ნატოს სამიტმა აჩვენა, რომ ალიანსის საკვანძო ქვეყნებს, როცა სჭირდებათ, შეუძლიათ უგულებელყონ კიევის ნებისმიერი უკმაყოფილება და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს არ აძლევს უკრაინას. ამის შესახებ წერს strana.best-ი.
დასავლურ მედიაში გაჩნდა გამოძახილი ნატოს სამიტისა, რომელიც ვილნიუსში ჩატარდა და რომლის შედეგიც უკრაინისთვის არც ისე ვარდისფერი აღმოჩნდა – უკრაინას ალიანსში მიწვევა არ მიუღია. ამის გამო ნატოს წარმომადგენლებსა და უკრაინის დელეგაციას შორის დაძაბულობა გრძელდება.
The New York Times-ის წყაროებმა დაადასტურეს, რომ ზელენსკის განცხადებამ, რომელშიც ის ნატოს კომუნიკეს აკრიტიკებდა, „ამერიკელების გააფთრება გამოიწვია”. გამოცემა წერს, რომ ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა „საჯარო ტონი შეარბილა“, მაგრამ დიდ არასაჯარო უთანხმოების არსებობაზე „გერმანული ტალღა“(„Deutsche Welle“) წერს. გამოცემის ხელთ არსებული მონაცემებით, სამიტზე ამერიკელებმა ზელენსკის გუნდს მიანიშნეს, რომ, თუ უკრაინა ძალიან აქტიურად და ბევრს მოითხოვს, მაშინ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება სამხედრო დახმარება შეუმციროს. აღსანიშნავია, რომ ასეთი მუქარა, თუ ის მართლაც გამოითქვა, სცილდება მთავრობებს შორის პირადი უთანხმოების ფარგლებს. სამხედრო დახმარების შემცირება ხომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფრონტზე ვითარების გაუარესებას ნიშნავს, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხია, იყო თუ არა შეერთებული შტატები მზად მუქარის განსახორციელებლად. ამასთანავე, სამიტის კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით, დასავლეთში ომის ფინალის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ.
„სამიტის ზოგიერთ მონაწილეს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას უარი არ უთქვამს ტერიტორიებზე უკრაინის უსაფრთხოების გაცვლის იდეაზე“, – წერს „გერმანული ტალღა“. გამოცემის ცნობით, მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში ვაშინგტონი უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დატოვებით. ეს „მშვიდობისმყოფელი“ ბაიდენისთვის წარმატება იქნება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წელს. ზელენსკიმ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ორჯერ თქვა, რომ ეს ვარიანტი კიევს ხელს არ აძლევს. შეგახსენებთ, რომ ადრე ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა მონაცემები კიევის „სტრატეგიული გეგმის“ შესახებ, რომელიც გულისხმობდა უკრაინის არმიის გასვლას ყირიმის საზღვრებთან. ამის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებას სურდა, მოსკოვისთვის ზავი შეეთავაზებინა, მისთვის ყირიმი დაეტოვებინა, სანაცვლოდ კი ნატოში უკრაინის შესვლა მოეთხოვა. იმხანად ასეთი გეგმის არსებობა კიევში კატეგორიულად უარყვეს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ უკრაინაში გარკვეულ კომპრომისებზე, პრინციპში, თანახმანი არიან.
გარდა ამისა, ნატოს სამიტმა აჩვენა, რომ ალიანსის საკვანძო ქვეყნებს, როცა დასჭირდებათ, შეუძლიათ უგულებელყონ კიევის ნებისმიერი უკმაყოფილება და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულიად არ აძლევს ხელს უკრაინას. სხვაგვარად, ალბათ, არც იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სხვა ქვეყნებზე უკრაინის თითქმის სრული ფინანსური და სამხედრო-ტექნიკური დამოკიდებულებიდან გამომდინარე.
უკრაინაში ბევრი არ მალავს სამიტის მიმართ იმედგაცრუებას. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ რადას ტრიბუნიდან ნატოსა და „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებებს „განზრახულობათა პროტოკოლი“ უწოდა. „იქ არ არსებობს სიტყვა გარანტია. ერთადერთი, რაც იქ არის, არის კონსულტაციების დაწყება მომავალი ომის შემთხვევაში. მე ვიცი, როგორ ჩავატარე ეს კონსულტაციები 2014 წელს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გამეორება“, – განაცხადა პოროშენკომ.
ანუ კიევში ნატოს ყველაზე აქტიური მხარდამჭერებიც კი უკმაყოფილონი არიან მისი გადაწყვეტილებებით. რატომ?
პირველ რიგში, იმიტომ, რომ ალიანსმა ვერ აჩვენა მზადყოფნა, უფრო მძლავრად დახმარებოდა უკრაინას – ვერც შესვლის პროცესის ფორმალიზაციითა და ვერც სამხედრო დახმარების გაძლიერებით. ყოველ შემთხვევაში, ვილნიუსში ამ მხრივ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე, ბევრი (მათ შორის ზევით ციტირებული დასავლური მედია) ასკვნის, რომ დასავლეთი ემზადება ამ ომის დასასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ გასულა უკრაინის უზარმაზარი ტერიტორიდან, ამიტომ იზრდება შიში, რომ ნატოს ქვეყნებს საქმე მიჰყავთ ფრონტის ხაზზე კონფლიქტის გაყინვისკენ („კორეული სცენარი“), რომელსაც უკრაინის ხელისუფლება საჯაროდ ეწინააღმდეგება. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, კონკრეტულად რას მოითხოვს დასავლეთი უკრაინისგან ალიანსში მიწვევისთვის. ეს არის ყველა შესაძლო შიდა გარდაქმნის ფართო სპექტრი, რომელიც უკრაინის მმართველობის სტრუქტურის დასავლელი მოკავშირეებისთვის უფრო გასაგებ და გამჭვირვალე სტრუქტურად შეცვლას გულისხმობს, აგრეთვე, კორუფციასთან ბრძოლას (რომელიც უკრაინაში მრავალი წლის განმავლობაში წარუმატებლად მიმდინარეობდა, არ არსებობს ნიშნები, რომ ეს პროცესი როგორმე დაჩქარდება).
ეს ყველაფერი იწვევს დაუფარავ გაღიზიანებას უკრაინაში, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან სისხლისმღვრელი ომის შემდეგ დასავლეთი ვეღარ შეძლებს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა რეფორმებზე დამოკიდებულად აქციოს. აშშ-ში კი, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობენ.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ