მამუკა კარტოზია: ნეიტრალიტეტი ჩვენთან გამორიცხულია!

    “ამერიკასა და ევროპას საქართველო რუსეთთან ომის დასაწყებად სჭირდებოდათ. ეს არ გამოვიდა, ამიტომ ამერიკისთვის ჩვენი ქვეყანა საინტერესო აღარ არის... რუსეთი მზადაა, დაგველაპარაკოს, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად მასთან სალაპარაკოდ _ არ ვიცით, რა გვინდა”

    მამუკა კარტოზია

    ნატოს გაფართოებაზე რუსეთის შეშფოთება სამართლიანია და ჩვენ მზად ვართ, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ალიანსში არშესვლის საკითხი განვიხილოთ უკრაინის თემაზე გამართულ ფართო მოლაპარაკებების ფორმატში”, _ განაცხადა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა.

    რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ომის დასრულებისთვის წაყენებულ პირობებს შორისაა მოთხოვნა, დასავლელმა ლიდერებმა წერილობით დადონ პირობა, რომ შეწყვეტენ ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოებას და მოხსნიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებს”, _ იუწყება სააგენტო “როიტერი”.

    დარჩება თუ არა საქართველო რუსეთის ორბიტაზე და დასრულდა თუ არა ნატოზე ოცნება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიკოსი მამუკა კარტოზია გვესაუბრება:

    _ საქართველოს ნეიტრალიტეტზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი არ ისაუბრებს. საუბარი იყო უკვე რუსეთის შემადგენლობაში მყოფი უკრანის ქალაქების აღიარებაზე და ამას მოჰყვა იმ პრობლემური ქვეყნების სია, რომლებშიც რუსეთი მოითხოვს, რომ ნატოს ჯარები არ განლაგდეს.

    საბჭოთა კავშირის დაშლისას იყო მოლაპარაკება, სიტყვიერი შეთანხმება, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ უნდა წამოსულიყო. დღეს ყველაფერი მიდის იქით, რაც სიტყვიერ შეთანხმებაში იყო ნათქვამი.

    ნეიტრალიტეტი ჩვენთან გამორიცხულია. ნეიტრალიტეტი კარგია მაშინ, როდესაც გარანტორი გყავს. დღეს ნეიტრალიტეტი ვერ გამოვა, რადგან ჩვენ გარანტორი არ გვყავს…

    დააკვირდით ამერიკის პრეზიდენტის, არაპროგნოზირებული ქცევის ადამიანის, განცხადებებს, რომელთა გათვალისწინებითაც სამხრეთ კავკასია ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ რჩება. მას ეს ტერიტორია არ აინტერესებს. აშშ-ის ადმინისტრაციას არ აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. არსებობს ეტიკეტი, რომლის თანახმადაც ამერიკამ განცხადებები უნდა გააკეთოს. ასე ხდება საქართველოს მიმართაც _ ამერიკამ აუცილებლად უნდა თქვას რაღაც საქართველოზე, მაგრამ ეს მხოლოდ ეტიკეტია. ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობისას საქართველოზე რატომ უნდა ისაუბრონ?

    ამერიკასა და ევროპას საქართველო რუსეთთან ომის დასაწყებად სჭირდებოდათ. ეს არ გამოვიდა, ამიტომ ამერიკისთვის ჩვენი ქვეყანა საინტერესო აღარ არის. ამერიკის პრეზიდენტის დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ ყველასთვის ცნობილია, ის ამ ორგანიზაციებს არ ცნობს. ტრამპს მხოლოდ ჩინეთი და ტაივანი აინტერესებს. კავკასია, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასია, საერთოდ არ აინტერესებს…

    _ ამერიკელებმა ნატოს გაფართოება გამორიცხეს. ჩვენი ხელისუფლებაც აღარ ახსენებს ნატოს, ევროკავშირზე აპელირებენ, ევროკავშირზე რუსეთსაც არ ჰქონდა გართულება, მაგრამ დღეს ესეც საეჭვოა…

    _ ევროკავშირი მართლაც არ არის რუსეთისთვის პრობლემა. ნატო იყო პრობლემა. როდესაც რუსეთი მოითხოვს, ნატო არ გაფართოვდეს მის საზღვრებთან, არ ტყუის, ის მართალია. რუსეთი ბევრჯერ მოატყუა ნატომ. პოლონეთში არ უნდა განელაგებინათ ნატოს ჯარი, მაგრამ მაინც განალაგეს, ამიტომ რუსეთი ფრთხილობს და თადარიგს იჭერს…

    _ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლება მაინც აცხადებს, რომ ქვეყნის გზა ევროპისკენაა, რომ ევროპის ნაწილი ვართ. ამას ე.წ. ოპოზიციის შიშით აკეთებს?

    _ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აბრალებენ, რომ რუსეთის კურსს მისდევს, ამიტომ შიდაპოლიტიკური სამზარეულოსთვის არის გათვლილი ყველა სიტყვა და წინადადება, რომლებიც ევროპულ გზას ეხება.

    საქართველო პატარა ქვეყანაა და უნდა გავითვალისწინოთ დიდი ქვეყნების ინტერესები. პატარა ერების ბედი ასეთია¬ _ სხვას უნდა ვუყუროთ და ჩვენი ხედვები მათ ხედვებს მოვარგოთ. ხისტი დამოკიდებულების მომხრე ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკაში ასე არ ხდება.

    _ გაცხადდა, რომ ნატოში საქართველო ვერ გაწევრდება. საეჭვოა ჩვენი ქვეყნის გაწევრება ევროკავშირშიც, რომელსაც, როგორც ამბობენ, დიდი მომავალი არ აქვს… გამოდის, რომ საქართველოს კონსტიტუცია კიდევ ერთხელ უნდა შეიცვალოს…

    _ ეს ლოგიკურია. საქართველომ ჩინეთთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც სტრატეგიულ მეგობრად ითვლება. ჩინეთი კი არ არის ევროპა. არადა, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ მხოლოდ ევროპისკენ უნდა ვიაროთ. ეს ნონსენსია. კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს. ხვალ ევროკავშირი რომ დაიშალოს, რას ვაპირებთ?

    _ რუსეთის ორბიტაზე დარჩენა საქართველოსთვის კარგია თუ ცუდი?

    _ პოლიტიკა ამოუცნობია. რამდენიმე წლის წინათ ვინმე იფიქრებდა, რომ რუსეთი “თალიბანთან” იმეგობრებდა ან აზერბაიჯანი რუსეთის დახმარებით ტერიტორიებს დაიბრუნებდა? შეიცვალა პოლიტიკა და, შესაბამისად, ყველაფერი შეიცვალა. საქართველოს არ აქვს პოლიტიკური ხედვა, რაც ძალიან ცუდია. არ გვაქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, რა გვინდა. აფხაზები და ოსები რომ მოვიდნენ და გვკითხონ, რა გინდათო, პასუხი არ გვაქვს. რუსეთი საქართველომ მედიატორად უნდა გამოიყენოს. დიდი საშიშროებაა, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, მაგრამ მეეჭვება რუსეთმა ეს გააკეთოს. რუსეთი მზად არის, დაგველაპარაკოს, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად მასთან სალაპარაკოდ _ არ ვიცით, რა გვინდა…

    საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს რესურსი, რაღაც შეცვალოს. დასავლეთმა დაკარგული ტერიტორიები ვერ დაგვიბრუნა, დარჩა რუსეთის ფაქტორი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. უკრაინის ომი დასრულდება და ყურადღება ჩვენი რეგიონისკენ გადმოვა, ამიტომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა განვაახლოთ. ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

    საქართველომ ნდობა უნდა დაიბრუნოს, რუსეთი უნდა გვენდობოდეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეს შეძლო, _ რუსეთის ნდობა მოიპოვა და ტერიტორიები დაიბრუნა, არადა, ალიევები უდიდესი პროევროპელები იყვნენ…

    რუსეთსა და უკრაინას შორის დასრულდება საომარი მოქმედებები, ამერიკასა და რუსეთს შორის გაიმართება მოლაპარაკებები და სფეროებს გადაინაწილებენ. ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მეხუთე კოლონასაც მიეხედება, ამიტომ ხელისუფლებამ ამაზე უნდა იფიქროს, აქედანვე უნდა დაიწყოს მოქმედებები, ნაბიჯების გადადგმა რუსეთისკენ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ რუსეთთან, თან უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა და რაზე ვილაპარაკებთ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ხვალ ევროკავშირში შესვლით აფხაზეთი და სამაჩაბლო მართლა დაიკარგება…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here