Home ახალი ამბები მსოფლიო G20-ის სამიტი და უკრაინა

G20-ის სამიტი და უკრაინა

93

მოსკოვი არ არის მოლაპარაკებების წინააღმდეგი, მაგრამ მათ უკრაინა შლის მიუღებელი პირობების წამოყენებით, დასავლეთს კი თითქოს სურს, მაგრამ დიდად არ ზემოქმედებს კიევზე. ასეთ პირობებში რუსეთის ფედერაცია ომს განაგრძობს, _ წერს strana.ua.

ინდონეზიაში გამართულ G20-ის სამიტზე უკრაინაზე ბევრი განცხადება გაკეთდა. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი პირველი გამოვიდა ვიდეომიმართვით. მისი თქმით, ახალი “მინსკის შეთანხმება” (წაიკითხეთ რუსეთთან კომპრომისი) შეუძლებელია, ამიტომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და უკრაინას რეპარაციები გადაუხადოს.

„რუსეთმა უნდა დაადასტუროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და გადაიხადოს კომპენსაცია ზარალის გამო, რომელიც უკრაინას მიადგა. ყველა ანტისაომარი ღონისძიების განხორციელების შემდეგ, ომის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ“, _ განაცხადა ზელენსკიმ. მან უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის დასამყარებლად ათი პუნქტი დაასახელა:

1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება;

2. სასურსათო უსაფრთხოება;

3. ენერგეტიკული უსაფრთხოება;

4. ყველა ტყვისა და დეპორტირებულის გათავისუფლება;

5. გაეროს წესდების შესრულება და ტერიტორიული მთლიანობისა და წესრიგის აღდგენა;

6. რუსეთის ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა;

7. სამართლიანობის დაბრუნება;

8. ეკოციდის საწინააღმდეგო ქმედებები;

9. ესკალაციის პრევენცია;

10. ომის დასრულების ფიქსაცია.

ამ პირობებს კრემლში სრულიად მიუღებელი უწოდეს.

კრემლის სპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, ზელენსკის განცხადება „ადასტურებს კიევის პოზიციას, რომ მას არ სურს მოლაპარაკები“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის პასუხი უფრო ვრცელი იყო. მისი თქმით, უკრაინის პირობები მოლაპარაკებების დასაწყებად აშკარად არარეალური და ვითარების არაადეკვატურია“. მან თქვა, რომ კიევი არ უსმენს დასავლეთის რჩევებს, თუმცა თვითონ ლავროვი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რომ ეს რჩევები დაჟინებულია. მან ჭორი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეერთებული შტატები ამზადებს ნიადაგს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის. ამასთანავე, თვითონ სამიტზე ბევრმა უცხოელმა ლიდერმა მოუწუდა მხარეებს ასეთი მოლაპარაკებების დაწყებისკენ; ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ომი უნდა შეწყდეს, რაც შეიძლება, მალე (რაც შეუძლებელია მხარეებს შორის კომპრომისის გარეშე).

უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ პირველმა მოუწოდა სამიტის მასპინძელმა, ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ: „თუ ომი არ დამთავრდება, გაგვიჭირდება წინსვლა… ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მსოფლიო ახალ ცივ ომში ჩაიძიროს“, _ თქვა მან.

შემდეგ გამოვიდნენ ჩინეთისა და საფრანგეთის ლიდერები. სი ძინპინმა და ემანუელ მაკრონმა ბალიში შეხვედრისას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს. სი ძინპინის თქმით, „საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას პირობები ამისთვის (მოლაპარაკებებისთვის უკრაინის შესახებ _ რედ.), ხოლო პეკინი თავისებურად განაგრძობს  კონსტრუქციული როლის შესრულებას“, _ განაცხადა ჩინეთის ხელმძღვანელმა. მაკრონმა, თავის მხრივ, სთხოვა სი ძინპინს, დაებრუნებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან. „აუცილებელია ჩვენი ძალების გაერთიანება, რათა ერთობლივად ვუპასუხოთ მთავარ საერთაშორისო გამოწვევებს. თქვენ ახსენეთ კლიმატის პრობლემა, მაგრამ არის ასევე საერთაშორისო კრიზისები, როგორიცაა საომარი მოქმედებები რუსეთსა და უკრაინას შორის“, _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. რუსეთში მაკრონს უკვე უპასუხეს. ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკების მაგიდას“, _ განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზელენსკი აყენებს პირობებს, რომლებიც მიუღებელია მოსკოვისთვის. პესკოვმა, აგრეთვე, თქვა, რომ “სპეცოპერაცია” დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება (ამაზე ისაუბრა ლავროვმაც ინდონეზიის სამიტზე). ეს ყველაფერი პეკოვის კვალდაკვალ გაიმეორა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ პატრუშევმაც: „რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანები შესრულდება, მიუხედავად დასავლეთის სამხედრო დახმარებისა კიევის რეჟიმისთვის”.

ანუ, რუსეთიდან მოდის ორი გზავნილი:

პირველი _ მოსკოვი არ არის მოლაპარაკებების წინააღმდეგი, მაგრამ უკრაინა შლის მათ მიუღებელი პირობების წამოყენებით; დასავლეთს კი თითქოს სურს მოლაპარაკებები, მაგრამ დიდად არ ზემოქმედებს კიევზე;

მეორე  _ ასეთ პირობებში რუსეთის ფედერაცია განაგრძობს ომს.

 გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here