შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული ქვეყნის განვითარებას აფერხებს.
ამის შესახსებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დაამტკიცეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„დღეს, როდესაც ქვეყანა დგას კონკრეტული გამოწვევების წინაშე, კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული არის ძალიან დიდი რისკის შემცვლელი. ეს კომპონენტი ქვეყნის განვითარებას აფერხებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ახალგაზრდობასთან მუშაობის და ჯანსაღი ცხოვრების მიმართლება. ასევე, ორგანიზებული დანაშაული ერთმნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც. ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ წარმატებულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ ვუპასუხებთ. დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია 2005 წელს, თუმცა მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, სხვა ხარისხის გამოწვევებია – შეიცვალა ბევრი რამ ტექნოლოგიურ დონეზეც, სასამართლო სისტემის დონეზეც, ამიტომ ჩვენ დავდეგით იმ აუცილებლბის წინაშე, რომ ეს კანონმდებლობა შესაცვლელი იყო. რა არის ამ ცვლილებების ძირითადი მიმართულება გარდა იმისა, რომ კონკრეტული დანაშაულებისთვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა?! ჩნდება ახალი ცნებები, როგორიც არის ქურდული სამყაროსადმი მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრობა, ასევე, არის ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ნიშნავს ქურდული სამყაროს პასიურ წევრობას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, კანონმდებლობაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ისიც, რომ თუ ქურდული სამყაროს წევრი გამოძიებასთან ითანამშრომლებს მძიმე ან ნაკლებადმძიმე დანაშაულის გახსნაში, ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.
„ეს ცვლილებები არის ის აუცილებლობა, რომელიც საჭიროა ორგანიზებული დანაშაულის გამოწვევის საპასუხოდ. ჩვენი მიზანია წარმატებული ქვეყნის აშენება, რისთვისაც ორგანიზებული დანაშაული ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ“, – განაცხადა შს მინისტრმა.