Home ახალი ამბები საქართველო გია ცაგარეიშვილი – პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს, თუ წამოძახილს ყურადღებას არ...

გია ცაგარეიშვილი – პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს, თუ წამოძახილს ყურადღებას არ მივაქცევთ, გავაგრძელებთ სვლას, რათა საქართველოში, მთლიანად რეგიონში მშვიდობა სუფევდეს

122

პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს, თუ წამოძახილს ყურადღებას არ მივაქცევთ, გავაგრძელებთ სვლას, რათა საქართველოში, მთლიანად რეგიონში სუფევდეს მშვიდობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ცაგარეიშვილმა კომენტარი გააკეთა პოდოლიაკის იმ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „საქართველოს ჰქონდა არჩევანი, ან ირჩევთ თავისუფლების ღირებულებას, ან არ უჭერთ მხარს ავტოკრატიას. არავინ გთხოვთ, უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება, გთხოვენ, რომ პირდაპირ თქვათ, თქვენ უნდა აირჩიოთ, მხარს უჭერთ კაციჭამიებს, თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები“.

ცაგარეიშვილის თქმით, „ეს განცხადება წინამორბედი განცხადებებისგან დიდად არ განსხვავდება არც თავისი ფორმით და არც შინაარსით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ისევ გაუთავებელი გაუგებარი ბრალდებები ისმის.

„დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში, სადაც ხაზგასმული იყო, რომ საქართველოს საფინანსო დაწესებულებები 100 პროცენტიანი გამჭვირვალობით საქმიანობენ, ემორჩილებიან სასანქციო პირობებს და გამორიცხულია, რომ საქართველო გადაიქცეს ამგვარი ტრანზიტისთვის ერთგვარ კორიდორად. მგონი, ამით ამ ინსინუაციებს წერტილი უნდა დასმოდა. როგორც ჩანს, ეს ადამიანი აგრძელებს ისევ ბრალდებებს, ახლა საქართველოს თავდადებას და გმირობას გვიწუნებს, თანაც ამას ახერხებს მაშინ, როცა ჩვენს მოუშუშებელ ჭრილობებს ვგლოვობთ. უკვე 14 წელი გავიდა იმ უბედურების მერე, რაც დატრიალდა ცხინვალის რეგიონში, კოდორში, ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებში და ამ დროს ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გმირობას და თავდადებას უწუნებს იმ ქართველებს, რომლებმაც გააჩინეს ანწუხელიძე და შინდისი ბრძოლის გმირები. ეს ადამიანი, რომელიც თავის დროზე იანუკოვიჩის გარემოცვაშიც იყო მოწინავე პოზიციებზე, ჩვენ თითის ქნევით გვასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ვიაზროვნოთ, რა ნაბიჯები გადავდგათ და როგორ უნდა ჩავერთოთ მათ შორის, ომში, რომელიც სავარაუდოდ საქართველოსთვის ფატალური და ტრაგიკული შეიძლება, აღმოჩნდეს. ეს რომ ჩვენ ხელისუფლებაში ძალიან კარგად ვიცით, ამიტომ პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს, თუ წამოძახილს, რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მივაქცევთ, გავაგრძელებთ სვლას, რათა საქართველოში და მთლიანად რეგიონში სუფევდეს მშვიდობა, რომ განვაგრძოთ განვითარება და წინსვლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეუქცევადი, რაც არ უნდა იჭორაონ პოდოლიაკმა და სხვა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ამასთან, ცაგარეიშვილმა კომენტარი გააკეთა მიხაილ პოდოლიაკის იმ განცხადებაზეც, სადაც აღნიშნა, რომ „რუსეთთან თანამშრომლობის სამხილები თუ საჭირო გახდება, წარდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით“.

როგორც გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, უკვე მეოთხე თვეა, ელოდება მტკიცებულებების გამოქვეყნებას.

„მეხუთე თვე დაიწყო იმ საშინელი სისხლისღვრიდან, რაც რუსეთმა უკრაინაში გააჩაღა. პირველივე დღიდან დაიწყო ეს ბრალდებები, რომ ჩვენ, დაწყებული ყველით, ნადუღით, თუ ხაჭოთი დამთავრებული, სამხედრო ტექნიკით, რაც ვახო სანაიას ესიზმრება ხოლმე 00:00 საათზე, ყველაფერს ვატარებთ ამ რუსეთში. ვართ შავი ხვრელი, შავი გვირაბი, შავი ზურგი, შავი უბედურება ცივილიზებული სამყაროსთვის და ხეირი რუსეთისთვის. ეს მგონი, სადღაც უნდა დასრულდეს. გახსოვთ, ხან უკრაინის სპეცსამსახურები იმუქრებოდნენ, ხან უშიშროების საბჭო, ხან რადა, ხან მთავრობა, ხან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმუქრებოდა. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს. როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები მათთვის არაფერია. მათთვის როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანია, ხაბეიშვილი აქედან ვინმე პოდოლიაკს რას მიაწვდის და შემდეგ პოდოლიაკი რას დაუბრუნებს აქ ხაბეიშვილს ხურდად საქართველოში. ჰგონიათ, რომ ამ ტიპის დღის წესრიგით უნდა იცხოვროს საქართველომ და ვერ იცხოვრებს საქართველო ვერანაირად პოდოლიაკის დღის წესრიგით, ვინაიდან ჩვენ უამრავი საზრუნავი გვაქვს“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინას გვერდით დადგომოდა.

„ხაზგასმით ვამბობ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინას გვერდით დავდგომოდით. ყველა საერთაშორისო ინსტიტუციაში, ყველგან დავუჭირეთ მხარი უკრაინის დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს, მისი მებრძოლი ხალხის თავგანწირვას. ყველგან მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, უამრავი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა საქართველოდან. მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვართ ჰუმანიტარული ტვირთის რაოდენობით, რაც უკრაინაში ამ ოთხი თვის მანძილზე გაიგზავნა. ათასობით და ათიათასობით უკრაინელი დევნილი შეიფარა ქვეყანამ. არავის არაფერს ვაყვედრით, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ჭკუას ნუ გვასწავლით და ნუ გვარიგებთ, ნუ მიგვითითებთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიაზროვნოთ. ვერანაირად ვერ იქნება ეს ისე, როგორ თქვენ გინდათ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here