2020 წელს აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 16%-ს მიაღწევს, 2021 წელს კი გაცილებით მეტი იქნება და ეს გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს
2021 წლის ბოლოს დოლარი შეიძლება 35%-ით ჩამოიშალოს. ამის შემდეგ ამერიკული ვალუტის გაუმართლებელი პრივილეგიების აღსასრული დადგება, _ წერს პრესტიჟული ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი.
ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში საფრანგეთის იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრი და მომავალი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ’ესტენი ამბობდა, რომ ვაშინგტონი არაკეთილსინდისიერად იყენებს თავის მდგომარეობას, როცა ქვეყანაში სხვის ხარჯზე უზრუნველყოფს ცხოვრების მაღალ დონეს. დ’ესტენმა ამას უსამართლობა უწოდა და აშშ-ს მოუწოდა, ბოლო მოეღო ამ ვითარებისთვის. ამჟამად არსებობს ალბათობა, რომ მისი მოწოდება მალე ასრულდება.
აშშ-ში კატასტროფულად მცირდება შიდა დანაზოგები, რომლებსაც ერთვის საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი.
თუ 1960-დან 2005 წლამდე აშშ-ში სუფთა დანაზოგების დონე 7%-ს შეადგენდა, 2011-2019 წლებში ის 2,9%-მდე შემცირდა. ამჟამად კი ეს მაჩვენებელი, უბრალოდ, არ არსებობს. ბიუჯეტის დეფიციტის მატებასთან ერთად, მატულობს საფინანსო წნეხი და მწვავდება ეკონომიკური პრობლემები. 2020 წელს აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 16%-ს მიაღწევს, 2021 წელს კი გაცილებით მეტი იქნება და ეს გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს აშშ-ში. ამის შემდეგ დოლარი დაკარგავს განსაკუთრებულ მდგომარეობას მსოფლიოში. აშშ-ში ფინანსური მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდება 2020 წლის დასაწყისიდან. ამჟამად დოლარი მეტისმეტად პრივილეგიური ვალუტაა და ეს მასზე ცუდად მოქმედებს. დოლარი ყოველთვის სარგებლობდა იმით, რომ უალტერნატივო ვალუტა იყო, მაგრამ ამჟამად მას ევრო, იუანი, ოქრო და კრიპტოვალუტა დიდ მეტოქეობას უწევს, ამიტომ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დოლარი ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება.
topcor.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ