“უაზრობაა გაჯიუტება და ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთი ყირიმიდან უნდა წავიდეს, ეს არასოდეს მოხდება”, _ განაცხადა გაზეთ “ფიგაროსთვის” მიცემულ ინტერვიუში მემარჯვენე _ რესპუბლიკელების პარტიის კანდიდატმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე _ ფრანსუა ფიიონმა.
იგი დარწმუნებულია, რომ ყირიმის საკითხის განხილვისას აუცილებელია ორი ფუნდამენტური და ურთიერთგამომრიცხავი პრინციპის გათვალისწინება: “ვერავინ უარყოფს, რომ ყირიმი რუსულია ისტორიული, კულტურული და ლინგვისტური თვალსაზრისით”.
რუსეთთან ურთიერთობის პრობლემის განხილვისას პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო დებატების დროს წამოიჭრა საკითხი ყირიმის ბედის თაობაზე. სწორედ მაშინ გამოიყენა ფრანსუა ფიიონმა არგუმენტი ერების თვითგამორკვევის შესახებ. მან ეს გააკეთა რუსეთისადმი მხარდაჭერის მიზნით. გაიხსენა კოსოვოს ფაქტი, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა სერბეთის ნების საწინააღმდეგოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს ყოფილი იუგოსლავიის ეს ოლქი. “არსებობს ფუნდამენტური პრინციპი, რომელშიც ჩამოყალიბებულია ხალხის უფლება, დამოუკიდებლად განაგოს თავისი ბედ-იღბალი”, _ განაცხადა მაშინ ფიიონმა.
ყირიმი რუსეთს დაუბრუნდა 2014 წლის მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე. მაშინ ყირიმელების 96,77 პროცენტმა და სევასტოპოლში მცხოვრები ამომრჩევლების 95,6 პროცენტმა ხმა მისცეს რუსეთთან შეერთებას.