თავის დროზე დიდი ილია დარდობდა, რომ იმ პერიოდში არსებული სასწავლო პროგრამები ახალგაზრდების სწავლების საქმეს ვნებდა, რადგან “ეს პროგრამები არ შეესაბამება არც პედაგოგიურს მოთხოვნილებას, არც აქაურს ვითარებას და არც ბავშვის ძალ–ღონეზედ არის დაფუძნებული”-ო. ჩვენც ეს თავისტკივილი გვაქვს დღეს. მას ისიც ემატება, რომ მშობლიური ენის შესწავლა მეორეხარისხოვანი გახდა და შედეგსაც ვიმკით _ სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში მოგვიმრავლდნენ ჩიქორთული ქართულით “შეიარაღებული” პედაგოგები, პრესასა თუ ტელევიზიებში _ ჟურნალისტები…
თუმცა აქა–იქ თითო–ოროლა ადამიანი თუ წუხს ამის გამო, გამოთქვამს სამართლიან გულისწყრომას და ფიქრობს: ერთი ამათ თავებში ჩამახედაო. იმედი ვიქონიოთ, მათი ხმა დიდხანს არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა და მალე ქართულ ენას ბევრად მეტი ქომაგი გამოუჩნდება.
* ეს ჩვენი ვაიპოლიტიკოსები ხალხს წარამარა ეუბნებიან: დასამალი არაფერი გვაქვს, გახსნილები ვართო.
მერე ჟურნალისტებიც იმეორებენ თუთიყუშებივით და პირდაპირი თუ არაპირდაპირი ეთერიდან აფრქვევენ ამ სისულელეს.
რატომაა სისულელე?
ჩავიხედოთ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში: გახსნილი არის, რაც გახსნეს. ეს შეიძლება იყოს წერილი, ნასკვი, კოლოფი, კრება… ფქვილიც კი შეიძლება გაიხსნას წყალში და ა. შ.
ადამიანის “გახსნას” კი ქირურგი სჭირდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სხვა გზა არ რჩება მედიცინას ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად.
ასე რომ, გახსნილები კი არ ხართ (ღმერთმა დაგიფაროთ!), ბატონო და ქალბატონო, არამედ
გულწრფელი, გულგახსნილი, გულახდილი…
ამიტომ ასე უნდა თქვათ და წეროთ: გულწრფელი ვარ, გულახდილი ვარ…
* საკმაოდ გავრცელებული ფრაზაა “მივლინებაში ვარ”.
ეს ქართული ასოებით დაწერილი არაქართული წინადადებაა. სადაც არ უნდა იყოთ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში თუ საზღვარგარეთ _ ქუთაისში თუ სტრასბურგში, იქ მივლინებაში კი არ ხართ, არამედ მივლინებული ბრძანდებით.
დ ა ი მ ა ხ ს ო ვ რ ე თ!
* იმავეს თქმა შეიძლება ფრაზაზე “დამნაშავე მიმალვაში იმყოფება”. დამნაშავე “მიმალვაში” კი არ არის, ქართველო, არამედ იმალება, პოლიციამ რომ ვერ იპოვოს; დამალულია ტყეში, ღრეში თუ უცხო ქვეყანაში (და არავითარ შემთხვევაში _ მიმალვაში).
ამიტომ სწორია: დამნაშავე დამალულია, ან მიმალულია, ან იმალება…
* ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი…
გაიგე ახლა, რა მდგომარეობა აქვს ამ კაცს:
რა დალია: ლუდი, არაყი, ღვინო, ვისკი, ტეკილა, რომი თუ ლიმონათი…
მერე _ რამდენი დალია: ფიალებს ან ყანწებს ატრიალებდა თუ ჭიქით წრუპავდა ცოტ-ცოტას.
ამიტომ ვერც იმას გაიგებ, როგორი მთვრალია: შეზარხოშებული, გალეშილი, გამობენტერებული, გამობრუჟული, შექეიფიანებული, შეჭიკჭიკებული თუ, უბრალოდ, გადაკრულშია…
რა მდიდარი ყოფილა, არა, ქართული ენა? ეს ქართული მარგალიტები, თითოეული ეს ჯადოსნური სიტყვა გარკვევით გიხსნის ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცის მდგომარეობას:
შეზარხოშებული თუა, ცოტა დაულევია; გალეშილი თუა, ფეხზე დადგომის თავიც აღარ აქვს; გამობენტერებული თუა, ჭკუა აღარ ეკითხება; გამობრუჟული თუა, ბევრად არ ჩამოუვარდება გამობენტერებულს; შექეიფიანებული თუა, იმდენი დაულევია, კარგ გუნებაზე დამდგარა _ ქეიფისა და დროსტარების; შეჭიკჭიკებული თუა, იმდენი დაულევია, ლაპარაკის საღერღელი აშლია მხოლოდ; გადაკრულში თუა, შეიძლება ვერც შეამჩნიოს კაცმა, საერთოდ დალია თუ არა…
დალოცვილი ქართული!
შენ კი გაიძახი: ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაციო…
ეს ოთხსიტყვიანი წინადადება თითქმის არაფერს გვეუბნება, ოთხი ქართული სიტყვა უაზროდ დუმს და არაფრისმთქმელია, მხოლოდ ათას საფიქრალ-სადავიდარაბოს გვიჩენს.
მაშ, რად გვინდა ასეთი წინადადება?!
თანაც „ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი“ უაზრო კალკია, რუსული ენიდან გადმოჯახირებული თარგმანი.
ქართულად ასე ითქმის და იწერება:
ნასვამი კაცი.
* უხერხულში ვვარდებიო…
„ჯანდაბაში ვარდები“ როგორ ვკადრო ამის მთქმელსა და დამწერს, სინდისი არ მაძლევს ამის უფლებას, თორემ კი არის ღირსი, ქართულს რომ იგდებს აბუჩად, იმიტომ!
უხერხულში ჩავარდნას ორმოში ჩავარდნა არ სჯობს?!
ორმოში თუ ჩავარდები, გეცოდინება მაინც, სად ჩავარდი; სხვა ბევრ რამეშიც შეიძლება ჩავარდნა, რაც კონკრეტულ საგანს წარმოადგენს და ნივთიერი სახე აქვს, მაგრამ უხერხულში?!..
უხერხულში ჩავარდნა არ შეიძლება!
ამიტომ, უხერხულში ჩასავარდნად ტყუილუბრალოდ რომ არ გავსარჯოთ ზოგიერთი ჩვენი მოქართულე, უნდა ვთქვათ და ვწეროთ:
უხერხულად ვგრძნობ თავს
ან
მეუხერხულება.
ასე არ ჯობია?
არსად ჩავარდნა არ დაგჭირდება და არც ჩავარდნილის ამოყვანა იქნება საჭირო.
* კითხვა–პასუხის რეჟიმი კამათში გადაიზარდა.
არც ეს წინადადება ვარგა!
ამის დამწერმა ქართული არ იცის.
ჯერ ერთი, „კითხვა-პასუხის რეჟიმი“ რა ქართულია?!
ქვეყანაში შეიძლება მართლა იყოს რაღაც რეჟიმი, მაგრამ „კითხვა-პასუხის რეჟიმი“?!
არანაირი რეჟიმი არ უნდა ამ, ისედაც საცოდავ, წინადადებას!
მარტო ეს რომ არ ვარგოდეს, კიდევ ჰო, მაგრამ „რეჟიმის“ „გადაზრდა“ კამათში“?!
მაგალითად, ხომ არ შეიძლება, ვთქვათ: დედაბერი ჯადოქარში გადაიზარდა?! სწორია: დედაბერი ჯადოქრად იქცა. ჰოდა, სწორედ ასე კითხვა-პასუხიც შეიძლება იქცეს კამათად. ასე რომ, არაფერი არც გადაზრდილა და არც გადმოზრდილა.
ახლა ამ „რეჟიმს“ რა ვუყოთ, “კამათს” რომ ჩაეკონა და გადაიზარდ-შეეზარდა?! რა თქმა უნდა, ზედმეტია და უნდა მოვაშოროთ.
ქართულად ასე უნდა ვთქვათ და ვწეროთ:
კითხვა–პასუხი (თანდათან) კამათად იქცა.
შინაარსს დაუკვირდით, მეგობრებო, არა მხოლოდ სიტყვის შინაარსს, მთელი წინადადების შინაარსსაც და უხეირო თარგმანი, არაქართული გამონათქვამი აღარ გექნებათ.
* გადაჭედილი დარბაზი.
კი, ბატონო, თუკი რამეა დარბაზზე ზემოდან გადაჭედილი ჩაქუჩით თუU უჩაქუჩოდ, მოკლე თუ გრძელი ლურსმნებით, მაშინ ეს გამოთქმა მართებულია; მაგრამ დარბაზში იმდენი ხალხი თუა, რომ ეტევა და არც ეტევა, მაშინ უნდა ვთქვათ და ვწეროთ: გაჭედილი დარბაზი.
ძალიან სამწუხაროა, რომ ვაიჟურნალისტები (და არა მარტო ისინი!) ისე ლაპარაკობენ და წერენ, რომ არ აზროვნებენ.
რა დიდი საქმე კია, სიტყვის შინაარსს დააკვირდე და ზუსტად გამოხატო შენი ნაფიქრალ-ნააზრევი?!
* საკმაოდ მოიკიდა ფეხი ქართულ მეტყველებაში უცხო სიტყვა „ინციდენტმა“, რომელიც ქართულად უსიამოვნო შემთხვევას, გაუგებრობას, შეხლა–შემოხლას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ მაინც ენას ვიმტვრევთ და ვცდილობთ, ამით ჩვენი განსწავლულობა წარმოვაჩინოთ, ბევრი ამ სიტყვის სწორად წერასაც კი ვერ ახერხებს და ინციდენტის ნაცვლად ინცინდენტს წერს.
თუ ვერ იმახსოვრებ, შე დალოცვილო, ამ უცხო სიტყვას, ქართულად თქვი და დაწერე, მშობლიურ ენაზე განა უფრო ადვილი და გასაგები არ იქნება ყველასთვის?! თუ არ შეგეზარებათ, შეგიძლიათ, გადაშალოთ „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, “უცხო სიტყვათა ლექსიკონი” და დარწმუნდეთ, რომ, რაც დავწერე, სწორია.
არც კანტის ფილოსოფიაა და არც ჰეგელის…
ბარბარიზმებზე მომდევნო წერილში ვისაუბროთ. ამჯერად აქ დავასრულოთ.
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე