Home რუბრიკები პოლიტიკა LeFigaro: ვაშინგტონი ამართლებს თავის სისხლიან რეიდს სირიის ჩრდილოეთში

LeFigaro: ვაშინგტონი ამართლებს თავის სისხლიან რეიდს სირიის ჩრდილოეთში

883
სირია

ამერიკის ავიაცია ადასტურებს სოფელ ალჯინას დაბომბვას, რომელსაც 50 ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად, მშვიდობიანი მცხოვრებნი, და ამტკიცებს, რომ სამიზნეში ამოღებული იყოალ ქაიდა”.

ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის ობსერვატორიის ცნობით, საქმე ეხება, ამერიკის არმიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სისხლიან შეცდომას სირიის საჰაერო სივრცეში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

საავიაციო დარტყმამ გაანადგურა შენობა, რომელიც ალეპოს პროვინციის სოფელ ალ-ჯინის მეჩეთის გვერდით იდგა. ამ რეგიონს აკონტროლებენ ტერორისტები, იგი არაერთხელ დაიბომბა სირიისა და რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ. “ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, შეტევა განხორციელდა ე.წ. დრონის მეშვეობით, რომელმაც რვა რაკეტა ესროლა თვითმფრინავიდან 225-კილოგრამიანი ბომბის ჩამოგდების წინ.

პენტაგონი აცხადებს, რომ დაიბომბა მოთარეშეთა ლიდერების შეკრების ადგილი, “რომელთა შორის ზოგი უთუოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო”. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის _ ჯეფ დევისის თქმით, აღნიშნულ შენობას გარკვეული დროის განმავლობაში უთვალთვალებდნენ: “ჩვენ ვიცოდით, რომ ამ შენობას იყენებდა “ალ ქაიდა” და დავარტყით დაგეგმილ მიზანს”.

პენტაგონის სხვა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დანგრეულ შენობას იყენებდნენ ჯიჰადისტების “სწავლებისა და აგიტაციის მიზნით”. და, როგორც ყოველთვის მსგავს სიტუაციაში ხდება, თავდაცვის სამინისტრო თავს იმართლებს იმით, რომ არ გააჩნია დაზუსტებული ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულთა შესახებ.

სოფელში მცხოვრებნი უარყოფენ ამ ვერსიას: “მეჩეთში დაბომბვის დროს ლოცულობდნენ მხოლოდ ადგილობრივი მორწმუნენი, რომლებიც თავიანთი შეხედულებით “ალ ქაიდასგან” დიდად არიან დაშორებულნი”, _ განაცხადა ალ-ჯინის მცხოვრებმა აბუ ომარმა.

ჟურნალისტთა კოლექტივის _ Airwars-ის ცნობით, დაბომბვების დროს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა: “ეს ტენდენცია დაიწყო ობამას ადმინისტრაციის მმართველობის ბოლო თვეებში და მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ”.

ადგილობრივი წყაროების შეჯერების შედეგად მიღებული სტატისტიკით, სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ განხორციელებულ ავიადარტყმებს 2014 წლიდან დღემდე 2 590 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

Airwars აცხადებს, რომ აშშ-ის ხელმძღვანეობით მოქმედი კოალიციის ავიადარტყმებს იანვარსა და თებერვალში გაცილებით მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, ვიდრე რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებულ დაბომბვებს, რომლის (რუსეთი სამხედრო-საჰაერო ძალების) აქტივობა სირიაში მნიშვნელოვნად შემცირდა მთავრობის ძალების მიერ ალეპოს აღების შემდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here