Home ახალი ამბები მსოფლიო კრიტიკული დონე: აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 28 ტრილიონს მიაღწია

კრიტიკული დონე: აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 28 ტრილიონს მიაღწია

141

პანდემიასთან ბრძოლაში აშშ-ის ხელისუფლებამ უზარმაზარი თანხა დახარჯა და აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 28 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს ქვეყნის მშპ-ზე მეტია. 

ვალების ორმო

ამერიკის შეერთებული შტატების ჩაფლობა ვალებში 2008 წლის კრიზისის პერიოდიდან დაიწყო. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ვალმა 9 ტრილიონით მოიმატა, დონალდ ტრამპის პერიოდში _ კიდევ 7 ტრილიონით. 2018 წელს აშშ-ის სახელმწიფო ვალი მშპ-ს 78%-ს შეადგენდა. ამ დონეს მსოფლიო ბანკი სახიფათოს უწოდებს. პროგნოზების მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო ვალს ქვეყნის ეკონომიკის ზომისთვის 10 წლის შემდეგ უნდა გადაეჭარბებინა, მაგრამ ეს გაცილებით ადრე მოხდა, პანდემიის პერიოდში ეროვნული მეურნეობებისთვის გაწეული დახმარების გამო. ექსპერტთა გათვლებით, ხელისუფლებამ აშშ-ის ეკონომიკაში თითქმის 9 ტრილიონი დოლარი ჩადო და აი შედეგიც: სახელმწიფო ვალმა 28 ტრილიონ დოლარს მიაღწია, ე.ი. მთლიანი შიდა პროდუქტის 101%-ს. მსგავსი რამ მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ _ 1946 წელს (106%).

ფედერალური სარეზერვო ფონდის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი, როგორც ჩანს, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

“პანდემიის პერიოდში ვალების აღებამ ხიდი გადო ეკონომიკური უფსკრულის თავზე _ კარანტინების, სამომხმარებლო ხარჯების დაცემის, ცარიელი სასტუმროებისა და მილიონობით უმუშევრის. იაფმა კრედიტებმა საშუალება მისცა ბიზნესს, გადაეხადა ფული თანამშრომლებისთვის და არ გაეთავისუფლებინა ისინი. ვალით, აგრეთვე, გაიცა დახმარებები სამსახურიდან დათხოვნილთათვის, რათა მათ ეყიდათ საკვები”, _ განაცხადა პაუელმა.

ფინანსთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ლარი სამერსის, აზრით კი, ეკონომიკის სტიმულირება ჭარბი იყო: “პოლიტიკოსებმა კორონავირუსთან ბრძოლაში ტრილიონები ჩადეს, მაგრამ ბიუჯეტში შემოსავლების შემცირებას არავინ შეუშფოთებია”.

უფრო მეტი

რადგან ხაზინის შევსება ვერ ხერხდება, კიდევ უფრო მეტი ვალის აღებაა საჭირო: ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტი, ძირითადად, სახელმწიფო ობლიგაციების რეალიზაციის ხარჯზე იფარება.

2020 საფინანსო წელს (დასრულდა 30 სექტემბერს) დეფიციტმა 3-ჯერ მოიმატა _ 3,1 ტრილიონ დოლარამდე. ხოლო, როცა სრულად დაითვლიან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეულ ყველა ხარჯს, დეფიციტი 4 ტრილიონს მიაღწევს. ასეთ შემთხვევაში ვალის კიდევ აღება აუცილებელი იქნება.

ექსპერტთა აზრით, პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის ნელა აღდგენის შემთხვევაში, 2025 წელს აშშ-ის სახელმწიფრო ვალი მშპ-ს 117%-ს მიაღწევს. ჯერჯერობით ეს არ აშფოთებს ინვესტორებს და ხელს არ უშლის აშშ-ს, კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლოს ვალებში _ ეს იაფი უჯდება.

“მთავრობა ბეჭდავს ხაზინის ფასიან ქაღალდებს _ ვექსილებსა და ობლიგაციებს _ დაფარვის სხვადასხვა ვადით. ბაზარი კი, ფაქტობრივად, შეუზღუდავია, რადგან ეს ყველაზე უსაფრთხო აქტივებად ითვლება”, _ წერს The Wall Street Journal-ი.

რა მოხდება მომავალში

ფინანსურ ჰოლდინგ JP Mo­rgan Asset Managment-ში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია არა თვით ვალი, არამედ მისი მომსახურება.

მიუხედავად ვალის მკვეთრად მატებისა, ახლა სავალო ვალდებულებების მომსახურება გაცილებით იაფია, ვიდრე, მაგალითად, 1990-იანი წლების შუაში და 2000-იანების დასაწყისში იყო, როცა ვალი მშპ-ს 50%-ზე ნაკლებს შეადგენდა, ხოლო მთავრობა არაოფიციალური ბიუჯეტით მუშაობდა”, _ წერენ ბანკის ანალიტიკოსები.

ექსპერტთა აზრით, ადრე თუ გვიან, ინვესტორები დაკარგავენ რწმენას, რომ აშშ-ის მთავრობა შეძლებს ვალების გასტუმრებას, ამიტომ დაიწყებენ ფასიანი ქაღალდების გაყიდვას და მოითხოვენ მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაწესებას. ამას კი სერიოზული ეკონომიკური შედეგი ექნება. საპროცენტო განაკვეთების მომატება შეამცირებს გაუნაღდებელი სახელმწიფო ობლიგაციების საბაზრო ღირებულებას. შედეგად, ბევრი ფინანსური დაწესებულება _ საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა ორგანიზაციები დაზარალდებიან. ყველაფერი დასრულდება გაკოტრებითა და მორიგი ფინანსური კრიზისით.

ru.sputnik.md-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here