ევროპის პარლამენტსაც შეეხო სექსუალური ძალადობის ბრალდებების ტალღა. ამ საჩოთირო თემაზე ჟურნალისტმა უსილ დიუკურტიემ “ლე მონდში” წერილი გამოაქვეყნა.
ვაინშტაინის ფენომენი მთელ ევროპაში ყოფილა მოდებული, მათ შორის, ევროპარლამენტშიც. 25 ოქტომბერს აქ გაიმართა პლენარული დისკუსია, რათა განეხილათ სამარცხვინო მოვლენა, რომელიც თურმე ევროკავშირის ქვეყნების ქალებსაც შეხებია. უფრო მეტიც _ ევროპარლამენტშიც არ ყოფილან ქალები მოძალადეებისგან დაცული. საინფორმაციო საიტმა Politico.eu-მ შეაგროვა ათობით ცნობა, რომლებშიც ევროპარლამენტის წევრები ამხელდნენ სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებს.
სოციალისტი ედუარდ მარტენი იმ მცირერიცხოვან მამაკაცთა შორის ერთ-ერთი იყო, რომელმაც სიტყვა ითხოვა. “აქ არც იმაზე მეტია სექსუალური ძალადობა, ვიდრე სხვაგან, მაგრამ არც იმაზე ნაკლებია, რამდენსაც სხვაგან ვხვდებით. ჩვენ კოლექტიური მოვალეობა გვაკისრია ამის აღმოსაფხვრელად. ბოლო უნდა მოვუღოთ შრომით ხელშეკრულებებში გარანტიების არქონას. ფაქტია, რომ ჩვენი ქალების 95 პროცენტს სამუშაოდან ითხოვენ მაშინვე, როგორც კი მსგავსი შემთხვევების შესახებ განაცხადებენ”, _ თქვა მან.
სექსუალური ძალადობით ყველაზე მეტად პარლამენტარების თანაშემწე ქალები არიან შეწუხებული. ევროპარლამენტში 751 დეპუტატია, რომლებსაც ხუთი ათასამდე თანაშემწე ემსახურება.
“სტრასბურგის პარლამენტში შიდაუწყებრივი სტრუქტურა მუშაობს: “სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი”, მაგრამ მას არც ერთი ოფიციალური საჩივარი არ მიუღია სექსუალური ძალადობის შესახებ”, _ დაადასტურა სხდომის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანიმ. “პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდა ქალების გარკვეულმა რაოდენობამ არც იცის ასეთი კომიტეტის არსებობა”, _ თქვა “პოლიტიკოს” ჟურნალისტმა მაია დე ლა ბომმა, რომელიც იძიებს სექსუალური ძალადობის ფაქტებს ევროპარლამენტში.
აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ მორენ-შარტიემ განაცხადა, რომ დაზარალებულებს შეურაცხყოფის გამხელა ერიდებათ, არ ლაპარაკობენ, ამიტომ გვჭირდება დაწესებულებასა და დაზარალებულებს შორის შუამავალი. ამასთანავე, თითოეულმა აქაურმა მამაკაცმა სრულად უნდა იცოდეს, რა ელოდება სექსუალურ ძალადობას თუ გარისკავს.
ევროპული კომისიის ერთადერთა წარმომადგენელმა, რომელიც პლენარულ დისკუსიას ესწრებოდა, სესილია მალმსტრიომმა თქვა, რომ უკვე არსებობს ქცევის ნორმების დამდგენი ბევრი კანონი და კოდექსი, ჩვენ კი ვალდებული ვართ მათ უეჭველ შესრულებაზე ვიყოთ კონცენტრირებული.