Home ახალი ამბები საქართველო მაკა ბოჭორიშვილი – ეფექტური მიწოდების ჯაჭვების შექმნა და ევრაზიის კონტინენტის მასშტაბით სატრანსპორტო...

მაკა ბოჭორიშვილი – ეფექტური მიწოდების ჯაჭვების შექმნა და ევრაზიის კონტინენტის მასშტაბით სატრანსპორტო კავშირის ხელშეწყობა საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა

94

22-23 მაისს, აზერბაიჯანში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია , მწვანე ეკონომიკის, დაკავშირებადობისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე, გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ბაქოში ვიზიტით იმყოფება.

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის განვითარებაში „შუა დერეფნის” და საქართველოს როლზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს ევროპაში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, ტრანზიტზე, ენერგორესურსებისა და სურსათის ბაზრებზე შეფერხებების შექმნის გზით.

„საერთაშორისო სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარებასთან ერთად, რეგიონული სატრანზიტო მარშრუტების განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ურთიერთკავშირების გასაძლიერებლად. საქართველოს სატრანზიტო როლისა და ლოჯისტიკური ჰაბის მნიშვნელობას დამატებით უპირატესობას ანიჭებს მისი შავ ზღვაზე წვდომა. ეფექტური მიწოდების ჯაჭვების შექმნა და ევრაზიის კონტინენტის მასშტაბით სატრანსპორტო კავშირის ხელშეწყობა საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, ბოჭორიშვილმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე ისაუბრა.

„ეს პროექტი ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ამავე დროს განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის ჰიდრო, მზის და ქარის ენერგიის განვითარებას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროინტეგრაციას და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას სხვადასხვა სფეროში.

„ევროკავშირის ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელების (TEN-T) გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, ადასტურებს ევროკავშირის ინტერესს განავითაროს სატრანსპორტო კომუნიკაციები ჩვენს რეგიონთან და გვაძლევს დამატებით შესაძლებლობას განვავითაროთ დამაკავშირებელი პროექტები”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კონფერენციაზე მომხსენებლად ასევე წარდგნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპიკერი საჰიბა გაფაროვა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მარგარეტა სედერფელტი, მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტი დანიელა ჯუროვიჩი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.

ბაქოში გამართულ კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი მონაწილეობენ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here