Home ახალი ამბები საქართველო კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული...

კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე

82

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, წერილი ბოლომდე ვერც კი წაიკითხა.

„ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე. ავტორი ალბათ, ვერ ხედავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს ხალხს, მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად შექმნილი და მათ აქვთ კონსტიტუციური მანდატი. ძალიან საშიშია, როცა კონსტიტუციური ინსტიტუტების ძირის გამოთხრა და შესუსტება ხდება.

არ ვიცი რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო ის, რაც მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი, თითქოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ვინმეს საქართველო ომისკენ მიჰყავს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ომი არ უნდა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ომი არ გაგრძელდეს და ეს ომი დამთავრდეს, ის მზად არის, ყველასთან ითანამშრომლოს, ვისაც მშვიდობისთვის მუშაობის და ძალისხმევის გაწევის სურვილი აქვს.

ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა NATO-ს სამიტზე მადრიდში კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რაც მიმართულია იმისკენ, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომი. ასევე მინდა აღვნიშნო, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, პარლამენტარის ნარატივი რაღაცნაირად ეხმაურება პარტიის წევრების ნარატივსაც ომში ჩართვასთან დაკავშირებით, რაზედაც ძალიან ბევრჯერ ითქვა და დაფიქსირდა პოზიცია, რომ სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის ამ ყველაფრის მოტივი, რატომ გრძელდება ეს ნარატივი“, – განაცხადა დეგნანმა. დეგნანი ყველას რჩევას აძლევს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ საქმე და 12 რეკომენდაციის შესრულება.

„მე გეტყვით და ვიცი, იმას, თუ რა უნდა ქართველ ხალხს და ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირის წევრობა, ევროპული ინტეგრაცია, რაც დემოკრატიულ მომავალს გულისხმობს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუნდაც, ინსტიტუტების კუთხით და ახლა ენერგია უნდა მიემართოს იმისკენ, ევროკომისიამ რა რეკომენდაციებიც გასცა, ეს რეკომენდაციები შინაარსიანად, ინკლუზიურად შესრულდეს და არა ზედაპირულად და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ, რადგან აღარ არის დასაკარგი დრო, ეს გეგმა უკვე შედგენილია და მის შედგენაში მონაწილეობა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, 22 ორგანიზაცია შეიკრიბა და შეადგინა სამოქმედო გეგმა, ზუსტად განსაზღვრულია, რა უნდა გაკეთდეს, არსებობს ძალიან კარგი გზამკვლევი.

ახლა საჭიროა კეთება, მოქმედება და არა სიტყვები. ყველაზე მთავარი ახლა, სამუშაოს დაწყებაა, უკვე არსებობს კარგი გეგმები, ამისკენ უნდა მიემართოს ძალისხმევა, ყველამ იცის რა არის საჭირო და უნდა დაიწყოს მუშაობა, იქნება ეს კანონმდებლობის მიღება, რაც განსაზღვრულია, თუ იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რაც ევროკომისიამ გასცა და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება, სწრაფად. ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყეთ საქმე და ამ ყველაფრის განხორციელება“, – განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, დღეს, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.

https://europetime.eu/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here