Home რუბრიკები საზოგადოება კაიზერ ფრანცი

კაიზერ ფრანცი

1063
კაიზერი ბაიერნის სამუდამო მე-5 ნომერია

ლეგენდარული მცველი და შესანიშნავი მწვრთნელი ფრანც ანტონ ბეკენბაუერი, მეტსახელად კაიზერ (გერმანელი მეფეების ტიტული) ფრანცი დაიბადა 1945 წლის 11 სექტემბერს მიუნხენში (გერმანია). ის ფეხბურთში ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავდა და წარმატებით აღწევდა. ალბათ, ყველამ იცის, რომ კაიზერ ფრანცს მოგებული აქვს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, როგორც ფეხბურთელს (1974 ) და როგორც მთავარ მწვრთნელს (1990 ). იყო პირველი, ვინც 100-ზე მეტი მატჩი ითამაშა გერმანის ეროვნულ ნაკრებში, აგრეთვე, პირველი ფეხბურთელია, რომელსაც 2-ჯერ გადასცეს ევროპის საუკეთესო ფებურთელის ჯილდოოქროს ბურთი” 1972 და 1976 წლებში.

რადგან მიუნხენში დაიბადა, ფრანცს თავისი ბედი, ადრე თუ გვიან, ადგილობრივ “ბაიერნთან” უნდა დაეკავშირებინა, მაგრამ თავისი პირველი საფეხბურთო ნაბიჯები ქალაქის სხვა კლუბის, ბავარიული გრანდის ჩრდილში მყოფი “მიუნხენ 1906”-ის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გადადგა. ფრანც ბეკენბაუერი 1959 წელს მაინც ჩაირიცხა “ბაიერნში”, სადაც ის მალე შეამჩნია გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა.

წინდახედულ ფრანცს არ დავიწყებია, რომ, ფეხბურთის გარდა, არის კიდევ დანარჩენი ცხოვრებაც და თავის სარჩენად თანხა უნდა გამოემუშავებინა, ამიტომ 17 წლის ჭაბუკი ჩაეწერა სადაზღვევო აგენტის პროფესიის დასაუფლებელ სტაჟირებაზე, თუმცა “ბაიერნის” არანაკლებ წინდახედულმა მესვეურებმა, ნიჭიერი ფეხბურთელი რომ არ დაეკარგათ, დროულად შესთავაზეს ბეკენბაუერს კონტრაქტი სერიოზულ თანხაზე. ისიც დათანხმდა და თავისი ცხოვრება ფეხბურთს დაუკავშირა.

ფრანც ბეკენბაუერი იყო იშვიათი უნივერსალი, შეეძლო, ეთამაშა როგორც ცენტრში _ ისე ფლანგზე, როგორც დაცვაში _ ისე შეტევაში. პირველი ოფიციალური მატჩი “ბაიერნის” ძირითად შემადგენლობაში კლუბ “სანკტ-პაულის” წინააღმდეგ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშა. და, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე მატჩში ვერ შეძლო ბურთის გატანა, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თანაც “ბაიერნმა” გაანადგურა მოწინააღმდეგე ანგარიშით 4:0.

1965 წელს კი ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა _ პირველად ითამაშა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში. სადებიუტო მატჩი იყო 1966 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა შვედეთის ნაკრებთან. გამარჯვების შემთხვევაში გერმანიის ნაკრები ინგლისში გასამართი საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასამგზავრებელ საგზურს მოიპოვებდა, წაგება კი ჩემპიონატის გარეშე ტოვებდა. ფრანც ბეკენბაუერმა შესანიშნავად ითამაშა, გერმანიამ შვედეთის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატზე გამგზავრების უფლება მოიპოვა. გერმანიის ნაკრებმა კი ბეკენბაუერის სახით შეიძინა დაცვის უცვლელი მოთამაშე და გუნდის ლიდერი როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასე გრძელდებოდა 10 წლის განმავლობაში. სწორედ იმ პერიოდში “ბაიერნის” მწვრთნელმა შელმუტ შიონმა ბეკენბაუერი მისთვის და სრულიად საფეხბურთო სამყაროსთვის ახალ პოზიციაზე გამოსცადა. ეს იყო ლიბერო _ ბოლო მცველის პოზიცია. შიონის ეს გადაწყვეტილება ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ფრანც ბეკენბაუერი, თავისი უნივერსალიზმის წყალობით, არა მხოლოდ შლიდა მოწინააღმდეგეების შეტევებს, არამედ ხელმძღვანელობდა როგორც დაცვას, ისე სრულიად გუნდს.

კაიზერ ფრანცი
კაიზერ ფრანცი

ბეკენბაუერი შესანიშნავად “ხედავდა” მოედანს, მყისიერად, როგორც კომპიუტერი, გამოთვლიდა ხოლმე კომბინაციის შესაძლო ვარიანტებს და, პრაქტიკულად, ყოველთვის მართებულ არჩევანს აკეთებდა. ის, როგორც დირიჟორი, მიმართავდა შეტევას საჭირო მხარეს, იცოდა, როგორ შეენელებინა თამაშის ტემპი და პირიქით _ როგორ მიეჯაჭვა მეტოქე მის საჯარიმო მოედანს. სწორედ ამიტომ მიიღო მან მეტსახელი კაიზერი. შეტევისა და დაცვის უნარების ერთობლიობამ ბეკენბაუერის თამაშში, პრაქტიკულად, გამორიცხა სუსტი ადგილები, მისი ბურთთან მუშაობის ტექნიკა, მოძრაობა კი აღტაცებას იწვევდა.

მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო ორ ბანაკად იყო გაყოფილი მინდორზე ბეკენბაუერის პოზიციის შესახებ _ ერთნი ამბობდნენ, რომ კაიზერ ფრანცი უმნიშვნელოვანესი საქმით იყო დაკავებული შეტევების ჩამშლელისა და შეტევის დამწყების პოზიციაზე; სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ დაცვაში მოთამაშე ფრანცი შეტევების შემოქმედის ნიჭს ასამარებდა და დაცვითი ფუნქციებისგან უნდა გაეთავისუფლებინათ. ეს კამათი განსაკუთრებით გამწვავდა 1966 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრების დამარცხების შემდეგ ანგარიშით 2:4.

მაგრამ კაიზერ ფრანცი განაგრძობდა ლიბეროს პოზიციაზე თამაშს, თანაც უფრო კარგად. როგორც აღმოჩნდა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებისა და “ბაიერნის” შემდგომი წარმატებები სწორედ ლიბეროს პოზიციაზე ფრანც ბეკენბაუერის თამაშით იყო განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ ბომბარდირის თვისებების მქონე უნივერსალურ მცველს ბურთებიც იოლად გაჰქონდა მოწინააღმდეგის კარში. მექსიკაში 1970 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე, როცა გერმანელები ანგარიშით 0:2 აგებდნენ ინგლისელებთან, ბეკენბაუერმა ჯერ ერთი გოლი გაქვითა, შემდეგ კი გუნდი აიყოლია და მოწინააღმდეგე დაამარცხა 3:2.

1972 წელს გფრ ევროპის ჩემპიონი გახდა, ფინალში სსრკ-ს მოუგო 3:0. 2 წლის შემდეგ კი, 1974 წელს, გფრ-ის ნაკრების კაპიტანმა ფრანც ბეკენბაუერმა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიის დამარცხების შემდეგ (2:1) ფიფას ოქროს თასი მაღლა ასწია. ასე გახდა ის მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელის რანგში.

აშშ-ის “კოსმოსში” 4 სეზონის გატარების შემდეგ კაიზერ ფრანცი დაბრუნდა გერმანიაში, სადაც ეროვნულ ნაკრებში თაობათა ცვლა მტკივნეულად მიმდინარეობდა. ბეკენბაუერს შესთავაზეს, ეროვნულ ნაკრებს ჩასდგომოდა სათავეში. ის დათანხმდა, მაგრამ, რადგან მწვრთნელის ლიცენზია არ ჰქონდა, ფორმალურად გუნდის ტექნიკურ მენეჯერად ირიცხებოდა. თუმცა ის არჩევდა ნაკრებისთვის ფეხბურთელებს და განსაზღვრავდა სათამაშო ტაქტიკას.

ასე დაიწყო ბეკენბაუერმა გზა თავისი კიდევ ერთი დიდი წარმატებისკენ.

პირველი სერიოზული გამოცდის ჩაბარება კაიზერ ფრანცის გუნდს 1986 წელს მოუწია. გერმანიის ნაკრებმა მიაღწია ფინალამდე და დაუთმო მხოლოდ არგენტინის ნაკრებს, რომელსაც განსაცვიფრებლი მოთამაშე დიეგო მარადონა ხელმძღვანელობდა, მაგრამ შემდეგი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი 1990 წელს იტალიაში ბეკენბაუერის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გერმანიამ ფინალში რევანში აიღო მარადონას არგენტინასთან 1:0.

აი ასე მოიპოვა ფრანც ბეკენბაუერმა მსოფლიოს ჩემპიონობა, როგორც მწვრთნელმა.

1994-დან 2004 წლამდე კი კაიზერ ფრანცი კლუბ “ბაიერნის” პრეზიდენტი იყო.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

მიღწევები

როგორც მოთამაშე:

* მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი _ 1966 .

* მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი _ 1970 .

* მსოფლიოს ჩემპიონი _ 1974 .

* ევროპის ჩემპიონი _ 1982 .

* გერმანიის ჩემპიონი _ 1969, 1972, 1973, 1974, 1982 ..

* გერმანიის თასის მფლობელი _ 1966, 1967, 1969, 1971 ..

* ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი _ 1974, 1975, 1976 ..

* უეფას თასის მფლობელი _ 1967 .

* საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი _ 1976 .

* აშშის ჩემპიონი _ 1977, 1978, 1980 .

როგორც მწვრთნელი:

* მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი _ 1986 .

* მსოფლიოს ჩემპიონი _ 1990 .

პირადი:

* ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი _ 1972, 1976 ..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here