ლტოლვილებით სავსე თითქმის ყველა გემი იტალიის ნავსადგურებში შედის. წლეულს, პირველი ექვსი თვის განმავლობაში, აპენინის ნახევარკუნძულს 85 ათასი მიგრანტი ეწვია. სწორედ რომის დამსახურებაა, რომ ხმელთაშუა ზღვის ტალღებში არ დაიღუპნენ ეს ადამიანები. იტალიელი სამხედროები შველიან ამ ადამიანებს, გადმოჰყავთ ხმელეთზე და თავიანთ ტერიტორიაზე განათავსებენ. შემდეგ რა?
აშკარაა, რომ ევროპაში ლტოლვილების განაწილების იდეა ჩავარდა. ავსტრიელები მზად არიან, ტანკებით გადაკეტონ ალპური გზები; შვეიცარია საზღვრებზე კედლის აგებას გეგმავს. რომი ეკითხება ბრიუსელს: “რა უნდა ვუყოთ ტვირთს, რომლის ზიდვის საშუალება არ გვაქვს?”. პასუხად ესმის მხოლოდ სიტყვები ევროპული ერთობის, საკაცობრიო ფასეულობათა და თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ. არც ვადები, არც კონკრეტული წინადადებები, მაგრამ, როგორც კი იტალიელებმა მიანიშნეს, რომ ლტოლვილებისთვის ჩაკეტავენ თავიანთ ნავსადგურებს, მათ იმავე წუთს ყური აუწიეს. ეს ხომ არადამიანურია! იტალიას არ შეუძლია, უარი უთხრას გაჭირვებაში ჩავარდნილებს”.
ამ კუთხით თვალსაჩინო მაგალითია ევროპული ოპერაცია “ტრიტონი”, რომელსაც უნდა უზრუნველეყო საზღვრების კონტროლი ხმელთაშუა ზღვის აუზში. მისი განხორციელება სამი წლის წინათ დაიწყეს. ევროკავშირის 15-მა ქვეყანამ განაცხადა, რომ მიიღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, მაგრამ დღეს ბრიუსელი პირდაპირ ეუბნება რომს: “ტრიტონი” თქვენი პრობლემაა.
იტალიელებს სურთ, რომ ლტოლვილების ბედზე პასუხისმგებლობა მათთან ერთად სხვა ევროპელებმაც გაინაწილონ. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, დაავალოს სხვა ქვეყნების პორტებსაც, უწინარეს ყოვლისა, საფრანგეთისა და ესპანეთისას, ასევე მიიღონ ლტოლვილები. რომს აღიზიანებს მალტის პოზიცია, რომელიც ევროკავშირიდან იღებს სახსრებს საპატრულო მისიის შესასრულებლად, მაგრამ თითს თითზე არ აკარებს, რაიმეთი მაინც რომ დაეხმაროს იტალიელებს.
იტალიელების ყველა მოწოდება რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ტალინში გაიმართა, ევროპელებმა, როგორც კი მოისმიენს იტალიელების წინადადება სხვა ქვეყნების ნავსადგურების ჩართვის შესახებ, განაცხადეს მტკიცე “არა”. რომისთვის ცუდი ახალი ამბები გავრცელდა “ფრონტექსის” ვარშავის შტაბ-ბინიდან. სააგენტოს პრესმდივანმა ევა მონკურმა პირდაპირ განაცხადა, რომ “ტრიტონის” გეგმის მიხედვით მხოლოდ იტალია არის ქვეყანა, რომელმაც ლტოლვილები უნდა მიიღოს. შესაძლებელია, რომელიმე ქვეყანა მხარში ამოუდგეს იტალიას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არარეალური სცენარია”.
იტალიელებისთვის კიდევ ერთ პრობლემად იქცა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა, რომლებმაც, ლტოლვილთა დახმარების მიზანს ამოფარებულებმა, ბიზნესი აიწყვეს და ფულის კეთება დაიწყეს. მიგრანტების ერთი მესამედი ისეთი ორგანიზაციების ნავებით ჩადის ევროპაში, როგორებიცაა “ექიმები საზღვრების გარეშე”, “გადავარჩენთ ბავშვებს” და სხვ. უფლებადამცველებს ემიგრანტები იტალიის ნავსადგურებში ჩაჰყავთ, შემდეგ კი ყურადღებით აკვირდებიან, იტალიის ხელისუფლება ხომ არ ჩაგრავს ამ უბედურებს.
რომში ამბობენ, რომ მზად არიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან დიალოგისთვის. იტალიელების აზრით, იქ, სადაც, ფაქტობრივად, სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, არ უნდა იყვნენ სამოქალაქო პირები, რომლებსაც არავინ აკონტროლებს, და რომლებიც უფლებადამცველებს სთავაზობენ, ერთობლივად განახორციელონ საქმიანობა, თუნდაც განიხილონ საკითხები იმის თაობაზე, სად უნდა განათავსონ მიგრანტები. მაგრამ უფლებათა და მოვალეობათა ამაყ დამცველებს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული კონტროლზე არაფრის გაგონება არ სურთ და აცხადებენ, რომ კვლავაც განაგრძობენ იტალიის ტერიტორიაზე ლტოლვილების ახალ-ახალი კონტინგენტის ჩაყვანას. მათი შემდგომი ბედი კი რომის პრობლემაა _ იტალიელებმა უნდა გადაწყვიტონ, სად განათავსონ და რა აჭამონ მათ.