ჰუ სიძინს, ჩინეთის სახელმწიფო გაზეთის ყოფილ მთავარ რედაქტორს, მიაჩნია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ჩაშლილი შეტევა კრემლზე, უწინარესად, სიმბოლური მნიშვნელობის იყო. „გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ განადგურებულია მცირე ზომის დრონები, სავარაუდოდ, მიკრობომბებით აღჭურვილი. თუ ამ მასშტაბის ტერაქტს არ ახლავს ძალიან ზუსტი დაზვერვა, წარმატების შანსი უმნიშვნელოა, ამიტომ ლოგიკურია, რომ ამ აქციის რეალური მიზანი იყო შოკის გამოწვევა – 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, დაგეგმილი გამარჯვების აღლუმის ჩაშლა და ასევე აქციის გამოყენება იმის სიმბოლოდ, რომ მოსკოვი არც ისე შორს არის ბრძოლის ველიდან“, – აღნიშნავს ჟურნალისტი და ანალიტიკოსი. ამ ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამ-არხი „Российская Газета | Новости“.
ჰუ სიძინი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ წამყვანი ქვეყნების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები აღჭურვილია მძლავრი და მოწინავე ელექტრომაგნიტური დაცვის მოწყობილობებით, რომლებიც ასევე ხელს უშლის დრონების ფრენას. „მაგრამ ინტერნეტტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებს შეუძლიათ დრონების პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაცია, რათა ელექტრომაგნიტური დაცვა გაარღვიონ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი სპეციალურად დამზადებული ან მოდიფიცირებული იყო შეტევითი მიზნებისთვის და რომ მათ, ჩვეულებრივი ადამიანები კი არა, სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მართავდნენ“, – წერს სტატიის ავტორი და მიანიშნებს, რომ კრემლზე თავდასხმის აქციის უკან, შესაძლოა, დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახური იდგა.
„ომის დაწყებიდან რუსული ძალები ბომბავდნენ სამხედრო მიზნებს, მათ შორის სამეთაურო ცენტრებსა და უკრაინული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, მაგრამ აქამდე რუსულ მხარეს არ შეუტევია ზელენსკის ოფისისთვის და საჯაროდ არ დამუქრებია უკრაინელი ძალოვანების პირად უსაფრთხოებას. 3 მაისის განცხადებაში ნათქვამია: „რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს კონტრზომები სადაც და როცა ჩათვლის მიზანშეწონილად, რუსული მხარე არ დატოვებს ამ საკითხს უყურადღებოდ. ამრიგად, კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა, სავარაუდოდ, უკრაინის კონფლიქტს გაამწვავებს“, – ასკვნის ჰუ სიძინი.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.ru/channel/@rgrunews/75636