Home ახალი ამბები საქართველო მამუკა მდინარაძე – ჩვენი მეგობრობა დასავლეთთან არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილზე არ...

მამუკა მდინარაძე – ჩვენი მეგობრობა დასავლეთთან არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ ტყუილია

74

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილი წერილი მხოლოდ და მხოლოდ „სიმართლეს და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაცვას ემსახურება“.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო ბევრი „ფეიკი“.

„თქვენ ისე მეკითხებით, თითქოს პირველად გაიგეთ ჩვენგან, რომ ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. ამ რეზოლუციის პირველივე შეფასება ასეთია. ძალიან სამწუხაროა ეს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც რამდენიმე წლის წინ კონსტიტუციაში ჩაწერილი აქვს პროდასავლური კურსი. ეს რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტში იქნა მიღებული დაეყრდნო და დაეფუძნა „ფეიკს“ იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეზოლუციის ფაქტობრივი მოცემულობა 90% ტყუილია. როდესაც ტყუილია, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გახმოვანებული მესიჯის და რეზოლუციის საფუძველი, ეს არის ძალიან სამწუხარო და საგანგაშოც კი. რადგან ეს ევროპარლამენტმა მიიღო და რადგან კანდიდატის სტატუსს ველოდებით, მთავაზობთ მოცემულობას, რომ ეს არ გავაკრიტიკოთ? ეს არის ცუდი, ჩიხური მდგომარეობა თქვენთვისაც და ჩვენთვისაც იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ გვაქვს ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ტყუილებზეა აგებული და თქვენ მთავაზობთ რომ არ ვთქვათ!

როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო ბევრი „ფეიკი“ ამ რეზოლუციაში. ეს არის სამწუხარო ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომელიც არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც დასავლეთისკენ მივისწრაფით. როდესაც ევროპიდან ასეთი „ფეიკ“ რეზოლუცია მოდის, ეს სამწუხაროა, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს აზიანებს საზოგადოებრივ განწყობებს, მაგალითად, დასავლური კურსის მიმართ. ჩვენ ეს არ გვინდა, პირიქით, ვამბობთ, რომ დასავლური კურსი არის ერთადერთი სწორი მიმართულება ამ ქვეყნისთვის. ჩვენი მეგობრობა დასავლეთთან არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ ეს ტყუილია. ეს კონკრეტული პერსონის კი არა სიმართლის და ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაცვას ემსახურება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიას მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ „უსაფუძვლო ბრალდებებზე“ და ასევე, გაემიჯნოს კომისიის შეფასებით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამის შესახებ პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართ ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა, რათა ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს. რაც შეეხება კომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, პრემიერი ამბობს, რომ ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here