Home ახალი ამბები საქართველო მამუკა კარტოზია: მოღალატეა ყველა, ვინც ამბობს, ნატოში აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე უნდა...

მამუკა კარტოზია: მოღალატეა ყველა, ვინც ამბობს, ნატოში აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე უნდა შევიდეთო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ იყენებს ბერკეტებს მათ წინააღმდეგ

“ვორონცოვმა ათ წელიწადში ეპოქა შექმნა, ევროპამ კი 30 წელიწადში რა მოგვცა? _ მიგრაცია, დაცლილი საქართველო, იდენტობის დაკარგვა, ახალგაზრდების გადაგვარება, ფასეულობების აღრევა, ეკლესიის დისკრიმინაცია, ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ და უამრავი რამ, რაც საქართველოს დაღუპვის პირას მიიყვანს”

364

.. ოპოზიცია ამა წლის 28 მაისს აქციის ჩატარებას გეგმავს სახელწოდებით  “გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ”. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც რუსეთმა სავიზო რეჟიმი გაუუქმა საქართველოს მოქალაქეებს და პირდაპირი ავიამიმოსვლა აღადგინა, ზოგიერთმა ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტოლოგმა ისიც თქვა, რუსეთის მიერ დაბრუნებული ტერიტორიებიც კი არ გვინდა, სჯობს, ნატოში აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე შევიდეთ და მერე ეს რეგიონები თვითონ მოისურვებენ ჩვენთან ინტეგრაციასო

რას ნიშნავსგარუსების პოლიტიკა”, რას მოგვიტანს ნატოში გაწევრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიკოსი მამუკა კარტოზია გვესაუბრება:

_ რას ნიშნავს გარუსება? ვინ ამკვიდრებს ამ ტერმინს? წავიდეთ ისტორიის სიღრმეებში. 1801 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს სამეფო გააუქმა და თავის გუბერნიად აქცია, მაშინაც არ გავრუსებულვართ, საქართველოს მეფე მოიხსენიებოდა, როგორც მეფე საქართველოსი.

საქართველში, როდესაც რუსეთს შეუერთდა, იყო რეგრესი, მაგრამ იყო პროგრესიც. რუსეთთან საქართველოს შეერთების პროცესში ყველაზე მთავარი იყო ის, რომ საქართველოს დაუბრუნდა დაკარგული ტერიტორიები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა მიტაცებული. რუსეთმა გამუსლიმანებული ეთნოსი დაგვიბრუნა. ახლა მავანი შემომედავება, _ რუსეთმა ეს თავისი სიძლიერისთვის გააკეთაო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, ტერიტორიები დაგვიბრუნდა. დღეს მსოფლიო რუსეთის მიერ დაბრუნებული ტერიტორიით გვცნობს.

რუსეთის მიერ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მოჰყვა ეს აყალ-მაყალი, მაგრამ არ მესმის, რატომ. თურქეთიდან რუსეთში და პირიქით, გაცილებით ხშირია ფრენები, მაგრამ იქ ამას არ აპროტესტებენ. პრიმიტიული ნარატივია, ბნელ მასაზე გათვლილი. ეს გარკვეულწილად უცხოური პრესსამსახურების დაკვეთაა _ უნდა გააპროტესტონ ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოა. მილიონობით ფული შემოდის საქართველოში იმისთვის, რომ დესტრუქციულმა ძალებმა იმოქმედონ და იმოქმედონ არა ქვეყნის სასარგებლოდ, არამედ მის წინააღმდეგ.

რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგ სულ სხვა ცხოვრება დაიწყო… მე-19 საუკუნე იყო რენესანსის პერიოდი რუსეთში და გადმოვიდა საქართველოშიც.

რუსეთს საქართველოში ჰყავდა მეფისნაცვლები, მათგან ერთ-ერთი იყო მიხეილ ვორონცოვი, რომელმაც საქართველოში შექმნა უნიკალური კულტურული ბაზა: ქართული გაზეთი, თეატრი, ოპერა… შორს წაგვიყვანს იმის ჩამოთვლა, რა სიკეეთეებიც ვორონცოვმა საქართველოში აკეთა, თანაც სულ რაღაც ათი წლის განმავლობაში. ნიკოლოზ I-მა ვორონცოვი საქართველოში რომ გამოუშვა, უთხრა, რომ ის უნდა ყოფილიყო მისი “ალტერ ეგო”, მაგრამ ვორონცოვს საქართველოს რუსიფიკაცია არ დაუწყია, პირიქით, ქართველებისთვის უამრავი კარგი საქმე აკეთა. ის აფინანსებდა ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს ქართველებისთვის, ხშირად საკუთარი ჯიბიდანაც კი.

ვორონცოვმა ათ წელიწადში შექმნა ეპოქა, ევროპამ კი რა მოგვცა 30 წელიწადში? _ მიგრაცია, დაცლილი საქართველო, იდენტობის დაკარგვა, ახალგაზრდების გადაგვარება, ფასეულობების აღრევა, ეკლესიის დისკრიმინაცია, ბრძოლა ქვეყანაში ყველაზე დიდი ფიგურის, პარტიარქის, წინააღმდეგ და უამრავი რამ, რაც საქართველოს დაღუპვის პირას მიიყვანს.

ევროკავშირს არ ვაკნინებ, წევრობაზეც არ ვიტყვი უარს, თუ ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით შევალთ… მაგრამ ევროკავშირში ისეთი შეზღუდვებია, თანაც ისეთი მკაცრი, რომ, გინდა თუ არა, უნდა დაემორჩილო, თავს გახვევენ თავისას და გაიძულებენ, შემოიხვიო…

ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მისი მემკვიდრე გახდა რუსეთის ფედერაცია. რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ელცინის, პერიოდში საკმაოდ თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბდა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ისინი ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად აღარ აღიქვამდნენ და ხელშეკრულებაც კი გაფორმდა მათ შორის. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში ბევრ საკითხზე თანამშრომლობის შესახებ იყო ლაპარაკი, მაინც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ნატო რუსეთის საზღვრებს არ უნდა გაჰკარებოდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნები ნატოში არ უნდა შესულიყვნენ. ამერიკელები პირობას დებდნენ, რომ ნატოში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს არ გააწევრებდნენ…

_ რუსეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა აღდგა, აღდგა პირდაპირი ავიაფრენებიც, მაგრამ ამის წინააღმდეგია ქვეყანაში მოქმედი .. ოპოზიცია, უფრო მეტიც, ისინი ამბობენ, რუსეთმა ერთ მშვენიერ დღეს აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ დაგვიბრუნოს, არ გვინდა, გვირჩევნია, დაკარგული ტერიტორიების გარეშე შევიდეთ ნატოში და მერე აფხაზებიც და ოსებიც თვითონ მოისურვებენ ჩვენთან ყოფნასო

_ ნატოს აქვს თავისი სტანდარტები, უპირველესი _ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს კონფლიქტი მეზობელთან, ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა იდგეს უცხო ქვეყნის ჯარი. ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს საქართველო და აქ მორჩა კიდეც ნატოზე საუბარი.

1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადა, არც Eერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ ცნო ჩვენი დამოუკიდებლობა. გვითხრეს, რუსეთის გავლენის ქვეშ ხართ და ეს პრობლემა უნდა მოაგვაროთო. რუსეთის გამო ერთა ლიგაშიც გაწევრების უფლება არ მოგვცეს. იმჟამინდელი გადაწყვეტილებები ევროპისა დღემდე გრძელდება, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა გარკვევით გვითხრა, რომ საქართველო ევროპა არ არის…

ნატოში საქართველოს შესვლა და ავტომატურად აფხაზეთისა ოსეთის დაკარვა გარდაუვალია. საქართველოს გამო ევროპა რუსეთს არ დაუპირისპირდება. ნატოს არ სჭირდება საქართველოსნაირი პრობლემური ქვეყანა.

მოღალატეა ყველა, ვინც ამბობს, რომ ნატოშო აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე უნდა შევიდეთ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ იყენებს ბერკეტებს მათ წინააღმდეგ. საქართველოში სამართლებრივი ნიჰილიზმია. ჩვენს ქვეყანაში არ არის სამართალი.

_ რა უნდა ქნას ასეთ ვითარებაში საქართველომ, რომელსაც უამრავი გარეშე და შინაური მტერი ჰყავს

_ რუსეთსა და უკრაინას შორის დაწყებულმა კონფლიქტმა, რომელიც ომში გადაიზარდა, ბევრი რამ შეცვალა მსოფლიოში. დღეს ფასეულობების ომი მიმდინარეობს.

პატარა ქვეყნის ხვედრია დიდი ქვეყნებისგან ნიველირება. პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების მასტერკლასი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ჩაატარა _ მან დაიბრუნა ტერიტორიები. “ქართული ონების” ოპონენტი ვარ, მაგრამ მისი პოლიტიკა მომწონს.

ჩვენი ქვეყნის გამოსავალი არის ერთი: უნდა მოხდეს ეროვნული, ეთნიკური მობილიზაცია, ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, ნეიტრალურები უნდა ვიყოთ, მეზობლებთან ურთიერთობა უნდა მოვაგვაროთ. უნდა გავერთიანდეთ  ბრიჩს-ში, ჩავერთოთ “3+3” ფორმატში. ჩვენ უპატრონო ერი ვართ და ამაზე უნდა ვიფიქროთ… ზნეობა, განათლება, აზროვნების უნარი დაბალ დონეზეა საქართველოში, ამბიცია, პატივმოყვარეობა _ უმაღლესზე. ამბიციური პრიმიტივი კი საბოლოოდ “პოლიტიკოსად” ყალიბდება.

სახელმწიფო აზროვნების არარსებობამ და არა დეფიციტმა, როგორც ხშირად ამბობენ, განაპირობა მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების სრული გაუგებრობა, ამან გამოიწვია ქართული ნაციონალიზმის საბოლოო დამარცხება. მას პროტესტის გამოხატვის ყოველგვარი შესაძლებლობა წაერთვა. ნაციონალიზმის გამოვლინების ყოველგვარი გზა და საშუალება აღმოიფხვრა არა აკრძალვებით, არამედ პლურალისტური ნიველირებით. კოსმოპოლიტიზმი კვლავ დაეჯახა ნაციონალიზმს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here