პოლონეთში მთვრალი ნაციონალისტები უკრაინელ მუშებს თავს დაესხნენ. ეს მოხდა გდანსკის მახლობლად სოფელ ხვაშჩინოში. დაზარალდა ადგილობრივი პოლონელიც _ საწარმოს მეპატრონე, რომელიც თავისი მუშების დაცვას შეეცადა.
გაზეთის ცნობით, პოლონელებმა გამოიყენეს ქვები, ჯოხები, გატეხილი ბოთლები _ ე.წ. ვარდები და ბეისბოლის ჩოგანი. თავდამსხმელები რამდენიმე ენაზე იგინებოდნენ და სკანდირებდნენ ლოზუნგს “პოლონეთი პოლონელებისთვის!”; ყვიროდნენ _ “შინ წაეთრიეთ, გათახსირებულებო!”.
თავდასხმის დროს შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია, როცა მუშების მიერ დაქირავებულ სახლში მცხოვრები ქალებისა და ორი ბავშვის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 23-დან 38 წლამდე ასაკის 7 მამაკაცი. ისინი გალეშილი მთვრალები იყვნენ და კატეგორიულად არ აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს. პოლონეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას ინციდენტის გამოწვლილვით გამოძიება მოსთხოვეს.
დაზარალებული ფირმის პატრონს სულ 40 თანამშრომელი ჰყავს, მათგან 24 უკრაინის მოქალაქეა. ისინი პოლონელებზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, მაგრამ დამქირავებელი მათ უფასო კვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
“რიდუსის” ცნობით, უკრაინელ მუშებზე თავდასხმა პოლონეთში იშვიათობა არ არის. ორი კვირის წინათ ვარშავაში უკრაინელი მუშა დაასისხლიანეს უკრაინულად საუბრის გამო.
მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა ზაკოპანეში. ორი უკრაინელი დაუნდობლად სცემეს იმის გამო, რომ მშობლიურ ენაზე საუბრობდნენ.
ნაციონალისტები უკრაინელებს შორისაც არიან. პოლონელებმა შეიმუშავეს მექანიზმი, რომლის გამოყენებით ბენდერელების მოკვეთას ახერხებენ სამუშაოზე მიღების დროს.