Home რუბრიკები პოლიტიკა მეექვსე წლისთავი “ოცნების” სასაფლაოზე

მეექვსე წლისთავი “ოცნების” სასაფლაოზე

4218

21 აპრილსქართული ოცნებისდაარსებიდან 6 წელი შესრულდა. “დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია შევხედოთ ხალხს თვალებში, რადგან არცთუ ცოტა საქმე გვაქვს უკვე ზურგსუკან”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, თუმცა კომენტატორების უმრავლესობა სხვა დასკვნამდე მიდის და ზურგსუკან, სირცხვილისა და თავის მოჭრის გარდა, ვერაფერს ხედავს, წინ კი მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მასშტაბური კრიზისი ელოდება, რომლის პირველი ნიშნები უკვე სახეზეა

ერთმანეთთან დაპირისპირებული არაფორმალური ფრაქციების არსებობა უკვე სამედიცინო ფაქტია _ “ქართულ ოცნებას” ერთიანობასთან აშკარა პრობლემები აქვს. ამომრჩევლების დიდ ნაწილს, უბრალოდ, არ ესმის, რის საფუძველზე ჩამოყალიბდა ეს კვაზიფრაქციები, რადგან განხეთქილება იდეოლოგიურ უთანხმოებას როდი ეფუძნება. შეუძლებელია, მხარეებს ეწოდოს “ლიბერალები”, “კონსერვატორები”, “სოციალისტები”, “ნაციონალისტები” და ა.შ. დაყოფას ხელისუფლების შიგნით ერთგვარი კლანების ჩამოყალიბება უზრუნველყოფს. მათი შიდა სტრუქტურა და დაპირისპირების მიზეზები ამომრჩეველთა ძირითადი მასისთვის გაუმჭვირვალია. მას, უბრალოდ, არ ესმის, რატომ შეიძლება დაუჭიროს მხარი კახა კალაძემ ირაკლი კობახიძეს გიორგი კვირიკაშვილთან დაპირისპირებაში და არა პირიქით.

2013-ში, როდესაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, მისი ამომრჩევლები, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ “ქართული ოცნება” სააკაშვილის რეჟიმის ისეთ წარმომადგენლებთან ერთად დაუპირისპირდებოდა, როგორებიც არიან გიგი უგულავა ან ოთარ კახიძე, ხოლო მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი ამ კამპანიის ფარგლებში ვანო ზარდიაშვილი გახდებოდა. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებები რომ ეხილათ, ალბათ, იფიქრებდნენ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.

გიორგი მარგველაშვილი ძალიან სუსტი პოლიტიკოსია, მან არაერთი შეცდომა დაუშვა. შეწყალების სისტემა საქართველოში მაქინაციებზე დგას და თითქმის ყველა ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ ის ფულის საკეთებელ კონვეიერად გადაიქცა. ფაქტია, პრეზიდენტმა არაერთი საეჭვო პიროვნება შეიწყალა, მათ შორის ვეფხია ბაქრაძე, რომელიც ბრალდებულია ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის სასტიკ მკვლელობაში. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ძველი მოწინააღმდეგეები დისკომფორტს გრძნობენ, როდესაცევროპული საქართველოსწარმომადგენლები მარგველაშვილსქართულ ოცნებასთანუნისონში აკრიტიკებენ და ეს სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს.

“ევროქართველებისთვის” მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მთავარი მიზანი პრეზიდენტის კრიტიკა, ალბათ, არაა. შესაძლოა, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, მოიპოვონ ლეგიტიმური ოპოზიციური ძალის იმიჯი, რომელსაც მორალური უფლება აქვს, გააკრიტიკოს ნებისმიერი პიროვნება, მათ შორის ის, ვინც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს ოპონირებას უწევდა. 2-3 წლის წინათ მსგავსი რამ ძნელი წარმოსადგენი იყო _ ანალოგიურ სიტუაციაში “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუყოვნებლივ მიუთითებდნენ “ევროქართველებს” მათ წვლილზე სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულში. ახლა ასე აღარ ხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელებს: ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, არჩილ თალაკვაძესა და ზოგიერთ სხვას _ ძველი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ (ყოველ შემთხვევაში ეს არავის შეუმჩნევია). გამორიცხული არაა, რომ ისინი სერიოზულ დისკომფორტს გრძნობენიმის გამო, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ წუთს შეახსენონ და არ სურთ, რომ არასრულფასოვან ფიგურებად განიხილონ. სავარაუდოდ, მათ ინტერესებშია, განადგურდეს ძველი იდეოლოგიური ჩარჩო, რომლის ფარგლებში ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმთან განიხილება, როგორც დამსახურება, ხოლო თანამშრომლობა მასთან _ დანაშაული. ეს “ევროპული საქართველოს” ინტერესებშიცაა, რაც ორი ჯგუფის ტაქტიკური ალიანსისთვის გარკვეულ წინაპირობებს ქმნის.

საინტერესოა, რომ თითქმის იგივე პრობლემა, ოღონდ ცოტა სხვა სიტუაციაში, ბიძინა ივანიშვილსაც ჰქონდა. მის მიერ შექმნილი მითოლოგიური სისტემა მას საქართველოს მხსნელად, ურჩხულის დამმარცხებლად წარმოაჩენდა. ის წინააღმდეგობა, რომელსაც ადგილი ივანიშვილამდე ჰქონდა, წარმოჩენილი იყო, როგორც უშედეგო და, საბოლოო ჯამში, უმნიშვნელო. რეალურად, იმ წინაპირობების გარეშე, რომელიც 2007-10 წლებში ოპოზიციურმა მოძრაობამ შექმნა, ივანიშვილი ვერაფერს გახდებოდა, თუმცა ის ცდილობდა, ეს გარემოება მაქსიმალურად მიეჩქმალა და არ წარმოეჩინა სიტუაცია ისე, თითქოს მასძველი მოძრაობისვალი მართებს. ეს მიდგომა მის საკადრო პოლიტიკაზე აისახა, ის თავიდანვე ეყრდნობოდა არავეტერანებს”, არამედ 100%-ით მარიონეტულახალგაზრდა გვარდიას”. 2016-ში ივანიშვილმა მას, ფაქტობრივად, პარლამენტი ჩააბარა, ასეთი კადრებით აღმასრულებელი ხელისუფლებაც გაივსო.

ყველაზე სასაცილო ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ “ძველები” პარლამენტში, რომლებიც ირაკლი კობახიძეს უპირისპირდებიან, თავის მნიშვნელოვან მოკავშირედ გიორგი კვირიკაშვილს განიხილავენ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ძველ ოპოზიციურ მოძრაობასთან, არც მის იდეალებთან. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ დაყოფა “ძველებად” და “ახლებად” ძალზე პირობითია და მის გამოყენებას გარკვეული სიფრთხილე სჭირდება. ის თითქოს ამარტივებს ბუნდოვან სურათს, მაგრამ, როგორც წესი, არასწორი დასკვნების საფუძველი ხდება.

პარტიების სახელწოდებებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. “პორტირებულები” ყველა ქვეყნისა (ყველა პარტიისა) იმ იდეების წინააღმდეგ იბრძვიან, რომლებიც მათ პრობლემებს უქმნის. ვანო ზარდიაშვილის წამოწევა საინფორმაციო ფრონტის წინა ხაზზე ამ მხრივ საკმაოდ საგულისხმო სიგნალს წარმოადგენს. მისი მფარველები ხედავენ, რომ “ძველი მებრძოლები” (როგორც პოლიტიკოსები, ისე ამომრჩევლები) ვერ იტანენ მას, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ და, სავარაუდოდ, ჰგონიათ, რომ საზოგადოება მიეჩვევა ზარდიაშვილს, ისევე, როგორც “ევროპულ საქართველოს” ლეგიტიმური ოპოზიციური ძალის როლში.

2012-შიქართული ოცნებისამომრჩევლებს აერთიანებდა არა მხოლოდ სიძულვილი ძველი რეჟიმის მიმართ, როგორც ამას სააკაშვილის თაყვანისმცემლები ამტკიცებენ, ანუფასო ფულისდაპირება, მათ სამართლიანი, მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნა სურდათ. ამგვარად, მათი არჩევანის უკან იდგა არა მხოლოდ უარყოფა, არამედ პოზიტიური იდეაც. დღეს “2012 წლის ამომრჩევლებისკრიტიკულად დიდი რაოდენობა მივიდა დასკვნამდე, რომქართულ ოცნებასძველი, მნიშვნელოვანწილად იდეალისტური პროგრამის შესრულება არ ძალუძს. რაც შეეხება ნეგატიურ იდეას (სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უარყოფას), რომელსაც გარკვეული სამობილიზაციო პოტენციალი ჯერ კიდევ გააჩნია, “პორტირებულები” (და მათი სიტუაციური მოკავშირეები) ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ის დავიწყებას მიეცეს. სანამ ეს იდეა ცოცხალია და ფართოდ გავრცელებული, არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ “ევროქართველები” და “ახალი მეოცნებეები” ფრთებს ვერ გაშლიან.

“ცარიელი” სახელისუფლო ბერკეტები ქვეყანაზე კონტროლის შესანარჩუნებლად არასაკმარისია და უახლოესმა ისტორიამ ეს არაერთგზის, მათ შორის 2012-ში დაადასტურა. ადმინისტრაციული რესურსი და გარკვეული პოლიტიკური ინერცია, რეალური ალტერნატივის არარსებობის გამო, დიდი ალბათობით, უზრუნველყოფს მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ამის შემდეგ ხელისუფლების შიგნით დიდი კრიზისის დაწყება პრაქტიკულად გარდაუვალი ჩანს.

ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო. მას დღესაც კი შეუძლია, პარტია ნებისმიერი მიმართულებით წაიყვანოს (ერთიანობის განმტკიცება, ბუნტისთავების დასჯა ან სულაც დაშლა ორ მარიონეტულ ნაწილად), მაგრამ აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვები: რა მოტივებიდან გამომდინარე შეიძლება გადადგას მან ესა თუ ის ნაბიჯი? რამდენად გააზრებული აქვს, რა შედეგის მიღება სურს? ფაქტია, რომ დღევანდელი კრიზისი, დაპირისპირება და პარტიის მიმართ ნდობის თვალშისაცემი დაცემა ადრე დაშვებული შეცდომების შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ მოვლენების ნებისმიერი განვითარება ივანიშვილის კარგად გააზრებული გეგმის ნაწილია. მსგავსი თეორიები მმართველის სტრატეგიული გეგმის შესახებ ყველა ავტორიტარულ სისტემაში არსებობს და მისი მითოლოგიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ბოლო ათწლეულების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქართულ საზოგადოებას ცხოვრება ორ რეჟიმში შეუძლია _ მთვლემარესა და აღგზნებულში. მეორე შემთხვევაში ის მუდამ ცვლილებებსა და რყევებს ელოდება და, საბოლოო ჯამში, მათ გენერირებას ახდენს. შესაძლოა, ახლა ის სწორედ ამ მდგომარეობაში გადადის. სულ უფრო მეტი ადამიანი ასკვნის, რომ იმას, რაც პოლიტიკურ ელიტაში ხდება, მის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს.

უბრალო მოქალაქეს, როგორც წესი, არ სურს რევოლუცია, რადგან დესტაბილიზაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს აცნობიერებს, მაგრამ, როდესაც ასკვნის, რომ სიტუაცია აუტანელი და უიმედოა, შეიძლება უაღრესად რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოს. პარტიის დაარსების მეექვსე წლისთავსქართული ოცნებაღრმა, უპირველესად იდეოლოგიური და ინტელექტუალური კრიზისის მდგომარეობაში შეხვდა. მან შეიძლება შეინარჩუნოს გარეგნული ერთიანობა და მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები რესურსების სიჭარბისა და ოპონენტების სისუსტის გამო, მაგრამ, თუ საზოგადოება დარწმუნდება, რომ მმართველი პარტიის ფასადის მიღმა მხოლოდ სიცრუე და სიცარიელეა, მას ვერაფერი გადაარჩენს, ისევე, როგორც თავის დროზე ვერ გადარჩამოქალაქეთა კავშირიდანაციონალური მოძრაობა”.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here