უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკომისიის მუქარას “ევროპის ინკვიზიცია” უწოდა.
ევროპული დემოკრატია ავადდება _ ასეთ დიაგნოზს ადგენს ესპანური საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი El Confidencial-ი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბრიუსელი სულ უფრო აქცევს წნეხის ქვეშ უნგრეთს, პოლონეთი შემდეგია”.
“ევროკომისია უკმაყოფილოა უნგრეთში მიღებული კანონით, რომელიც მიმართულია უცხოეთის დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ვიცეპრეზიდენტ ფრანც ტიმერმანის აზრით, “კონსერვატორ ვიქტორ ორბანის მიერ განხორციელებული ღონისძიებები პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლებრივ ნორმებს და, მაშასადამე, ევროკავშირის ფასეულობებს”, _ აღნიშნავს El Confidencial -ის კორესპონდენტი ბრიუსელში მარია ტეხერო მარტინი, _ ტიმერმანმა ჯერ კიდევ წლევანდელ აპრილში, როცა ორბანი ამ კანონის დამუშავებას შეუდგა, გააფრთხილა მადიარების ლიდერი, რომ “ბრიუსელი გულზე ხელდაკრეფილი არ იჯდება და ურბანს ევროკავშირის სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებას მოსთხოვს”. ამ დაბრუნებაში ევროკომისია, რა თქმა უნდა, გულისხმობს უნგრეთის მეთაურის მიერ უარის თქმას კანონზე, რომელიც “იმპორტულ ფულზე” მცხოვრები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხოეთის აგენტის სტატუსის მინიჭებას აწესებს.
“უნგრეთის ახალი ნორმების თანახმად, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში უცხოეთიდან 24 000 ევროსა და მეტსაც იღებს, ამ სტატუსს დაექვემდებარება და მკაცრად იქნება შეზღუდული, _ აღნიშნავს ბრიუსელელი კორესპონდენტი, _ ისინი არა მხოლოდ უნდა დარეგისტრირდეს, როგორც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, არამედ ყველა მათ პუბლიკაციას შესაბამისი დამღა დაედება. შესაბამისი დამღის გარეშე მასალების გამოქვეყნებისთვის ორგანიზაციები სანქციებს დაექვემდებარება”.
ევროკავშირის ხელმძღვანელობის აზრით, აღნიშნული კანონი “აბრკოლებს კაპიტალის გადაადგილებას ევროკავშირის ფარგლებში, რაც ევროკავშირის ოთხი ფუნდამენტური პრინციპიდან ერთის დარღვევას ნიშნავს, აგრეთვე, ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვას, რადგან ორბანი მოითხოვს, რომ არასამთავრობოების ყველა ფინანსური დონორი გაშიფრული უნდა იყოს”.
“ბუდაპეშტს ფიქრისთვის აქვს ერთი თვის ვადა, თუ არ სურს, წარდგეს ევროპული სასამართლოს წინაშე”, _ ასეთ პერსპექტივას უსახავს მარია ტეხერო ვიქტორ ორბანს და დასძენს, რომ “უნგრეთის შემდეგ ევროკომისია პოლონეთით დაინტერესდება, რომელსაც, პარტიის _ “კანონი და სამართლიანობის” _ ვარაუდით, “განზრახული აქვს, მიაღწიოს ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებების უპირატესობას ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე”.
ამ დღეებში ვიქტორ ორბანმა ევროკომისიის მუქარას “ევროპის ინკვიზიცია” უწოდა.