Home ახალი ამბები მსოფლიო ისევ და ისევ ლიბერალების თვალთმაქცობისა და ცნებებით მანიპულაციის შესახებ

ისევ და ისევ ლიბერალების თვალთმაქცობისა და ცნებებით მანიპულაციის შესახებ

“მე არ ვიზიარებ თქვენს შეხედულებებს, მაგრამ მზად ვარ, მოვკვდე, რომ თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ” _ დღეს ამ ფრაზაზე ხელს არც ერთი სისტემური ლიბერალი არ მოაწერს

537

გამოცემა Financial Times-თან ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ, რომელშიც რუსეთის ლიდერმა ლიბერალიზმის კრიზისის შესახებ განაცხადა, მსოფლიომ თავდაპირველად აღიქვა, როგორც რუსეთის გეოპოლიტიკური წარმატებებისა და ლიბერალ-გლობალისტური ისტებლიშმენტის წინაშე საყოველთაოდ წამოჭრილი პრობლემების ფონზე დასავლური ელიტებისადმი წაყენებული ულტიმატუმი. 

თუმცა მოგვიანებით პუტინმა განმარტა, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. ლიბერალურ მოდელს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მისმა მიმდევრობამ ერთდროულად რამდენიმე სერიოზული კრიზისი გამოიწვია. ერთი შეხედვით კარგი საბაბი გაჩნდა დისკუსიისთვის იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ლიბერალიზმი XXI საუკუნეში წააწყდა, მაგრამ ვის სცალია ამისთვის?! “თავისუფალ” მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებზე, პრაქტიკულად, ერთნაირი რეაგირება ჰქონდათ, თითქოს ერთი ცენტრის განკარგულებით: ვითომ კრემლმა კვლავ რაღაც მზაკვრული განიზრახა. ლიბერალიზმის შესახებ სკეპტიკური შეფასებისთვის სხვა მიზეზების არსებობა შეუძლებელია.

დღეს “მრისხანედ და კატეგორიულად” განიკითხავენ როგორც დომინანტური გლობალური მოდელის შესახებ მსჯელობის ნებისმიერ მცდელობას, ასევე ზოგიერთი ამერიკელი ავტორის წინადადებას, დაფიქრდნენ ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების მიზეზებზე და დასავლეთში სხვა საამომრჩევლო მოვლენების იმ შედეგებზე, რომლებმაც ლიბერალური მეინსტრიმის გულისწყრომა გამოიწვია.

ამჟამინდელი “მოდა” იმ პოლიტიკოსის “კრემლის აგენტობაში” დადანაშაულებისა, რომელიც არ ეთანხმება ამ მეინსტრიმს, ძალიან ჰგავს საბჭოთა ხელისუფლების ყველაზე რთულ წლებში “იმპერიალიზმის დაქირავებულთა” მხილებას. საკითხი მხოლოდ რუსეთს რომ ეხებოდეს, ლიბერალთა “პარტიული ერთობა” მარტივი მიზეზებით აიხსნებოდა. დამცველები მას “მეხუთე კოლონის” რიგებში არსებულ დისციპლინად ჩათვლიდნენ, ხოლო “რეჟიმთან” მებრძოლები “სრულიად პროგრესულ კაცობრიობასთან” სოლიდარობას მოიმიზეზებდნენ.

მაგრამ ეს ხდება მსოფლიოში. საქართველოში, რუსეთში, ევროპასა და ამერიკაში ლიბერალური პრესის კითხვისას, შეუძლებელია, არ შეამჩნიო ის, რომ იგი ყველგან, ძალიან უმნიშვნელო ვარიაციებით ერთი და იმავე დღის წესრიგს აწესებს და თავს არიდებს ყოველგვარ დისკუსიას არა მხოლოდ პუტინის ან ტრამპის როლზე, არამედ ასევე კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე, ტოქსიკურ მამაკაცურობაზე, ბავშვების გენდერულ ნეიტრალობაზე, ოჯახისა და რელიგიის ტირანულ მხარეზე, უმცირესობათა მორალურ უპირატესობაზე, ღია სახელმწიფო საზღვრების პროგრესულობაზე, პოსტმოდერნიზმის გამარჯვებაზე და ა.შ. ამავე ჭრილში მართებთ საუბარი აკადემიური გარემოდან გამოსულ ადამიანებს, შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებს, ასევე ტრანსნაციონალური კომპანიების თანამშრომლებს.

ამ დღის წესრიგიდან გადახრები საყოველთაო გმობითა და “ჭეშმარიტი ლიბერალების” რიგებიდან სამუდამო განდევნით ისჯება, ხშირად კი კარიერაზე სერიოზული გავლენით აისახება.

ლიბერალური მაქსიმები ოდესღაც ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ჩანდა. ალბათ, გახსოვთ 1990-იან წლებში გავრცელებული გამონათქვამი, რომელსაც ვოლტერს მიაწერენ: მე არ ვიზიარებ თქვენს თვალსაზრისს, მაგრამ მზად ვარ, მოვკვდე, რომ თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ”.

ითვლებოდა, რომ XVIII საუკუნის განმანათლებლის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს ლიბერალიზმის, როგორც ჭეშმარიტი თავისუფლების იდეოლოგიის, არსს. სინამდვილეში ეს ციტატა XX საუკუნის დასაწყისში გამოთქვა ინგლისელმა მწერალმა ეველინ ბეატრის ჰოლმა, რომელმაც დაწერა საკმაოდ სადავო ნაშრომი ვოლტერზე. ეს ნაშრომი გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში 1906-1907 წლებში სხვადასხვა ფსევდონიმით, მაგრამ ამ გამონათქვამის მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს მასზე არც ერთი სისტემური ლიბერალი ხელს არ მოაწერს.

როდესაც ვამბობთ “სისტემურ ლიბერალს”, მხედველობაში გვაქვს მსოფლიო მასშტაბის სისტემა, რომელიც, უდავოდ, ჩვენს ქვეყანაშიც მუშაობს (ისევე, როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, ევროპაში და ა.შ.), მაგრამ აქვს ზენაციონალური, უნივერსალური ხასიათი. ლიბერალური იდეოლოგიის უნივერსალიზმს არც ერთი მისი მიმდევარი არ უარყოფს, პირიქით, ისინი ამ უნივერსალიზმს განიხილავენ, როგორც მისი ჭეშმარიტებისა და გამარჯვების მტკიცებულებას. პრობლემები წარმოიშვა მაშინ, როდესაც ეს იდეოლოგია შეეჯახა ნაციონალური სახელმწიფოების ინტერესებს და მეტიც, პოლიტიკური ერების დემოკრატიულ არჩევანს. აქედან კი ერთი ნაბიჯი იყო სახელმწიფოსა (თავისი ისტორიითა და ტრადიციებით) და ადამიანის უფლების უარყოფამდე, არ დათანხმებოდა “ერთადერთ სწორ იდეოლოგიას”.

ეს ნაბიჯი XXI საუკუნეში გადაიდგა. არალიბერალური ლიბერალიზმი იქცა გლობალურ იდეოლოგიად, რომელიც უარყოფს არა მხოლოდ ეროვნულ სუვერენიტეტსა და დემოკრატიას, არამედ პირად თავისუფლებასაც.

სანამ ლიბერალები “ავტორიტარულ რეჟიმებს” ებრძოდნენ, მათთვის ადვილი იყო, “კარგ ბიჭებად” გამოჩენილიყვნენ (დღეს მავანმა სიტყვა “ბიჭების” რაიმე გენდერულად ნეიტრალურით შეცვლაზეც კი დაიწყო ფიქრი). არც ერთი ჭკუათმყოფელი არ შეეწინააღმდეგებოდა გამოხატვის თავისუფლებას, პიროვნების უფლებათა გაფართოებასა და მასზე რეპრესიული ზეწოლის შემცირებას, საიდანაც უნდა წამოსულიყო ეს ზეწოლა _ სახელმწიფო აპარატიდან, ეკლესიიდან, დომინანტი საზოგადოებრივი აზრიდან თუ ოჯახის მხრიდან.

უმრავლესობის ძალასთან ბრძოლა გარკვეულ დრომდე, აგრეთვე, ჰუმანისტური ხასიათის იყო, ვინაიდან ნებისმიერ ძალაუფლებას უნდა ჰქონდეს საზღვრები, მათ შორის დემოკრატიულს. უმცირესობაში დარჩენილი ხალხის უფლებების დარღვევა არ შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ მათი თვალსაზრისი ან ცხოვრების წესი არ არის საყოველთაოდ მიღებული. ასე რომ, ლიბერალების მხრიდან სექსუალური უმცირესობების დაცვაც საკმაოდ ლოგიკური ჩანდა. თუკი თავისუფლება და თანაბარი უფლებები უმაღლესი ღირებულებაა ყველასთვის, მაშინ ისინი დასაცავი და მისასალმებელია; რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ისინი არ არღვევს სხვა ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ლიბერალური იდეოლოგია საზოგადოებრივ მორალს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ეს იყო ლიბერალური იდეის არსი _ თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი მორალური აკრძალვა.

დიდი ხნის განმავლობაში ლიბერალიზმის კრიტიკოსები სწორედ შეუზღუდავი თავისუფლების საფრთხეზე მიუთითებდნენ, როგორც მის მთავარ ხარვეზზე, მაგრამ სეკულარული ადამიანის შეუზღუდავი უფლებების ირგვლივ შექმნილი ანტიუტოპიის რეალიზებაზე გაცილებით სწრაფად თვითონ ლიბერალებმა წამოაყენეს უფლებებისა და თავისუფლებების უარყოფის მოთხოვნები, თანაც ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ლიბერალური დემოკრატიის დასაყრდენად ითვლებოდა.

საუბარია არა მხოლოდ პროფესიულ და სოციალურ გარემოში ქცევისა და განცხადებების მკაცრ რეგლამენტირებაზე, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნე, არამედ სახელმწიფო აპარატის ლიბერალური დიქტატის სამსახურში ჩაყენების სურვილზე.

აშშ-ის დღევანდელი დემოკრატიული პარტიის წევრი პრეზიდენტობის კანდიდატების უმრავლესობა მხარს უჭერს ეკლესიებისა და სამრევლოებისთვის რელიგიური ორგანიზაციის სტატუსის ჩამორთმევას მათ მიერ ერთი და იმავე სქესის პირებისთვის ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო. მრავალ შტატში საკონდიტროებს სანქციებს უწესებენ გეი წყვილებისთვის საქორწილო ტორტების შეკვეთების მიღებაზე უარის გამო. საჯარო სკოლები ტრანსგენდერული ტუალეტების დანერგვის მკაცრ პოლიტიკას ატარებენ. მშობლები შეიძლება სერიოზულ სასჯელს დაუქვემდებარონ (მშობლის უფლებების ჩამორთმევამდეც კი), თუ ისინი შვილს “თავს მოახვევენ” მის გენდერულ კუთვნილებასა და სექსუალურ ორიენტაციას. და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. “სხვისი უფლებების არშელახვის” პრინციპის რაიმენაირ დაცვაზე საუბარიც კი არ არის.

მაგრამ მთავარი მეტამორფოზი მოხდა საზოგადოებრივი მორალის მიმართ. ახლა ლიბერალური დღის წესრიგის მიმდევრობა “მორალურადაც” იქცა. ამორალური ელემენტები” უწოდეს ადამიანებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ გლობალურ დათბობაში ადამიანის ფაქტორს და აკრიტიკებენ “მწვანე ენერგეტიკას”, იცავენ რელიგიური რწმენის თავისუფლებას, ურჩევნიათ ტრადიციული ოჯახი, შესაბამისად ზრდიან შვილებს და ა.შ. დღეს ლიბერალიზმის ნებისმიერი მოწინააღმდეგე შეიძლება “თავისუფალმა პრესამ” ყველაზე საშინელ ცოდვებში დაადანაშაულოს და დევნა დაუწყოს “უზნეობის” გამო, მოითხოვოს მისი სამსახურიდან განთავისუფლება და რაიონიდან გასახლება, მაღაზიებსა და კვების ობიექტებში მომსახურების აკრძალვა. უკვე გამოითქვა წინადადება “არასწორი ადამიანებისთვის” საარჩევნო ხმის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.

არალიბერალური ლიბერალიზმის კიდევ ერთი მახასიათებელია მისი მტრული დამოკიდებულება ისტორიული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც, რუსეთშიც, ხშირად გვსმენია “საუკუნოვანი მონობის” და ჩვენი გამოუსწორებელი “მონური ხასიათის” შესახებ, ამერიკელი ხალხი ახლა იმყოფება ისეთ ვითარებაში, როდესაც მათგან მუდმივად მოითხოვენ, რომ მოინანიონ და უარი თქვან “მონებისა და ველურების ტრადიციებზე”. თვითონ ამერიკული პოლიტიკური ერის არსებობას ზოგიერთ მედიასა და “სამეცნიერო ნაშრომებში” ღიად უწოდებენ შეცდომას.

ერთ დღეს ისტორიკოსები და ფილოსოფოსები, ალბათ, დაწვრილებით შეისწავლიან ლიბერალიზმის სამასწლიან ევოლუციას თავისუფლების განდიდებიდან მის “მორალურ” გმობამდე. პრაქტიკული გაგებით, უფრო მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ, როგორ გარდაიქმნა ლიბერალიზმის იდეოლოგია (რომელზეც მნიშვნელოვანწილად ეროვნული სახელმწიფოების მშენებლობა და სამრეწველო რევოლუცია იყო დაფუძნებული) დოქტრინად, რომელიც ქადაგებს ამგვარი სახელმწიფოების გაუქმებას და ინდუსტრიების შემცირებას და მათთან ერთად _ ოჯახის, ეკლესიისა და თვით ადამიანის სიცოცხლის, როგორც ღირებულების ლიკვიდაციას.

კაცობრიობა თავისთავად წინააღმდეგობას უწევს “საოცარი, ახალი სამყაროს” მოსვლას და ყოველდღიურად ეს წინააღმდეგობა სულ უფრო იძენს გადარჩენისთვის ბრძოლის ხასიათს, რომელშიც, როგორც ვიცით, ყველა საშუალება გამოსადეგია.

დღეს არსებული ეგრეთ წოდებული გლობალური წესრიგის მოშლა დაკავშირებულია არა ამა თუ იმ პოლიტიკოსის ბოროტ ნებასთან, არამედ იმასთან, რომ ხალხს, სამწუხაროდ, აღარ აქვს იმედი, რომ გადარჩენის პრობლემა პლანეტის მასშტაბით გადაწყდება და ცდილობს, სასწრაფოდ შეაფაროს თავი საკუთარი სახელმწიფოს კედლებს.

დიმიტრი დრობნიცკი
მომზადებულია vz.ru-ს მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here