღნიშნულ სადგურებს შორის ლიანდაგის არარსებობა საგრძნობლად ზრდის ასეთი ტრანსპორტირების ხარჯებს, რადგან საჭიროა საქონლის გადატვირთვა სატვირთო მანქანებზე. გარდა ამისა, ასეთი დაყოვნება მნიშვნელოვნად ზრდის სატრანსპორტო ვადებსაც.
აღნიშნული რკინიგზის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ფედერაციისთვის შესამჩნევად გამარტივდება სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირები აზიის მთელ რიგ ქვეყნებთან. ირანის გარდა, რუსეთისთვის გაცილებით მარტივი და მომგებიანი გახდება ინდოეთთან და პაკისტანთან ვაჭრობა. პირველად, მშენებლობის იდეის განხილვა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. პროექტის ინიციატორი ირანი იყო, რომელმაც დაარწმუნა რუსეთი, რომ აუცილებელი იყო ერთობლივ პროექტში ინვესტიციის განხორციელება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყნები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
სინამდვილეში, აღნიშნულ ადგილას რკინიგზის აშენების იდეა ჯერ კიდევ 2005 წელს გაჩნდა. მაშინ რუსეთმა, ირანმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებას ყაზვინი-რაშტი-ასტარის 165 კმ-ის რკინიგზის მშენებლობის შესახებ. სამუშაოები 2009 წელს დაიწყო და ძალიან ნელა მიმდინარეობდა. ეს გამოწვეული იყო პროექტის ტექნიკური ხასიათის სირთულეებით. დაგეგმილ მარშრუტზე რკინიგზის თითქმის 30 კმ არის ხიდები და გვირაბები! ყაზვინი-რაშტის მონაკვეთი 2019 წელს გაიხსნა. თუმცა, ამის შემდეგ პროექტი, ფაქტობრივად, შეჩერდა. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, განპირობებული იყო აშშ-ის სანქციებით ირანული ბანკების წინააღმდეგ. სწორედ ამ მიზეზით ითხოვს ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა ფინანსურ დახმარებას რუსეთისგან. სადღეისოდ პროექტისთვის დაახლოებით 800 მილიონი დოლარის მოძიებაა საჭირო.