Home სხვადასხვა დაიჯესტი Foreign Police: პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ

Foreign Police: პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ

დონალდ ტრამპი

სირია. ორი ლიდერის სატელეფონო საუბარი მოულოდნელი არ ყოფილა. მას ელოდებოდნენ თუნდაც უცნაური და დღემდე გაგრძელებული საგის გამო, რომ რუსეთმა ჰაკერების ოპერაციის დახმარებით გავლენა იქონია აშშში საპრეზიდენტო კამპანიაზე, რომელმაც ტრამპის არჩევას ხელი შეუწყო. თეთრი სახლისა და კრემლის კომენტარები ამ შეხვედრის თაობაზე საინტერესოა არა მხოლოდ იმით, რაც ითქვა, არამედ იმითაც, რაც არ თქმულა.

თეთრი სახლის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ “უბედურება სირიაში ზედმეტად დიდხანს გრძელდება”. მათ განიხილეს ამ ქვეყანაში “უსაფრთხოებისა და დეესკალაციის ზონების შექმნის” საკითხი, რათა შეუმსუბუქონ ცხოვრება მშვიდობიან მოსახლეობას. თეთრმა სახლმა, აგრეთვე, გამოაცხადა, რომ გააგზავნის თავის წარმომადგენელს ასტანაში სირიის სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად (ეს მოლაპარაკება, რომლის სპონსორები არიან რუსეთი, ირანი და თურქეთი, გასულ კვირაში გაიმართა და, მიუხედავად იმისა, რომ სირიის შეიარაღებულმა ოპოზიციამ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა სირიის ექვს რაიონში).

ჩრდილოეთ კორეა. ეს ქვეყანა ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში მისთვის ყველაზე მწვავე პრობლემად იქცა იმის გამო, რომ ჯიუტად აგრძელებს ბირთვული იარაღის შექმნისა და რაკეტების გაშვების გამოცდის თავის პროგრამას, ტრამპის მრავალი და მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად. რუსეთის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კრემლმა მოუწოდა თავშეკავებისა და დაძაბულობის შენელებისკენ, ხაზი გაუსვა პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას. თეთრი სახლის პრესრელიზში ჩრდილოეთ კორეა ასევე არის ნახსენები, მაგრამ მხოლოდ ერთი წინადადებით: “დაბოლოს, მათ ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ძალიან საშიში სიტუაცია ჩრდილოეთ კორეაში”. მთავარი მაშველი რგოლი, ჩრდილოეთ კორეისთვის, რომელიც გარე სამყაროსთან დაკავშირების საშუალებას აძლევს, არის ჩინეთი. მას კი ეკონომიკური კავშირი აქვს რუსეთთან, რომელსაც ყველაზე მეგობრულ მოკავშირეს უწოდებს.

ეს ყველაფერი გვაცნობეს.

ახლა, რაზეც არაფერი უთქვამთ:

უკრაინა. ფრიად ნიშანდობლივია, რომ თეთრი სახლისა და კრემლის განცხადებებში სატელეფონო საუბრის შესახებ უკრაინაზე არაფერია ნათქვამი. რუსეთის “შეჭრა” აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის “უკანონო ანექსია”, რომელმაც გამოიწვია მოსკოვის წინააღმდეგ ამერიკისა და ევროპის სანქციების დაწესება, უაღრესად მტკივნეული თემაა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობაში.

ის, რომ თეთრი სახლის პრესრელიზში არაფერია ნათქვამი უკრაინის შესახებ, შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს: სავარაუდოა, რომ ტრამპი სირიასა და ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობას უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევს ან ადმინისტრაციას (რომელსაც არაერთხელ დავუეჭვებივართ უკრაინისადმი აშშ-ის ერთგულებაში) ამ საკითხის უკანა პლანზე გადაწევა სურს, რათა მოსკოვის მხრიდან უფრო მეტ თანხმობასა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას მიაღწიოს.

ყველაფერი, რაც ადამიანის უფლებებს ეხება. იყო სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, რომლებიც მჭევრმეტყველურ მინიშნებად აკლდა მოლაპარაკების დღის წესრიგს. ეს არის რუსეთის ე.წ. ჩარევა არჩევნებში, ჩეჩნეთში გეების სავარაუდო გატაცება და მკვლელობა, გეების უფლებათა დაცვისთვის სანკტ-პეტერბურგში გამართული დემონსტრაციის დაშლა, შეკრების თავისუფლება, ასევე რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ამ საკითხებზე, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაციამ დუმილი არჩია.

დასავლეთის ღირებულებების დასაცავად, რომლებიც იანვრამდე ვაშინგტონის სავიზიტო ბარათი იყო, თავი გამოიდო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელმაც ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საკითხი დააყენა პუტინთან შეხვედრისას, რომელიც გასული კვირის სამშაბათს სოჭში გაიმართა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here