უკრაინელები მზად არიან, მოიმოქმედონ ყველაფერი, რათა თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ _ ევროკავშირში სამუშაოს პოვნა მათი ერთადერთი მიზანია. მიემგზავრებიან საკუთარი ბარებითაც კი, ბავშვები ჩემოდნებით გადაჰყავთ, შუამავლებს ხარკს უხდიან _ ოღონდ როგორმე გააღწიონ ღატაკი უკრაინიდან, მაგრამ ევროკავშირში მხოლოდ კაპიკების შოვნის მიზნით არ მიემგზავრებიან, გერმანელი ჟურნალისტები მაღალკვალიფიციური პერსონალის მიგრაციის ზრდაზე საუბრობენ.
“პოლონური ქალაქის _ პოზნანის ცენტრი. პარკი. ბაღის მერხზე ორი გოგო მოკალათებულა. ადგილობრივი იაფი მაღაზიის პაკეტიდან იღებენ დაჭრილ პურსა და კონსერვებს, მიირთმევენ და რომელიღაც ფერად სითხეს აყოლებენ. დანაყრების შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა _ “სად არის ავტობუსების უახლოესი სადგური?”, _ წერს გერმანული გაზეთი Jungle Welt -ი.
პოზნანის ამ სადგურიდან ნაშუადღევს ნახევარსაათიანი ინტერვალებით გადის საავტომობილო მარშრუტები არა მხოლოდ ახლომდებარე ლვოვში, არამედ პოლონეთიდან დაცილებულ ისეთ სამრეწველო ქალაქებში, როგორებიცაა უკრაინული კრემენჩუგი, ჩერკასი და კრივოი როგი. იმ ავტობუსებით მგზავრობა, რომლებიც კონდიციონერებით აღჭურვილი არ არის, შეიძლება 24 საათს გაგრძელდეს, საზღვარზე დაყოვნების ჩათვლით.
გოგონები, რომლებიც ვახსენეთ, უკრაინელთა იმ 1,2-მილიონიანი არმიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც, უახლესი მონაცემებით, პოლონეთში ცხოვრობენ და მუშაობენ. აშკარად ჩანს, რომ ეს რაოდენობა მოიმატებს. ამ ტენდენციის ბიძგის მიმცემია ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო გადაადგილების უფლება, რომელიც უკრაინის მოქალაქეებმა წლეულს, 12 ივნისს, მიიღეს. უვიზო რეჟიმი არ ითვალისწინებს ევროკავშირში მუშაობას, მაგრამ ეს _ მხოლოდ თეორიულად.
ასეთი აკრძალვა, ყოველ შემთხვევაში, პოლონეთში, პრაქტიკულად არ მოქმედებს. პოლონეთის საელჩოები შენგენის ვიზების გარეშე ადრეც აძლევდნენ ასიათასობით უკრაინელს სამუშაო ვიზებს: პოლონეთის ადგილობრივი ეკონომიკის მთელი დარგები აღმოსავლეთის მეზობლის იაფი სამუშაო ძალის წყალობით ფუნქციონირებს.
ახლახან პოლონეთის ერთ–ერთ ტელეარხზე მიწვეულმა ხილის პლანტაციის პატრონმა მასთან დასაქმებული უკრაინელების ხელფასებზე ისაუბრა: ერთ სეზონურ მუშას უკრაინიდან იგი საათში 11 ზლოტს (დაახლოებით 2,6 ევროს) უხდიდა. ამ თანხის თითქმის ერთ მესამედს იღებს უკრაინელი შუამავალი და უკრაინელ მუშას, ფაქტობრივად, რჩება 7 ზლოტი, ანუ 1,65 ევრო. ამჟამად ძნელია ვინმეს პოვნა, ვინც ამგვარ გასამრჯელოს დათანხმდება. უკრაინელები ითხოვენ “მინიმალურ ხელფასს”, როგორიც პოლონელებისთვისაა _ 12 ზლოტს, პლუს დანახარჯი კვებისა და ტრანსპორტის. ფერმერი წუწუნებდა: მომავალ სეზონზე მოლდოვიდან ან ბელარუსიდან ჩასული მუშების დასაქმება მოუწევს ან საერთოდ თავს დაანებებს იმ პროდუქციის მოყვანას, რომლის დაკრეფა მექანიკური საშუალებებით შეუძლებელია. თუმცა ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტი პოლონეთში მოსალოდნელი არ არის: უკრაინული ხელფასების დონე, კიევშიც კი, პოლონელებისაზე ძალიან ნაკლებია. უკრაინის რეგიონებში ხელფასები კიდევ უფრო მიზერულია, რა თქმა უნდა, ისეთ შემთხვევაში, თუ იქ შეიძლება სამუშაოს პოვნა. ამიტომაა, რომ ქვეყანას მოდებული არიან ლეგალური და ნახევრადლეგალური შუამავლები, რომლებიც უკრაინელებს სთავაზობენ საათში 7-ზლოტიან ანაზღაურებას პოლონეთის პლანტაციებსა და მშენებლობებზე.
“ამას წინათ პოლონეთის მესაზღვრეების ყურადღება მიიქცია ავტობუსმა “უკრაინელი ტურისტებით”: სასაზღვრო კონტროლის გავლისას მებაჟეებმა შეამჩნიეს, რომ ყოველ “დამსვენებელს” თან ჰქონდა ბარი. ასევე, მებაჟეს ჩვეულებრივზე მძიმედ მოეჩვენა ერთი ჩემოდანი, გახსნეს და აღმოჩნდა, რომ ქალი ცდილობდა, არალეგალურად გადაეყვანა თავისი რვა წლის ბიჭი, რადგან ვერ შეაგროვა შვილისთვის ბიომეტრული პასპორტის შესაძენად აუცილებელი თანხა”, _ იუწყება Jungle Welt -ი.
შევცდებით, თუ აღნიშნულ მიგრაციას ევროკავშირში იაფი სამუშაო ძალის ინვაზიად მივიჩნევთ. მაგალითად, უკრაინის რკინიგზა ყოველთვის აცხადებდა, რომ აკლია ლოკომოტივების მემანქანეები, რადგან ისინი, როგორც კვალიფიციური სპეციალისტები, სამუშაოდ ეწყობიან პოლონეთსა და ჩეხეთში. პოლონეთის ფირმები უკრაინელ სპეციალისტებს იმდენს უხდიან, რამდენსაც ადგილობრივ თანამშრომლებს. ამავე დროს უძრავი ქონების მაკლერების კავშირმა ახლახან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი უკრაინელი ყიდულობს ბინას პოლონეთის დიდ ქალაქებში. საფასურს ქეშად იხდიან, იმ ფულით, რომელიც უკრაინაში თავიანთი უძრავი ქონების გაყიდვით იშოვეს.
“პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში, უპირველესად, ტექნიკური მიმართულების უნივერსიტეტებში, იზრდება უკრაინელი სტუდენტების რაოდენობა, რის გამოც უკვე ალაპარაკდნენ “ინჟინერული განათლების უკრაინიზაციაზე”. ამ ყველაფერს უკრაინელებისთვის კარგი ბონუსი აქვს: ისინი, ვინც პოლონეთში სწავლობს და იქვე ეწყობა სამუშაოდ, მიუწვდომელი ხდებიან უკრაინის არმიისთვის და მისი სამობილიზაციო ბრძანებებისთვის”, _ წერს გერმანული გაზეთი.