Home ახალი ამბები საქართველო გია ვოლსკი – არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ სამუშაო ჯგუფში ISFED-ის...

გია ვოლსკი – არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ სამუშაო ჯგუფში ISFED-ის ჩართვა რაიმე ღირებულს და დადებითს მოიტანს

იმის მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ სამუშაო ჯგუფში ISFED-ის ჩართვა რაიმე ღირებულს და დადებითს მოიტანს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ხალხი უნდა ხედავდეს, რომ ამ პროცესში ისეთი ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ხელოვნურ კოაბიტაციას კი არ ეწევიან ერთმანეთთან, არამედ რეალურად საკუთარ პასუხისმგებლობას გაიაზრებენ, რაც მათი მხრიდან არ გამოჩნდა. მათ მიერ გაყალბებული იყო პარალელური დათვლა, ასევე ის მონაცემები, რაც ბიულეტენების ზედმეტობას ეხებოდა, თითქოს, ზედმეტობა 8 პროცენტში იყო აღმოჩენილი. სინამდვილეში ეს 19 ბიულეტენი იყო. კონკრეტული განმარტებაა საჭირო, რომ საზოგადოებამ ირწმუნოს, რომ პროცესში მონაწილეობენ მაღალი დონის პროფესიონალები და არა ის ადამიანები, ვინც ქვეყნის შერყევას ცდილობენ. მან უნდა დაასაბუთოს, რომ პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია, რაც რთული იქნება.

ISFED-მა უნდა თქვას, თვენახევარი რატომ ინახავდა პარალელური დათვლის გაყალბების ფაქტს, რასაც საშინელება მოჰყვა – ცესკო-ზე შეტევა. ეს იყო გააფთრებული შეტევა, რევოლუციის დაწყების იმედით, რაშიც ამ ორგანიზაციის განცხადებას საგანგებო მნიშვნელობა ჰქონდა, რაც გაირკვა, რომ სწორი არ ყოფილა. ეს ქვეყანა პოლიტიკური პარტიების არ არის, საზოგადოების არის, რომელმაც ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ პროცესში პროფესიონალები მონაწილეობენ და არა ორგანიზაციები, ვინ სათავე დაუდო სერიოზულ და მძიმე პროცესებს არჩევნების შემდეგ. არ შეიძლება, ყველაფერს თვალი დაუხუჭო, თავი დაუხარო და არ თქვა სიმართლე, რაც სამწუხაროდ, ამ პრობლემას ქმნის ჩვენი პატარა ქვეყნისთვის“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, არიან ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანაში ვითარება არიონ და ამ ორგანიზაციებს პრეტენზია აქვთ, იმსჯელონ საკონსტიტუციო საკითხებზე, კანონპროექტებზე.

„მეუბნებით, იყოს, რა გენაღვლებაო, უფრო მეტ პრობლემას ის არ ქმნის, რომ არ შეგყავსო? – თემას სხვა რაკურსით შეხედეთ. მათი ჩართვა სარგებელს მოიტანს, თუ პირიქით, ეს საზოგადოების აბუჩად აგდება იქნება, რომ გუშინ ორგანიზაცია სათავეს უდებდა და ორგანიზებას უკეთებდა ისეთ არეულობას, რასაც შეიძლება უმძიმესი შედეგები მოეტანა, მათ შორის ცესკო-ზე შეტევა იყო განხორციელებული. თვენახევარი მათ მიერ გაყალბებულ ფაქტს მალავდნენ. ეს ადამიანები სხედან მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს არის თუ არა საზოგადოებისთვის ღირსების შემლახავი ფაქტი? – ველოდებით, რომ მათი მხრიდან განმარტება, რა მოხდა იმ პერიოდში“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here