შეძლებენ თუ არა მოსკოვი და კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას
13 ივლისს სტამბოლში გაიმართა რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს დელეგაციების შეხვედრა. მოლაპარაკებებზე მოსკოვმა წარადგინა მარცვლეულის მიწოდების საკითხის სწრაფად მოგვარების გეგმა. თურქული მხარის განცხადებით, მხარეები მომავალ კვირას მოაწერენ ხელს საბოლოო დოკუმენტს.
სასურსათო კრიზისის მოგვარება შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების სტიმულად იქცეს კიევსა და მოსკოვს შორის, _ განუცხადეს გაზეთ “იზვეტიას” რუსეთის პარლამენტში სტამბოლში მარცვლეულის ექსპორტის შესახებ გამართული შეხვედრის შედეგების კომენტირებისას. მაგრამ შესაძლო დიალოგის წარმატებაზე ლაპარაკი დამოკიდებულია უკრაინის უნარზე, შეასრულოს რუსეთის მოთხოვნები.
მარცვლეულის საკითხი
24 თებერვლის შემდეგ უკრაინის პორტებში მარცვლეული დაგროვდა. გაეროს მონაცემებით, უკრაინიდან გასაგზავნია 4,5 მლნ ტონა პროდუქტი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ 20 მლნ ტონა მარცვლეული ბლოკირებულია, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი კი 25 მლნ ტონაზე ლაპარაკობს. დასავლელი პოლიტიკოსების მტკიცებით, რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გატანას, მოსკოვი კი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, უკრაინამ თვითონ დანაღმა პორტები, რომლებიდანაც მარცვლეული უნდა გაეტანა.
სასურსათო კრიზისის განსახილველად სტამბოლში ჩავიდნენ რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის სამხედრო დელეგაციები, აგრეთვე, გაეროს წარმომადგენლები. შეხვედრის წინ კიევში განაცხადეს, რომ მხარეები “ორ ნაბიჯზე იმყოფებიან” მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებამდე. კრემლში კი განაცხადეს, რომ მუშაობა მიმდინარეობს სამხედროების ხაზით. მოლაპარაკებების შედეგები დადებითად შეაფასა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა, რომელმაც განაცხადა, რომ “იმედის სხივი” გამოჩნდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მისი ორგანიზებით მომავალ კვირას მხარეები საბოლოო დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
მოლაპარაკებები პრესისთვის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის მხარეს განზრახული აქვს, შავი ზღვის განაღმვის პროცესის გარანტორად გამოვიდეს და შექმნას უსაფრთხოების დერეფანი.
სამშვიდობო მოლაპარაკებები
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში იმედოვნებენ, რომ მხარეები, რაც შეიძლება სწრაფად მოილაპარაკებენ მარცვლეულის გატანის საკითხზე, ამასთანავე, განცხადებები, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება მარცვლეულის ექსპორტს, სინამდვილეს არ შეესაბამება.
“რუსეთი თანამიმდევრულად იკავებს ჰუმანურ პოზიციას მარცვლეულის მიწოდებაზე. ეს პოზიცია ცნობილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ჩვენ გვსურს კრიზისის აცილება მსოფლიო ბაზარზე. ვიმედოვნებ, რომ სხვა მხარეებიც არ შეიცვლიან პოზიციას და ჩვენთან ერთად მიაღწევენ აუცილებელ შეთანხმებას”, _ განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არტემ კირიანოვმა.
სტამბოლის შეხვედრამ დააახლოვა მხარეთა პოზიციები, მაგრამ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ ეს პროცესი შეაფერხა.
“მარცვლეულის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების სტიმულად იქცა, მაგრამ ამისთვის კიევი მზად უნდა იყოს”, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ივანე აბრამოვმა.
მოსკოვისა და კიევის ახალ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეიძლება თეირანში დანიშნულ შეხვედრაზე იმსჯელონ, _ განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა არტემ კირიანოვმა და დასძინა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის შესაწყვეტად უნდა შესრულდეს რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები. ჯერჯერობით კი კიევი ეყრდნობა დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს და თავს არიდებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას. ამის მიუხედავად, მოსკოვი მზად არის შეხვედრების გასაახლებლად, რათა მოხდეს შეთანხმება.
ამჟამად უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პროცესი შეჩერებულია. ბოლოს ამ ქვეყნების დელეგაციები ამა წლის მარტში თურქეთში შეხვდნენ ერთმანეთს.
გიორგი გაჩეჩილაძე