Home ახალი ამბები მსოფლიო იმპერიის მცველები

იმპერიის მცველები

115
რფ-ის გენერალური შტაბის შენობა

25 იანვარი რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დღეა; დღესასწაული, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის. რჩეულთა დღესასწაული. ჯერ კიდევ 2006 წელს დავწერე ეს ტექსტი. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. რუსეთმა დაიბრუნა თავისი ადგილი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ოლიმპზე, რუსეთმა დააბრუნა ყირიმი. მიმდინარეობს ბრძოლა ნოვოროსიისა და აღმოსავლეთ უკრაინისთვის, მაგრამ გენერალური შტაბის როლი უცვლელია! _ წერს სამხედრო ექსპერტი ვლადისლავ შურიგინი თავის საავტორო ტელეგრამარხზე „Рамзай“.

  “ვინ რჩება დღეს დიადი სახელმწიფოს უკანასკნელ სულიერ მცველად? ჯერ კიდევ ვინ ვერ ეგუება დიადი ქვეყნის დაშლას? რა თქმა უნდა, ეს არ არის “გაზპრომი”, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ტარიფების გამო იბრძვის. არ არიან დეპუტატები, რომლებმაც უცებ იგრძნეს ურა-პატრიოტული განწყობილებების მოზღვავება და გაცეცხლებულნი ცდილობენ, „ხოხლებს“ კუთვნილი ადგილი მიუჩინონ. და, რა თქმა უნდა, არ არის კრემლი, რომელიც  თოჯინების ის კულუარული მმართველია, რომელმაც გაითამაშა სპექტაკლი სახელწოდებით “გაზენვაგენი კიევისთვის”. დღეს რუსეთში, ალბათ, მხოლოდ ერთი სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელიც ინარჩუნებს ძველი საძმოს ერთგულებას და არ ჩქარობს სიტყვა „ერთობის“ დავიწყებას. ეს არის რუსეთის გენერალური შტაბი. და დღეს ყოფილი საბჭოთა სივრცის გამაერთიანებელი თითქმის ყველა პროექტი, სახელდობრ, რუსეთის გენერალურ შტაბზე გადის. დსთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება“, „საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული სისტემა“, ერთობლივი კოსმოდრომები და სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემები _ ეს ყველაფერი შენარჩუნებული და მხარდაჭერილია გენერალური შტაბის ოფიცრების ძალისხმევით, რომლებიც რუსეთის ისტორიას მხოლოდ ბოლო თხუთმეტი წლით არ აფასებენ. რუსეთის გენერალური შტაბი არის იმპერიის ერთიანობის უკანასკნელი მცველი. საბჭოთა კავშირის არსებობის სამოცდათოთხმეტი წლის განმავლობაში მისი არმია, მისი გენერალური შტაბი ურთულეს ბრძოლებსა და ომებში იცავდა საბჭოთა კავშირის არსებობის უფლებას და არა მხოლოდ თავისი არსებობის. სახელდობრ, საბჭოთა კავშირმა, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა იხსნა მსოფლიო გერმანული ფაშიზმის ყავისფერი ჭირისგან. საბჭოთა არმიამ, საბჭოთა იარაღმა, საბჭოთა სამხედრო დახმარებამ დაანგრია და გაანადგურა ევროპული ფეოდალიზმის ყველაზე დამამცირებელი მემკვიდრეობა _ კოლონიალიზმი, გაათავისუფლა ნეომონათმფლობელების უღლისგან ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები თითქმის მილიარდი ადამიანი _ მისი იმჟამინდელი მოსახლეობის მეოთხედი.

საბჭოთა სამხედრო ძალამ, საბჭოთა „თავდაცვითი ინდუსტრიის“ მიღწევებმა ხელი შეუშალეს ატომურ აპოკალიფსს, მსოფლიოს გადაკეთებას „ამერიკულად“. გასაკვირი არ არის, რომ ამ ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბი არ იყო მხოლოდ ჯარების მართვის უბრალო ლოკალური ორგანო, ის გარდაიქმნა ჭეშმარიტად პლანეტარული პროექტირების სუპერსისტემად. გენერალური შტაბი აფეთქებდა მთის ქედებს და ცვლიდა მატერიკის სანაპირო კიდეებს, აშენებდა ქალაქებსა და პლატფორმებს, ხნავდა ყამირს და აგებდა ახალ ტრანსკონტინენტურ გზებს. გენერალური შტაბი გახდა მომავლის საბჭოთა გენი, რეტორტა და ტიგელი (ლაბორატორიული ხელსაწყოები _ გ.გ.), სადაც ეს მომავალი იბადებოდა. სწორედ იქ ისახებოდა მეგაპროექტები, ყალიბდებოდა და გადადიოდა პლანეტურ ნიადაგზე. პირველი მათგანი იყო საბჭოური ჩრდილოეთ ცივილიზაციის შექმნა. დედამიწაზე არავის არასოდეს შეუქმნია მსგავსი რამ. სამხედროებმა პირველებმა აითვისეს შორეული ჩრდილოეთის უკაცრიელი რაიონები; ააშენეს იქ პორტები, აეროდრომები, გზები, პოლიგონები, განალაგეს ესკადრონები და დივიზიები; აღწერეს და რუკებზე გადაიტანეს ტერიტორიები. სახელები დაარქვეს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს, ყურეებსა და მწვერვალებს. იქ სამხედროების ძალისხმევით შეიქმნა ჩრდილოეთის გიგანტური ფარი, რომელმაც ქვეყანა დაიცვა პოლუსის გავლით ხანჯლისებური დარტყმისგან. სახელდობრ, თავდაცვის სამინისტრო იყო ინიციატორი და დამკვეთი მოდრეიფე სადგურებისა და არქტიკული ექსპედიციების პროგრამებისა, რომელთა მეშვეობით სპეციალისტებმა მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება ოკეანეების, დინებებისა და ჩრდილოეთის კლიმატის შესწავლაში. სამოცდაათიანი წლების შუა პერიოდისთვის ქვეყნის ყოველი მეათე მოქალაქე ცხოვრობდა და მუშაობდა შორეულ ჩრდილოეთსა და არქტიკაში. ჩრდილოეთ პოლუსი საბჭოთა ცივილიზაციის ყინულოვან ტახტად იქცა. გენერალური შტაბის კიდევ ერთი პროდუქტი იყო „სივრცითი“ პროექტი. ევრაზიის უკიდეგანო ტერიტორია რკინიგზის ფოლადის ძაფებით “გაფორმდა”, შეიქმნა აეროდრომების ბეტონის ველები, უდაბნოებსა და ტაიგებში დაიგო გზატკეცილები და  გრუნტიანი გზები, ფოლადისა და ბეტონის განშტოებები მიემართებოდა უდაბნოებსა და მთებში ნედლეულის  საბადოებისკენ. სარკინიგზო და საგზაო ბრიგადებმა, საინჟინრო ბატალიონებმა შეაერთეს ევრაზია, ათასობით კილომეტრით დაშორებული  ტერიტორიები ახლო და ხელმისაწვდომი გახადეს. და თვენახევრიან გზას მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე დღეს თვითმფრინავით 12 საათი სჭირდება… 

რფ-ის გენერალური შტაბის ემბლემა

კიდევ უფრო შთამბეჭდავი პროექტი იყო ოკეანეში საბჭოთა ცივილიზაციის შექმნა. სულ რაღაც ორ ათწლეულში შეიქმნა ფლოტი, რომელმაც საბჭოთა კავშირს საშუალება მისცა, მძლავრად ყოფილიყო წარმოდგენილი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში; საბჭოთა წყალქვეშა ბირთვული კატამარანები და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო დიდი გემები, სადესანტო ხომალდები და სარაკეტო კრეისერები, რომლებსაც შეუძლიათ ერთი ზალპით გაანადგურონ კონტინენტი; ამასთანავე, სრულყოფილი ჰიდროგრაფიული ხომალდები, რომლებიც იკვლევენ ზღვის ფსკერსა და ოკეანის სიღრმეებს; აგრეთვე, მსოფლიოში ყველაზე ღრმაწყლოვანი ბატისკაფები, რომლებიც გასაოცარია სრულყოფილებითა და შესაძლებლობებით. სწორედ საბჭოთა კავშირი მიუახლოვდა პირველად წყალქვეშა ქალაქების, წყალქვეშა ცივილიზაციის შექმნას. ჩვენ ვაჩუქეთ მსოფლიოს ჰიდროპონიკა _ ზღვიდან საკვების თითქმის გაუთავებელი მარაგის შექმნის იდეა. საზღვაო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მიმდინარეობდა სამუშაოები ადამიანებისთვის ხელოვნური ღრძილების შესაქმნელად და დელფინების მოსამზადებლად ძალიან დიდ სიღრმეებსა და “წყალქვეშა ბოსტნებში”  ჩასაყვინთად… მაგრამ მაინც, საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის მთავარი პლანეტარული პროექტი იყო ადამიანის გაფრენა კოსმოსში. მხოლოდ ექვსი ათეული წელი გავიდა კოსმოსის რომანტიკოს ციოლკოვსკის პირველი რაკეტების დამზადებიდან კოსმოსში ადამიანის პირველ გაფრენამდე.. და ეს საბჭოთა არმიამ, საბჭოთა „თავდაცვამ“ გააკეთა. გვარდიული „კატიუშადან“ იღებს სათავეს კოროლიოვის „ვოსტოკები“ და “სოიუზები“. საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი-გამანადგურებელი იური გაგარინი პლანეტა დედამიწის პირველი კოსმონავტია. შემდეგ იყო პირველი ორბიტული კოსმოსური სადგურები კაცობრიობის ისტორიაში და ადამიანის ხანგრძლივად ყოფნის ექსპერიმენტები კოსმოსში, პურისა და ფრინველების, ხილისა და თევზის გამოყვანის ექსპერიმენტები ნულოვანი გრავიტაციის პირობებში. გენერალური შტაბი ემზადებოდა სხვა პლანეტებზე გასაფრენად, კოსმოსის გამოსაკვლევად. კოსმოსში გასვლის შემდეგ დაიწყო ახალი პროექტები, ენერგიის ახალი ტიპებისა და ახალი წყაროების ძიება, ჩატარდა სამუშაოები ბირთვულ სინთეზზე, აშენდა „ტოკომაკები“ და სინქროფაზოტრონები; შემუშავდა გენეტიკური პროექტები ადამიანის გენომის გასაშიფრად და კლონირებისთვის, ფსიქოტრონიული იარაღისა და ახალი ბიოლოგიური ფორმების შესაქმნელად; დაიწყო ექსპერიმენტები ადამიანისა და მანქანის სინთეზისთვის, ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად. საბჭოეთის თავდაცვითმა ინდუსტრიამ, საბჭოთა არმიამ შექმნა პირველი ფიჭური საკომუნიკაციო სისტემა და პირველი კოსმოსური სატელევიზიო ქსელი, პოლიომიელიტის შრატები და ღილის მოდური შემცვლელი _ “წებოვანი ფხრიწი”. საბჭოთა კავშირი იყო თავდაცვითი ტექნოლოგიების „ორმაგი“ გამოყენების იდეის ავტორი. მან პირველმა მსოფლიოში მიატოვა ვიწრო სამხედრო მრეწველობა, რომელიც მუშაობდა მხოლოდ ომისთვის და ადამიანის მიერ ადამიანის მკვლელობისთვის. საბჭოთა სატანკო ქარხნები აწარმოებდნენ ტრაქტორებსა და მანქანებს, ელექტრონული სამხედრო გიგანტები ტელევიზორებით, მიმღებებით, მაგნიტოფონებითა და მაცივრებით უზრუნველყოფდნენ პლანეტის თითქმის მესამედს. გენერალური შტაბი იქცა დროის რეალურ მანქანად, რომელიც ცვლიდა პლანეტის სივრცისა და ადამიანის ყოფის პარამეტრებს. მან იცოდა, როგორ მოქმედებს წვიმების სეზონი ამაზონის აუზში წყლის დონის მომატებაზე, რამდენი შეიარაღებული ჯარისკაცის გამოყვანა შეუძლია არგენტინას, რომელი საქარავანო გზებით გადაადგილდებიან ბედუინთა რაზმები და არაბეთის ჭებში რა სიღრმეზეა წყალი. გენერალური შტაბი ყველა ამერიკელ მფრინავს ხმის ტემბრით იცნობდა, მან იცოდა რურში ჩამოსხმული ფოლადის თავისებურებები.  საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბი სულ უფრო უახლოვდებოდა თვითორგანიზაციის სისტემის მწვერვალს _ პლანეტის მართვას _ და მზად იყო, აეღო ეს ტვირთი, რადგან ყველაფერი იცოდა პლანეტის შესახებ, რაც კაცობრიობამ იმხანად დააგროვა. 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოეთი იყო სრულიად ახალი ტიპის იარაღის შექმნის ზღურბლზე _ ორგანიზაციული იარაღის, რომელსაც ადამიანისა და ცივილიზაციის შესახებ წარმოდგენების სისტემების ოპერირებით, ჩვეულებრივი იარაღის გამოუყენებლად შეეძლო ფუნდამენტურად შეეცვალა ხალხებისა და კონტინენტების განვითარების გზები. ასეთ სისტემას გარედან ვერავინ გაანადგურებდა. არ არსებობდა მტერი, რომელიც ღია ბრძოლაში შეძლებდა წითელი ცივილიზაციის დამარცხებას. ის ზურგში დანის ჩარტყმით მოკლეს, როცა გიჟმა და უბადრუკმა მმართველმა უღალატა… ბალტიისპირეთის ქვეყნების, ნოვოროსიისა და ყირიმის გარეშე დარჩენილი, პამირისა და პიანჯისგან მოწყვეტილი გენერალური შტაბი დღეს პირქუშად და დიდი გაჭირვებით ცდილობს რუსული ცივილიზაციის ძალის ხაზების შენარჩუნებას, რათა თავიდან აიცილოს ოდესღაც ერთი მთლიანის სრული დაშლა.

ვლადისლავ შურიგინი

და სანამ სხვადასხვა ჯურის ბიზნესმენები რუსული ცივილიზაციის ოდესღაც ერთიან ცოცხალ ქსოვილს ნაწილებად ყოფენ, რუსეთის გენერალური შტაბი რჩება ბოლო ბასტიონად, რომელიც ინარჩუნებს ერთგულებას ძველი ერთიანობის მიმართ. რუსი ოფიცრებისთვის შეურაცხმყოფელია ფრაზა „ნატოს ჯარების მანევრები ყირიმში“. მათ გულებში იფრფლება ბალაკლავაში წყალქვეშა ბაზის ნანგრევები და ბაიკონურის უმოქმედო სასტარტო მოედნები. პეტრეს დიდი გამარჯვება პოლტავასთან არასოდეს იქნება მათთვის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამარჯვება. და, სანამ ეს მეხსიერება ცოცხალია, სანამ მსახურობენ ისინი, ვისთვისაც რუსეთი ტერიტორიის ნაგლეჯი კი არა, სულიერი და გეოპოლიტიკური პროექტია, დიდ იმპერიას შეუძლია აღორძინება!”

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here